სპეციალისტები ზაფხულში ლეიშმანიოზით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენას შემოდგომაზე ვარაუდობენ და მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავენ

სპეციალისტები ზაფხულში ლეიშმანიოზით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენას შემოდგომაზე ვარაუდობენ და მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავენ

ზაფხულის პერიოდში ლეიშმანიოზით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენას სპეციალისტები შემოდგომის ბოლოს ვარაუდობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფექციურ დაავადებათა სამსახურის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა, ლეიშმანიოზის შემთხვევების მატების ტენდენცია ჯერჯერობით არ შეინიშნება, რადგან დაავადებას რამდენიმეთვიანი ინკუბაციის პერიოდი ახასიათებს. ამდენად, სპეციალისტები ზაფხულის პერიოდში ინფიცირების შემთხვევების გამოვლენას ნოემბრის ბოლოდან ელოდებიან.

ზახაშვილის თქმით, ლეიშმანიოზით უმთავრესად ბავშვები ავადდებიან. დაავადება ძლიერი ცხელებით მიმდინარეობს და თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია.

"ბავშვთა ასაკში ეს არის გაურკვეველი ტიპის, უმთავრესად ცხელებით მიმდინარე დაავადება, რომლის დროსაც ხშირად დიაგნოზის დასმა ძნელია. დიაგნოზი მხოლოდ ლაბორატორიული დიაგნოსტიკის საფუძველზე ხდება. ამდენად, ექიმისადმი დროული მიმართვა და გამოკვლევის ჩატარება აუციელებელია. არასწორი მკურნალობისას ცხელების ეპიზოდები მეორდება და ბავშვის მდგომარეობა უარესდება. მოზრდილებში კი შემთხვევები იშვიათად ფიქსირდება", – განაცხადა ზახაშვილმა.

სპეციალისტები მოუწოდებენ მშობლებს, ბავშვებში ცხელებით მიმდინარე დაავადების გამოვლენისთანავე, სწორი დიაგნოსტიკისა და სწორი მკურნალობისთვის ექიმს დროულად მიმართონ. ასეთ შემთხვევაში, სპეციალისტი გაარკვევს რესპირაციულია, ენტერო ვირუსი თუ პარაზიტული დაავადება.

მისივე თქმით, სექტემბერში თბილი ამინდების გამო, ლეიშმანიოზის გადამტანების აქტივობა შესაძლოა თვის ბოლომდე გაგრძელდეს. ასე რომ, დაავადებით ინფიცირების რისკი ჯერ კიდევ არსებობს.

ზახაშვილი მოსახლეობას პროფილაქტიკის მიზნით გადამტანებისგან თავის დაცვისკენ მოუწოდებს.

"ლეიშმანიოზის გადამტანი პატარა მწერები, ფლებოტომუსებია, რომელიც უმთავრესად დაავადებულ ცხოველებს ახვევია. ქალაქის პირობებში ეს არის ძაღლები, რომელთაც დაავადება ვიზუალურადაც ემჩნევათ. კანზე აქვთ მოვერცხლისფრო ქერცლი და ბეწვი ცვივათ. პროფილაქტიკისთვის აუცილებელია ასეთი ძაღლების იმ ტერიტორიიდნ გაყვანა, სადააც ადამიანები, განსაკუთრებით ბავშვები იმყოფებიან. ასევე, საცხოვრებელი სივრცე ფლებოტომუსების შესვლისა და დაკბენისგან მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული", – განაცხადა ზახაშვილმა.

მისივე თქმით, ლეიშმანიოზის შემთხვევები ძირითადად თბილისში და აღმოსავლეთ საქართველოში ფიქსირდება, თუმცა ერთეული შემთხვევები იმერეთშიც გამოვლინდა. 2017 წელს სულ 23 შემთხვევაა რეგისტრირებული, რაც 2016 წელს ინფიცირების შედეგია.

"წლების წინ წელიწადში ლეიშმანიოზის ასეულზე მეტი, 100-დან 180 შემთხვევამდე ფიქსირდებოდა. 2015-16 წლებში – 63-53 შემთხვევა გამოვლინდა. შემთხვევების კლება, სავარაუდოდ, ცხოველთა უკეთესი მოვლის პირობებს უკავშირდება", – აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი