აგურის ფილები ყავის მარცვლებით და თქვენი ინიციალებით - ქართული კომპანიის Geonewstyle-ის უნიკალური შეთავაზება

აგურის ფილები ყავის მარცვლებით და თქვენი ინიციალებით - ქართული კომპანიის Geonewstyle-ის უნიკალური შეთავაზება

ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი ფილები ყავის მარცვლებით, ბეწვით, ზღვის კენჭებით ან ნებისმიერი, თქვენთვის სასურველი მასალით - ეს ქართული კომპანიის Geonewstyle-ის ინოვაციაა. კომპანია მომხმარებელს, ასევე, სთავაზობს ექსკლუზიური დიზაინის მოსაპირკეთებელ მასალას, სადაც კლიენტის სურვილისამებრ გამოსახული იქნება სახელი, ლოგო და ინიციალები.

ორ მეგობარს - კახა თუთბერიძესა და რომეო ცინაძეს ბაზარზე არსებულმა ერთფეროვანმა სიტუაციამ უბიძგა ინოვაციური სერვისის დანერგვისკენ. კომპანიის საქმიანობის დეტალების შესახებ მის ერთ-ერთ დამფუძნებელს კახა თუთბერიძეს ვესაუბრეთ.

- გვიამბეთ თქვენი ინოვაციური შეთავაზების შესახებ...

- ჩვენი ბიზნესიდეა ადამიანთა საცხოვრებელი გარემოს გალამაზებას და გამრავალფეროვნებას ისახავს მიზნად. კომპანიის ინოვაციაა დეკორატიული აგურის ჩარჩო, რომელიც იდეალურ გეომეტრიულ ფიგურას წარმოადგენს. მასში შესაძლებელია, ჩაისვას სხვადასხვა სახის მასალები. კერძოდ, ბუნებრივი ქვები, ზღვის კენჭები, ხის ფაქტურა, ყავა, სარკე, მინა, ხელოვნური და ბუნებრივი ტყავი, თექა, ფოსფორის მინარევი (მანათობელი აგური), შუქის ამრეკლი და ნებისმიერი საგანი, რაც მომხმარებელს ენდომება. ინოვაციურია ჩვენი წარმოების ტექნოლოგიაც. აგურები და ფილები მტკიცე და ყინვაგამძლე მასალისაგანაა წარმოებული. სახეობების მიხედვით, ფილების შერჩევა შესაძლებელია როგორც ექსტერიერისათვის, ისე ინტერიერისათვის. ასევე, მომხმარებელს ვთავაზობთ ექსკლუზიური დიზაინის მოსაპირკეთებელ მასალას, სადაც გამოსახული იქნება მათი სახელი, ლოგო და ინიციალები

- სად არის თქვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელი?

- ქართულ ბაზარზე ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომია, თუმცა შეზღუდული რაოდენობით. მისი ყიდვა შესაძლებელია შპს "ნიუ დიზაინში". ჩვენი საქმიანობის მთავარი სირთულე სწორედ ბაზარზე შეღწევაა. სამწუხაროდ, ბევრმა სამშენებლო მარკეტმა უარი თქვა ჩვენი პროდუქტის გაყიდვაზე. მათ საკუთარი იმპორტი აქვთ და შესაბამისად, ორიენტირებული არიან მათ მიერვე შემოტანილი პროდუქციის რეალიზაციაზე.

- როგორია თქვენი საფასო პოლიტიკა?

- ჩვენ ვცდილობთ, მომხმარებელს პროდუქცია მაქსიმალურად ხელსაყრელ ფასად შევთავაზოთ. თუმცა რიგ შემთხვევაში ეს არ გამოდის. ფასი დამოკიდებულია ფილებსა და აგურებში გამოყენებულ მასალაზე. ერთი ფილის (20სმ/5სმ) ფასი იწყება 35 თეთრიდან და 1 500 ლარამდე ადის.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? პროდუქციის საზღვარგარეთ რეალიზაციასაც ხომ არ გეგმავთ?

- ვიმედოვნებთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე ანალოგიურ იმპორტირებულ პროდუქციას სრულად ჩავანაცვლებთ. აქტიურად ვმუშაობთ საზღვარგარეთ გაყიდვების დაწყებაზეც. ამჟამად მუშაობა მიდის რუსეთის, ისრაელისა და აშშ-ის ბაზრებზე ონლაინ გაყიდვების კუთხით. წარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე ბიზნესის ზრდასთან ერთად დიდი რაოდენობით ადამიანებს დავასაქამებთ. მათ შორის კი შშმ პირებიც იქნებიან. პროდუქციის წარმოების დასკვნითი ნაწილი ხელით კეთდება.

- პროდუქცია იმდენად ინოვაციურია, რომ "ბიზნეს დაჯილდოება 2017-ზე" წლის ქართული პროდუქტისა და წლის ინოვაციური ბიზნესის ნომინაციაზეა წარდგენილი. რას შეცვლის დაჯილდოებაში მონაწილეობა/გამარჯვება?

- "ბიზნესდაჯილდოებაში" მონაწილეობის და გამარჯვების შემთხვევაში კომპანია უფრო ცნობადი გახდება. ჩვენს პროდუქტს მომხმარებელთა ფართო წრე გაიცნობს. რაც ჩვენს საქმიანობაზე პირდაპირ აისახება და დაგვეხმარება ჩვენი საბოლოო მიზნის მიღწევაში, რომ ქართულ ბაზარზე სრულად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული პროდუქცია ადგილობრივი ნაწარმით.

ნანა მღებრიშვილი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი