რამდენიმე დღის წინ ტრაგედია დატრიალდა თიანეთის რაიონის სოფელ ახალსოფელში. პოლიციამ 17 წლის ვალერი აბრამიშვილის მკვლელობის ბრალდებით ბიჭის მამა, 55 წლის ცეზარ აბრამიშვილი დააკავა. მომხდარის დეტალებზე წერს ჟურნალი "გზა", გთავაზობთ ამონარიდებს.
"მიშველეთ, დაჭრილი ვარ", - ამ სიტყვებით გამოვარდა თურმე სახლიდან 17 წლის ახალგაზრდა და ქუჩაში ჩაიკეცა. ბიჭთან ერთად, სახლიდან მამამისიც გამოვარდა ყვირილით, ისიც ყველას ეხვეწებოდა, შვილი გადამირჩინეთო. მეზობლები თავიდან ვერ გაერკვნენ, რა ხდებოდა. ნახეს, ბიჭი სისხლისგან იცლებოდა და "სასწრაფო" გამოიძახეს, შეეცადნენ გადაერჩინათ, მაგრამ უშედეგოდ. დასახმარებლად მოსულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ბიჭი უგონო მდგომარეობაში დახვდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს - სავადმყოფოში მიყვანამდე სისხლისგან დაიცალა. ახალგაზრდას საძილე არტერია ჰქონდა გადაჭრილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული შვილის მკვლელობას არ აღიარებს. გამგებლის წარმომადგენელი ახალსოფელში, გიორგი ჯიმშიტაშვილი ოჯახს დადებითად ახასიათებს. ამბობს,
რომ მომხდარს ძალიან განიცდის:
- მამა-შვილი მარტო ცხოვრობდნენ. 4 წლის ყოფილა ვალერი, როცა დედამისი ოჯახის სარჩენად საქართველოდან საბერძნეთში წავიდა. მას ორი და ჰყავს და მამამ მარტო გაზარდა სამი შვილი.
...მამა-შვილს ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონიათ. პატარა კამათი შეიძლება
იყო, მაგრამ სერიოზული არაფერი. ბოლო დროს ცეზარი სვამდა, მაგრამ არა სისტემატურად. ვერ ვიტყვი, რომ ლოთობდა და ამის გამო იყო კონფლიქტი.
- მეზობლები რას ამბობენ? იმ დღეს ჩხუბის ხმა არ გაუგონიათ?
- მეზობლები ახლოს ცხოვრობენ, ერთი ღობე ყოფთ, მაგრამ ხმაური და ჩხუბი არავის გაუგონია. დაჭრილი ვალერი გამოსულა სახლიდან, მეზობლის ეზოსთან მისულა და უთქვამს, - მიშველეთო, მერე ქუჩაში გასულა და წაქცეულა. შველას ითხოვდა, სხვა არავინ არაფერი იცის. რადგან სახლში მარტო მამა-შვილი იყვნენ, ვალერისთვის უკითხავთ, - მამაშენმა დაგჭრაო? - არა, მიშველეთო და გონება დაკარგა. ეტყობა არ გაამხილა, მამამ რომ დაჭრა. საძილე არტერია ჰქონდა დაზიანებული და სისხლისგან წამებში დაიცალა. ვერავინ გაიგო, რა მოხდა.