მოდელი და ჩვენი კოლეგა თიკო ნატროშვილი ოჯახური ცხოვრებით ტკბება და ვინაიდან ორსულობის მეხუთე თვეშია, განსაკუთრებული ემოციურობით გამოირჩევა, ტირის ფილმებზე და... პატიოსანი და სანდომიანი სახის მოხუცების დანახვაზე. ამის გამო ქმარი საყვედურობს, მაგრამ თიკოს მაინც ეტირება.
- მეხუთე თვეში ვარ. პრეტენზიული ორსული არ ვარ. ჩვეულებრივზე ემოციური გავხდი, თუმცა ეს ყველა ორსულს ახასიათებს. ორსულობის დასაწყისში შემეცვალა ხასიათი, ცოტა რთული იყო იმის გაცნობიერება, რომ გავთხოვდი და ცხოვრების სხვა რეჟიმში გადავედი. ეს სირთულეები პირველ ბავშვს თურმე ყოველთვის ახლავს, ასე მითხრეს.
- ვის რჩევებს ითვალისწინებ?
- ძალიან კარგი ექიმი მყავს და პირველ რიგში, მის რჩევებს ვითვალისწინებ. საერთოდ, ასეთ დროს ყველა საკუთარ აზრს გახვევს თავს, თუმცა ვცდილობ, მხოლოდ ექიმის რჩევებით ვიმოქმედო.
- დედამთილსა და მამამთილთან ცხოვრობ ისევ? დედამთილი არ გამარაგებს რჩევებით?
- არა, ახლა უკვე ცალკე გადავედით საცხოვრებლად. ძალიან კარგი დედამთილი მყავს, საყვარელი ქალია, შეგნებით უდგება ჩემს მდგომარეობას, განსაკუთრებულ ყურადღებას მაქცევს და ცდილობს, მდგომარეობა შემიმსუბუქოს. როცა განსაკუთრებულ ემოციებს გამოვხატავ, მიხსნის, რომ ეს ყველაფერი ნორმალურია და ემოციებს არ უნდა ავყვე.
- უფრო ემოციური გახდი?
- ძალიან. მაგალითად, როცა სანდომიან ადამიანს შევხედავ, თვალები ცრემლებით მევსება. სათნოსახიან მოხუცს ან პატიოსან ადამიანს რომ დავინახავ, ვტირი.
- სად პოულობ ამდენ პატიოსან ხალხს?
- (იცინის) ჩემი ქმარი მეჩხუბება, რა გატირებს, ამით ამ ხალხს შეურაცხყოფას აყენებ, გეცოდებაო. გარდა ამისა, სულ მეტირება ფილმებზე. ამას წინათ რაღაც ფილმს ვუყურე, მთელი ღამე არ მეძინა. ვცდილობ, ემოციურ ფილმებს არ ვუყურო. როგორც ვხვდები, ორსულის ფიქრები ძალიან დატვირთულია და ყველაფერს გამძაფრებულად აღიქვამს.
- მეუღლე როგორ გიწყობს ხელს?
- გაგა ძალიან მიწყობს ხელს. ჩემი ორსულობის დროს საკუთარ თავთან მარტო არ ვრჩები. ყველაფრის საქმის კურსშია, ექიმთან დამყვება. როგორც მე მაძლევს ექიმი რჩევებს, ასევე გაგას. ნამდვილად არ ეთაკილება, რომ ექიმთან წამომყვეს. გაგას ჩემზე მეტად აქვს გაცნობიერებული, რომ ორსულად ვარ. როცა ემოცია მძლევს, მშვიდად მეუბნება, რომ ჩემი მორიგი ტირილი სწორედ ფეხმძიმობას უკავშირდება.
- მშობიარობაზე დასწრებას არ აპირებს?
- მსგავს საჭიროებას ვერ ვხედავ. გაგასაც არ აქვს, მგონი, ამისი სურვილი.
- ბავშვის სქესი იცი?
- ვიცი, მაგრამ არ დავწეროთ (იღიმება). პირველი ბავშვი რა სქესის იქნება, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, არც გაგასთვის. პირველი სადარდებელი ისაა, რომ ჯანმრთელი იყოს. რასაკვირველია, მამაკაცებს უხარიათ, პირველი ბიჭი რომ ეყოლებათ, თუმცა გოგოც რომ იყოს, გაგას იგივე რეაქცია ექნება. ისე, დამესიზმრა, რომ გოგო მეყოლება, მაგრამ ვიცი, პირიქით მოხდება, რადგან უკუღმა ვარ დაბადებული და ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი უკუღმა ხდება (იცინის). მართლა ასეა. უკუღმა დავიბადე. როდესაც ვდგები, ჯერ მარცხენა ფეხზე ვიცვამ ფეხსაცმელს, მერე მარჯვენაზე. უკუღმა ხდება ყველაფერი-მეთქი, რომ ვამბობ, ცუდს კი არ ვგულისხმობ, უბრალოდ, დაგეგმილად არაფერი ხდება.
- ყველა ქალს და განსაკუთრებით მოდელებს ფიგურის გაფუჭების ეშინიათ, ორსულობის მერე სხეულის ფორმის შეცვლის არ გეშინია?
- რასაკვირველია, სულ ვკითხულობ, გავსუქდი თუ არა, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ მუცელი მაქვს, არ მომიმატია. ქალს თავის მოვლის კულტურა უნდა ჰქონდეს. ბევრი ქალი ვიცი, რომელსაც სამი შვილი გაუჩენია და შესანიშნავ ფორმაშია.
- მაგალითად, სალომე ღვინიაშვილი.
- კი, ბატონო, და არა მარტო სალომე. არსებობს ორსულობის დროს სხეულის მოვლის საშუალებები, რომლებსაც ვიყენებ, ასევე ვიცავ კვების რეჟიმს - არ ვეკარები ცომეულსა და ტკბილეულობას, რომელიც ისედაც არ მიყვარს. თავს ვერ გავიმართლებ, რომ საღამოს არ ვჭამ, გუშინ მაგალითად, თერთმეტ საათზე ვჭამე, თუმცა ტკბილეულს რომ არ ვჭამ, ეს უკვე დიდი პლუსია.
- სამსახურიდან წამოხვედი, დეკრეტში ხარ თუ საერთოდ თავი დაანებე "ფორტუნაში" მუშაობას?
- საერთოდ წამოვედი. ოთხი წელი ვიმუშავე "ფორტუნაში" და პერსპექტივა ვეღარ დავინახე, უსაქმური არც ახლა ვარ, რაღაც პროექტზე ვმუშაობ, ჟურნალისთვის ვწერ, თუმცა განათლება მივიღე და რაღაც ახალი მინდა. ჯერ კიდევ იანვარში ვაპირებდი რადიოდან წამოსვლას, მაგრამ მაშინ ვერ შევასრულე ის პირობა, რომელიც საკუთარ თავთან დავდე. სიმართლე გითხრა, მომწყინდა რუტინული მუშაობა. თავიდან ძალიან კარგი იყო, პირველი ერთი წელი ყველა ჟურნალისტისთვის დიდი გამოცდილების მომტანი იქნებოდა და ასე იყო ჩემთვისაც, თუმცა მერე მოსაწყენი გახდა. ახლა რომ მომინდეს, სტაბილურ სამსახურს ვერ მოვძებნი, რადგან ორსულს არ მიიღებენ. ბავშვს რომ გავაჩენ, მერე დავფიქრდები.
- შეიძლება, ეს ტელევიზია იყოს?
- არ გამოვრიცხავ არაფერს, თუმცა ტელევიზიაში მუშაობა ჩემი იდეფიქსი არასდროს ყოფილა. ჟურნალისტობა მაინცდამაინც ტელევიზიაში მუშაობას არ ნიშნავს.
ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)