აბასთუმნის თავზე ცეცხლის ახალი კერაა, რომელიც დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ შორს არის, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მიუვალი ტყეა და გზები პრაქტიკულად იქ არ არის.
"ჩვენ გამოვიძახეთ მძიმე ტექნიკა, რომელიც უახლოეს საათებში ადგილზე იქნება და გზების გაჭრას დაიწყებს, რათა სახანძრო მანქანები ცეცხლის კერამდე მივიდეს. ასევე ჩართულია ცოცხალი ძალა, მეხანძრე-მაშველები ადგილზე არიან, ასევე შემოგვიერთდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა, რომელმაც ბორჯომშიც და ახალციხეშიც მოახდინა ხანძრის კერების ლიკვიდაცია. ეს ადამიანები გადმოვისროლეთ ამ ცხელ წერტილში. მობილიზებულები ვართ, ავიაცია ჯერ კიდევ მუშაობს. ჩვენ დავიტანეთ რუკაზე კოორდინატები და ამ რუკის მიხედვით ვკარნახობთ ვერტმფრენს, თუ სად უნდა დაასხას წყალი, სად არის დაკვამლიანება და ღია კერები", - განაცხადა მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა ფართზეა მოდებული ღია ცეცხლი.
"დიდი დაკვამლიანება არის, შეუძლებელია ფართობის ცალსახაც თქმა თუ რა ფართზეა საუბარი. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ სრული კოორდინაცია კვლავ შსს-ს ყველა დანაყოფს შორის. ვიმედოვნებ, რომ შედეგებს დავდებთ უახლოეს პერიოდში", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ იქნება საჭირო მეზობელი სახელმწიფოების დახმარება, მღებრიშვილმა განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდა, მეგობარი ქვეყნების ჩართულობა ხანძრის ლიკვიდაციაში, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ.
"დაბნელებამდე იმუშავებს ვერტმფრენი, რაც შეეხება ცოცხალ ძალას, მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს ტყეში. ჩვენ ახლა დამატებით ძალებს კიდევ ვაგზავნით იმისათავის, რომ ადგილზე მოახდინონ ცეცხლის ლოკალიზება", - განაცხადა შშ მინისტრმა.
კითხვაზე, ხომ არ გახდება საჭირო ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში ჯარის ჩართვა, მღებრიშვილმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე ჯარის ჩართვის საჭიროება არ არის.
"თუ საჭირო გახდება, აუცილებლად მივმართავთ პრეზიდენტს. ამ ეტაპზე, მე ვფიქრობ, რომ ჯარის ჩართვის საჭიროება არ არის", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
როგორც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე აცხადებს ცოცხალი ძალა უშუალოდ ცეცხლის კერასთან მუშაობს.
"სავარაუდოდ, ხვალ უფრო ნათელი გახდება, თუ რასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა მაჭუტაძემ.
გუბერნატორს ამ ეტაპზე დაზუსტებით უჭირს იმის თქმა, თუ რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.
კითხვაზე, არის თუ არა საკმარისი ერთი ვერტმფრენი, აკაკი მაჭუტაძის განცხადებით, ერთი ვერტმფრენი საკმარისია იმ თვალსაზრისით, რომ რთული რელიეფია.
"ვიწრო ხეობაა და სავარაუდოდ, ხეობიდან ვიდრე ერთი ვერტმფრენი არ გამოვა, მეორეს გაუჭირდება შესვლა, აქედან გამომდინარე, დროის მოცემულობა ერთი და იგივე იქნება", - განაცხადა მაჭუტაძემ.