შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. მისი თქმით, ცოცხალი ძალა და ტექნიკა სტიქიის ზონაში რჩება პრევენციისთვის, რათა კერების ხელახლა გაღვივება არ მოხდეს.
"აქ ჯერ კიდევ რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს 1000 თანამშრომელი. ასევე რჩება თავდაცვის სამინისტროს ასეული. აქ არიან ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებული 50 თანამშრომელი. ადგილზე რჩება ტექნიკა. ხვალ დილით საქართველოს დატოვებს ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან ჩამოსული დახმარება, ცოცხალი ძალით და სპეცტექნიკით. ზონაში იმყოფება შსს-ს ერთი ვერტმფრენი და ერთი ბელარუსიული. დანარჩენებმა დატოვეს საქართველოს ტერიტორია. ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ამჟამად მიმდინარეობს ნიადაგის დამუშავება. ცოცხალი ძალისა და სპეცტიკის დარჩენაც სტიქიის ზონაში ხდება იქიდან გამომდინარე, რომ მინიმუმდე იყოს იმის რისკები დასული, სადმე რაიმე კერამ არ გაიღვიძოს",- განაცხადა მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, ხანძართან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.
"ეს საქმე რთულად გამოსაძიებელ საქმეთა კატეგორიას მიეკუთვნება, თუმცა გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ნუ გავასწრებთ მოვლენებს",- განაცხადა მღებრიშვილმა.