ქართული ანბანი მაისურებზე - სტარტაპი, რომელიც ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს

ქართული ანბანი მაისურებზე  - სტარტაპი, რომელიც ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს

მაისურები და აქსესუარები ქართული ანბანის  გამოსახულებით - ასეთია ახალი ქართული სტარტაპის "ანბანი Anbani" შეთავაზება, რომელიც საკმაოდ დიდ ინტერესსა და გამოხმაურებას იწვევს როგორც ქართველებში, ისე უცხოელებში.

სტარტაპს ორი დამფუძნებელი ჰყავს - 28 წლის ქეთი გეგიძე, რომელიც სახელმწიფო უწყებაში მუშაობს და ყოველთვის უნდოდა შეექმნა რაიმე ახალი და განსხვავებული და 29 წლის თემუკა ლეჟავა, რომელიც 26 წელი იაპონიაში ცხოვრობდა და ახლა სამშობლოში დაბრუნებული ქართული პროდუქტის საზღვრებს გარეთ გატანას ცდილობს.

"გვინდოდა შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც მიმზიდველი იქნებოდა, როგორც ქართველისთვის, ასევე უცხოელისთვის თავისი ქართული მოტივებიდან გამომდინარე.  ამ მიზნით  ერთ-ერთი მთავარი ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია გადავწყვიტეთ უფრო თანამედროვე კუთხით და სხვადასხვა აქსესუარზე ქართული ანბანი დავიტანეთ. ეს ერთგვარ გამოწვევასავით გამოვიდა. მომხმარებელი ინტერესდება როგორ გამოიყურება მისი სახელის ინიციალი. შესაბამისად, ავტომატურად ერთვება ქართული ანბანის უკეთესად აღქმის პროცესში. მაისურებს ხშირად საჩუქრად ყიდულობენ და სხვაც ამ პროცესის მონაწილე ხდება," - განმარტავს სტარტაპერი ქეთი გეგიძე.

ამჟამად სტარტაპი მომხარებელს ტანსაცმლისა და ჩანთების განსხვავებულ ასორტიმენტს სთავაზობს. თუმცა ყველაზე მოთხოვნადია "ანბანის" თავდაპირველი პროდუქტი - მაისური, რომელიც ქართული ასომთავრული და მხედრული ანბანითაა გაფორმებული.

"ანბანის თემა ძალიან აქტუალური გახდა ბოლო ხანებში. თითქოს უფრო დავაფასეთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ჩვენი უნიკალური დამწერლობა განსაკუთრებით ლამაზი და ესთეტიურია. ეს არის ის თემა, რომლითაც შეიძლება დაინტერესდეს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი, განურჩევლად სქესისა და ასაკისა. ძალიან გვიხარია, რომ  ჩვენი მოლოდინი გამართლდა -არაერთხელ შეგვიმჩნევია საზღვრებს გარეთ  უცხოელები ჩვენი მაისურებით,  რაც ძალიან გვახარებს და უფრო მეტ სტიმულს გვმატებს," - აღნიშნავს ქეთი გეგიძე.

"ანბანის" პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე, "ბიბლუსის" რამდენიმე მაღაზიაში. სტარტაპერები სამომავლოდ  საკუთარი ვებგვერდის შექმნასაც აპირებენ, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას  მისცემს, ანბანის დიზაინით მისთვის სასურველი ტანსაცმელი სახლიდან გაუსვლელად შექმნას და შეიძინოს.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: Advan/ედვენი

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი