თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, საბურთალოს ხაზზე მოძრაობის შეზღუდვა ძაბვის ვარდნასთან დაკავშირებული ხარვეზით მოხდა. მათივე განცხადებით, ადგილზე დროულად გავიდა შესაბამისი ჯგუფი, რომელმაც შეისწავლა შეფერხების მიზეზი და პრობლემა აღმოფხვრა.
მგზავრთა ნაწილის განცხადებით, მოსაცდელ პლატფორმაზე შეინიშნებოდა მცირეოდენი დაკვამლიანება, რის გამოც მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა მათ მეტრო დაატოვებინეს. შეზღუდვა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შეზღუდვა არ შეეხო თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზს.
სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.