ახალციხის ტყეში ხანძარს ებრძვიან: სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

ახალციხის ტყეში ხანძარს ებრძვიან: სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

ახალციხის რაიონის სოფელ სვირის ტყეში გუშინ გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში დღეს დილიდან ვერტმფრენი ჩაერთო. ხანძრის ლოკალიზებაზე შსს-ს სასაზღვრო პოლიცის ერთი ვერტმფრენი მუშაობს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ვერტმფრენის გარდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ცოცხალი ძალაც მონაწილეობს. უწყების ცნობით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძრის გავრცელების საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი.

ახალციხის რაიონის სოფელ სვირში ხანძარი გუშინ, 28 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი "112"-დან შევიდა შეტყობინება, რომ ახალციხეში, სოფელ სვირის მიმდებარედ, მთის ფერდობზე, წიწვოვანი ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში, ადგილზე უკვე იმყოფებოდა ათეულობით მეხანძრე-მაშველი.

"შსს-ს მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის მფრინავები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ ხანძრის უმოკლეს დროში ლოკალიზებისთვის. ამ დროისთვის ხანძრის ფართო მასშტაბებზე გავრცელება არ დაფიქსირებულა", - აღნიშნავენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ხანძრის ლოკალიზებას "უახლოეს პერიოდში" ელოდება.

როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს ადგილზე განუცხადა, ხანძრის წიწვოვან ტყეზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მისივე თქმით, ტერიტორია მიუვალია, თუმცა მთელი ღამის განმავლობაში ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა.

"რა ფართობზეა მოდებული ხანძარი, ამას დავადგენთ ცოტა ხანში. გუშინ, დაახლოებით ნახევარ ჰექტრამდე იყო და არ გავრცელებულა. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები. გავაკეთეთ ხელოვნური ავზი, საიდანაც ვერტმფრენი იღებს წყალს. დღეს დილიდან დავამატეთ ცოცხალი ძალა. ერთი სიტყვით, ჩართულია ავიაცია, მუშაობს ცოცხალი ძალა და ტექნიკა და პრობლემები ამ ეტაპზე არ გვაქვს. ხანძრის ლოკალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება," - განაცხადა შს მინისტრმა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია