თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან და თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, ართანასთან მობილიზებული იქნება დამატებითი ძალა - 400 ადამიანის ოდენობით. ასევე, დილიდან განაახლებენ მუშაობას ვერტმფრენები.
"დილიდან მოხდება ამ ძალების განლაგება, ვინაიდან ღამე მუშაობა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შეწყვეტილია. დილით ვერტმფრენების მიერ მოხდება დესანტირება მიუდგომელ ზონებში, ნაწილი კი გამთენიისას დაიძვრება ცეცხლის კერებისკენ. ეს არის რთულად მიღწევადი და ციცაბო ადგილები, სადაც ზურგჩანთით წყლის ატანაც კი პრობლემურია, არათუ სხვა ტექნიკის ატანა, ამიტომ ძირითადად, ბარებით იმუშავებენ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ ხანძარი გუშინ გაჩნდა. შილდაში ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.