2 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა ჩაატარა. ილიას ზუროსის გუნდი თელ-ავივში, B ჯგუფის II ტურის მატჩში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 67:57 დამარცხდა.
თელ-ავივის დარბაზში შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და მეოთხედი საყაიმო ანგარიშით 19:19 დასრულდა. მეორე პერიოდში კი გერმანელები უკეთესად გაისარჯნენ და ტაიმი ხუთქულიანი უპირატესობით მოიგეს (22:17).
მესამე მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, რომელიც საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 2-ქულიანი უპირატესობით მოიგო (16:14). ბოლო პერიოდის წინ გერმანელთა უპირატესობა ანგარიშში 3 ქულამდე დავიდა.
მაგრამ ბოლო ათწუთეული საქართველოს ნაკრებმა კატასტროფულად ჩაატარა, რითაც კარგად ისარგებლეს გერმანელებმა და ევრობასკეტზე ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმეს.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ზაზა ფაჩულია იყო (14 ქულა, 8 მოხსნა), თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 12 ქულა და 6 მოხსნაა. 8-8 ქულა მიითვალეს მაიკლ დიქსონმა და დუდა სანაძემ.
მატჩის გმირი კი უდაოდ დენის შრიოდერი იყო, რომელმაც 23 ქულა ჩაგვიგდო და გერმანელთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.
დღესვე ჩვენს ჯგუფში მოგვიანებით ერთმანეთს უკრაინა-იტალია (19:30 სთ) და ისრაელი-ლიტვა (22:30) ითამაშებენ. საქართველოს ნაკრები კი მორიგ მატჩს უკვე 3 სექტემბერს, უკრაინასთან ჩაატარებს.
ფოტო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია