საგანგებო შტაბი - აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ჩართული იქნება 7 ერთეული საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა

საგანგებო შტაბი - აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ჩართული იქნება 7 ერთეული საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ვარაუდობს, რომ ვერტმფრენების ის რაოდენობა, რაც ხვალისთვის იქნება, აბასთუმანში, ხანძრის ლოკალიზაციისთვის საკმარისი იქნება.

"დღის განმავლობაში ორმა ქართულმა ვერტმფრენმა იმუშავა, შემოგვემატა თურქული თვითმფრინავიც. დღის ბოლოსთვის შემოგვემატა აზერბაიჯანული ვერტმფრენი. ხვალ დილიდან სამუშაოებში ჩაერთვება 2 თურქული ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი. ხვალ დილიდან ახალი ძალებით განვაახლებთ ხანძრის ქრობის პროცესს. ის რაოდენობა ვერტმფრენების რაც ჩამოვთვალე, ამ ხანძრის ლოკალიზებისთვის საკმარისი უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, ირანთანაც გვაქვს მოლაპარაკებები", - განაცხადა მღებრიშვილმა.

ავიაციამ ხილვადობის შეზღუდვის გამო დღეს სამუშაოები შეაჩერა.

როგორც გიორგი მღებრიშვილი ვარაუდობს, ბევრად უფრო ადრე მოხდება აბასთუმნის ტყის ხანძრის ლიკვიდირება, ვიდრე წაღვერში მოხდა. როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აბასთუმნის ხანძრის მასშტაბი წაღვერის ხანძართან შედარებით გაცილებით ნაკლებია.

"სიტუაციას ვაკონტროლებთ. რაიმე განსაკუთრებული აქ არ არის. კიდევ ერთხელ შემიძლია შევადარო ეს ხანძარი წაღვერისა და დაბის ხანძარს. აბასთუმნის ხანძრის მასშტაბები არც შეიძლება რომ ახლოს დავაყენოთ იმ ხანძართან, ბევრად უფრო ნაკლებია. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ ბევრად უფრო მალე მოხდება ამ ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდირება ვიდრე წაღვერში" ,- განაცხადა მღებრიშვილმა.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, შსს-ს განაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს 1000-ზე მეტი თანამშრომელი. გაიჭრა 5 კილომეტრამდე გზა. ხანძრის კერებთან შეყვანილია ათეულობით ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

როგორც საგანგებო შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოებში, გამთენიიდან ჩართულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის, ასევე, კომპანია "თუშეთის" ვერტმფრენები. დღის მეორე ნახევარში, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო უკრაინული თვითმფრინავი და აზერბაიჯანის ვერტმფრენი. საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკვე გადმოკვეთა დახმარების მიზნით გამოგზავნილმა თურქეთის ერთმა ვერტმფრენმა. ხვალ თურქეთის რესპუბლიკა დამატებით კიდევ ერთ ვერტმფრენს და სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავს გამოყოფს.

მათივე ინფორმაციით, საერთო ჯამში, აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ცოცხალ ძალასა და ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკასთან ერთად, ჩართული იქნება 7 ერთეული საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

საგანგებო შტაბი ადგილზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია