უსაფრთხოებიდან გამომდინარე მეხანძრე-მაშველებისა და განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ძირითადმა ნაწილმა აბასთუმანში, სტიქიის ზონა დატოვა. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა, ადგილზე რჩებიან მორიგე ჯგუფები.
"დღის ბოლოსთვის ჩვენი მეხანძრე-მაშველების და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ძირითადი ნაწილი ტყიდან გამოგვყავს. მორიგე ჯგუფები მცირე ოდენობით ადგილზე რჩებიან 24-საათიანი მორიგეობისთვის. რელიეფი ძალიან რთულია და ღამე ცოცხალ ძალასაც უჭირს მუშაობა. მიუხედავად ამისა, მაინც ვტოვებთ გარკვეულ ნაწილს, რათა არ მოხდეს ღამე ხანძრის გავრცელება. დამატებითი გზების გაჭრა შეიძლება დაგვჭირდეს. წუხელ 5 კილომეტრამდე გაიჭრა გზა, დღეს კიდევ გაიჭრა გზები. გაჭრილი გზები ხელს შეუშლის ხანძრის გავრცელებას და ასევე ხელს შეუწყობს ტექნიკის შეყვანას ხანძრის კერებამდე",- განაცხადა მღებრიშვილმა.