"თანაბრად უნდა "ვღადაობდე" როგორც ხელისუფლებაზე, ისე ოპოზიციაზე"

"თანაბრად უნდა "ვღადაობდე" როგორც ხელისუფლებაზე, ისე ოპოზიციაზე"

პროფესიით მათემატიკოსია, თუმცა თავს წარუმატებელ მათემატიკოსად მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ პოპულარულია, არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და თავს ყველაზე კომფორტულად შინ, როგორც თვითონ უწოდებს, "ტკბილ ოჯახში" გრძნობს.

ჩვენი სტუმარია იუმორისტი, გადაცემა "ვანო ჯავახიშვილის შოუს" წამყვანი ვანო ჯავახიშვილი:

- იუმორისტები ცხოვრებაში ძალიან სევდიანები ვართ. ჩვენც ხომ გვაქვს პრობლემები? გადაცემაში ვცდილობ მხიარულად ვაკეთო ჩემი საქმე, მაგრამ ოჯახში ვსერიოზულდები. თითქმის სულ მეძინება. მაგრამ მიყვარს შინ მისვლა, რადგან ცოლ-შვილი მელოდება. ხმამაღლა ვიტყვი, რომ ტკბილი ოჯახი მაქვს.

- შენი შოუ ახლაც ისეთივე პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში, როგორითაც 3 წლის წინ. როგორ ახერხებ ამას?

- თავიდანვე გეზი ავიღე არა კლასიკური, არამედ სატირული იუმორისკენ. განსაკუთრებით რეიტინგულია ჩემი მონოლოგი. გარდა ამისა, ვსაუბრობ პოპულარული ენით. შემიძლია აკადემიურიც ვიყო, მაგრამ არ მინდა.

- როგორც წამყვანს, რა ნაკლი გაქვს?

- მეტყველება არ მივარგა და ვერც ლექსიკის მარაგით დავიკვეხნი. ვცდილობ, ეს ნაკლი გამოვასწორო. სხვათა შორის, გაცილებით ხშირად მაკრიტიკებენ, ვიდრე მაქებენ. თბილისელებს პრეტენზია აქვთ, რომ პროვინციული კილოთი ვსაუბრობ, მაგრამ ამას ხუმრობა ითხოვს. ზოგჯერ შეიძლება ჟარგონიც ვიხმარო. ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ თბილისელებისთვის ხომ არ ვაკეთებთ ამ გადაცემას? იცით, რეგიონებში როგორი პოპულარულები ვართ? ამას წინათ ტყიბულში ღია ცის ქვეშ გვქონდა კონცერტი. 5000-მდე ადამიანი მოვიდა, ავტოგრაფებს გვთხოვდნენ, ზოგიც - ფოტოს გადაღებას. ძლივს შევასწარით თეატრის შენობაში. ერთი ტიპი ფანჯარაზე ამოძვრა და იცი, რა გვთხოვა? ოთო ლომთაძეს უთხარით, ჯგუფ "კენზოში" სათვალე რომ უკეთია, მაჩუქოსო.

- ვანო, მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ნაციონალურ არხად მიიჩნევა, ხელისუფლებაზე და მით უმეტეს, პრეზიდენტ სააკაშვილზე საკმაოდ გაბედულად ხუმრობ.

- ეს ჩემი ახირებაა, გადაცემაში თანაბრად უნდა "ვღადაობდე" როგორც ხელისუფლებაზე, ისე ოპოზიციაზე. ზოგჯერ ზედმეტიც მომდის, მაგრამ უბოროტოდ.

- თუ დაურეკავს რომელიმე განაწყენებულ პოლიტიკოსს და უსაყვედურია?

- არა, მაგრამ მაინც შევიტყობ ხოლმე, თუკი ვინმე განაწყენდა. მაგალითად, შალვა ნათელაშვილი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და რომელსაც იუმორის საოცარი გრძნობა აქვს, ვიცი, რომ ახლა ნაწყენია ჩემზე. ამის გამო ბოლო ხანს მასზე აღარ ვხუმრობ, არ მსურს, ზედმეტად გავაღიზიანო.

- გოგი თოფაძის სლოგანი გადააკეთეთ: "მოვდივარ საქმით, მოგიხსნით ჯადოს!". ეს არ ეწყინა ბატონ გოგის?

- ეს სლოგანი ჩვენმა მემონტაჟემ, ირაკლი ცქიტიშვილმა მოიგონა და თოფაძის ფოტოს მიაწერა. სხვათა შორის, თოფაძე არაჩვეულებრივი რესპონდენტია, თუმცა იუმორის გრძნობა ნაკლებად აქვს.

- საარჩევნო სლოგანებს როგორ შეაფასებ?

- სლოგანი - "გასაკეთებელი კიდევ ბევრია" ყველაზე მეტად მომწონს, რადგან გასაკეთებელი მართლაც ბევრია. ზვიად ძიძიგურის "ბრძოლა დღესვესაც" არა უშავს, მაგრამ მის ნაცვლად რაიმე დაპირება რომ მოეფიქრებინა, აჯობებდა. ალასანიას ცერათითი კი, ხინკალი რომ მოგეწონება დუქანში და მზარეულს ანიშნებ - გემრიელიაო, მაგას ჰგავს.

- "იმ ვანოზე" რას გვეტყვი, საახალწლოდ წამყვანობაც რომ დაუთმე, რაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა მის პიარად მიიჩნია.

- ეს არ იყო ვანო მერაბიშვილის პიარი. მის ნაცვლად დავით ბაქრაძისთვის ან ვინმე სხვა პოლიტიკური ფიგურისთვის რომ დაგვეთმო წამყვანის ადგილი, ნამდვილად პიარი იქნებოდა. მაგრამ მერაბიშვილს ჩემს ყოველ გადაცემაში ვახსენებ.

- ადვილად დაითანხმეთ წამყვანობაზე?

- ამაზე რამდენიმე თვით ადრე დავიწყეთ მუშაობა და საბოლოოდ დავითანხმეთ. როდესაც ჩაწერაზე მოვიდა, გამზადებული სცენარი მივაწოდეთ. გადაიკითხა და ისეთი ხუმრობები ამოიღო, რომლებიც მასზე მაღალი თანამდებობის პირებს ეხებოდა.

- სხვათა შორის, შინაგან საქმეთა მინისტრმა შენი გადაცემა საკმაოდ კარგად წაიყვანა. გაკვეთილებიც ხომ არ ჩაუტარეთ?

- არა, არაფერში გვიმეცადინებია. როგორც კი სტუდიაში შემოვიდა, მივაწოდეთ სცენარი, გადაიკითხა და თქვა, ჩაწერა დავიწყოთო. სხვათა შორის, ეს გადაცემა სიცხიანმა წაიყვანა.

- არ სწყინს "იმ ვანოს", როდესაც მასზე ხუმრობ?

- არა. არაფერი უთქვამს. მივხვდით, რომ მოსწონს ჩვენი გადაცემა და უყურებს მას. ასე რომ არ ყოფილიყო, წამყვანობაზე არც დაგვთანხმდებოდა.

- ვანო, ადრე ამ გადაცემას "ღამის შოუ" ერქვა და დათო გოგიჩაიშვილს მიჰყავდა. თქვენ საკმაოდ უსიამოვნოდ დაშორდით ერთმანეთს. ახლა როგორი ურთიერთობა გაქვს დათოსთან?

- ჩვენ ისე დავშორდით, რომ ძველი ურთიერთობის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება. მართალია, ორივე მხარემ დავუშვით შეცდომები, მაგრამ განხეთქილების მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა. კოლექტივის შუაზე გახლეჩას დათო გოგიჩაიშვილს ვაბრალებ. დათოს დამოკიდებულება ჩვენდამი არაჯანსაღი იყო და ამიტომაც გავიყარეთ.

- მოგწონს დათო გოგიჩაიშვილის პროექტები - "შუა ქალაქი" და "ღამის შოუ"?

- სერიალი კარგია. რაც შეეხება სხვა პროექტებს, ხარვეზები შეიმჩნევა, მაგრამ მათი გამოსწორება შეიძლება.

- ვანო, შენი მეუღლე ერთ-ერთი რეალური შოუს მონაწილეა. კიდევ თუ მისცემ მსგავს პროექტში მონაწილეობის უფლებას?

- თუ ექნება ამის სურვილი, რა პრობლემაა? თუმცა არ მომწონს, როდესაც ქვეყნის სალაპარაკო ხდები, თუნდაც დადებითი თვალსაზრისით. მე ცოტა კომპლექსიანი და მორიდებული ვარ.

- ბავშვი ტელეეკრანზე რომ გხედავს, რას ამბობს?

- ჩემი შვილი 2 წლისაა,  როდესაც ეკრანზე მხედავს, ბაბას მეძახის და ტელევიზორს ეფერება.

- ბოლო ხანს შენს უბანზე, თემქაზე აღარ ხუმრობ...

- იმიტომ, რომ საცხოვრებლად დიღმის მასივში გადავედი. თემქაზე კი ჩემი ძმა დარჩა. მალე დიღმის მასივზეც მოვიგონებ ხუმრობებს.

- საზოგადოებას ძალიან ენატრება შენი და მიშა ანდღულაძის სკეტჩები, სადაც ცოლ-ქმარს, ნანულისა და გურამს ასახიერებდით...

- ამ ამპლუაში თავს მართლაც კარგად ვგრძნობდი, მაგრამ კვლავ რომ გაგვეგრძელებინა ეს სკეტჩები, "ვანოს შოუს" ვეღარ წავიყვანდი. დარწმუნებული ვარ, ყველა ეზოში არსებობს მათი მსგავსი ოჯახური წყვილი, ამიტომაც იყო ასე პოპულარული. გვინდოდა მათი ისტორიების სერიალად გადაღება, მაგრამ გადავიფიქრეთ. ამჟამად გრანდიოზულ პროექტებზე ვმუშაობთ, ერთს მალე შემოგთავაზებთ, მეორეს კი - სექტემბრიდან.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები