ერთი კაცის მოგონებები თბილისის ომზე: "ქალაქის ცენტრში ომი მიმდინარეობდა, ხალხის ნაწილი კი რუსთაველზე სეირის საყურებლად მოდიოდა"

ერთი კაცის მოგონებები თბილისის ომზე: "ქალაქის ცენტრში ომი მიმდინარეობდა, ხალხის ნაწილი კი რუსთაველზე სეირის საყურებლად მოდიოდა"

რამდენიმე დღის წინ ახლობელთან სტუმრად ვიმყოფებოდი და თბილისელი კაცი, 70 წელს მიტანებული ბატონი ნუგზარი გავიცანი. გვიან საღამოს მასპინძელს ერთად გამოვემშვიდობეთ და სანამ დავშორდებოდით, სუფრასთან დაწყებული საუბარი გავაგრძელეთ...

ბატონმა ნუგზარმა მოულოდნელად 1991 წლის თბილისის ომი გაიხსენა. იმ მოვლენების უშუალო თვითმხილველი გახლდათ და საქართველოს უახლოესი ისტორიის იმ მძიმე დღეების შესახებ არაერთი საინტერესო მოგონება გაიხსენა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორია ერთი კონკრეტული პიროვნების მოგონებებს შეეხება, მასში ჩვენი თანამემამულეების დიდი ნაწილის ფეხზემკიდიაობისა და სხვადასხვა მოვლენების მიმართ ინფანტილურობა ნათლად ჩანს - თბილისის ცენტრში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა და ხალხის დიდი ნაწილი რუსთაველის ქუჩაზე სეირის საყურებლად დადიოდა. იმ მოვლენების შემდეგ 26 წელია გასული და დარწმუნებული ვარ, ადამიანები არ შეცვლილან. ბატონი ნუგზარის მოგონებას კი მისი სიტყვებით შემოგთავაზებთ...

"თბილისის ომს შეიძლება "მთაწმინდის ომი" ეწოდოს, რადგან ქალაქის სხვა რაიონებში ჩვეულებრივი ცხოვრება გრძელდებოდა, ხოლო დეზერტირის ბაზარში გახურებული საახალწლო ვაჭრობა იყო გაჩაღებული და უმრავლესობას ფეხებზე ეკიდა, ომი რით დამთავრდებოდა, - შემიძლია ვთქვა, რომ იგი ჩემს თვალწინ მიმდინარეობდა.

სახლში ვიჯექი და პირველი დღეები განუწყვეტლივ ვადევნებდი თვალს ჩემი ბინის აივნიდან, რომელიც ბესიკის ქუჩას გადაჰყურებს. მაშინ საცხოვრებელ სახლებს არ ესროდნენ. ეს მერე იყო, ტყვიების სეტყვა რომ წამოვიდა და მთავრობის სახლის მიმდებარე არემარეში ერთი შენობა არ დარჩა დაუცხრილავი - ვიღაც ჭკუისკოლოფებმა გადაწყვიტეს, საცეცხლე წერტილები მოეწყოთ მაღალი შენობების სხვენებში, ის კი არ უფიქრიათ, რომ სხვენქვეშ ხალხი ცხოვრობდა და პასუხად წამოსული ტყვიები მარტო სხვენს არ მოხვდებოდა.

მესამე თუ მეოთხე დღეს აივანზე რომ ვიდექი და ბრძოლის ველს გავყურებდი, ტელეფონმა დარეკა და ოთახში შევედი. რომ გამოვბრუნდი, თვალში მომხვდა, რომ აივნის რიკულებზე აკრულ თუნუქში რამდენიმე ნახვრეტია. გამიკვირდა, აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე-მეთქი. ამ დროს ქვემოდან, გაუქმებულ ღვინის სარდაფთან მდგომმა მეზობლებმა მიყვირეს, "შედი, შედი, ისვრიანო". თურმე, ეს ტყვიები მაშინ მოერტყათ, მე რომ ტელეფონზე ვლაპარაკობდი. რამდენიმე გვარდიელი ასულიყო ჩემს სხვენში, და იქიდან აეტეხა სროლა. ეს გვარდიელები კი წავიდნენ, მაგრამ "მოწინააღმდეგემ" უკვე დააფიქსირა საცეცხლე წერტილი ზედ ჩემი აივნის - მეხუთე სართულის თავზე. წამოვიდა, მაგრამ რა წამოვიდა! რაც რკინის ჯამ-ჭურჭელი და ტაფები გვქონდა, სამზარეულოს ფანჯარაზე ავაფარე. არ დარჩა ტაფა, ორი-სამი ნახვრეტი რომ არ ჰქონოდა. რამდენიმე ტყვია მოხვდა მაცივარს, ჭურჭლის კარადას, სურათის ჩარჩოს... ომის შემდეგ ბინაში სამასამდე ნატყვიარი დავითვალე.

აივანზე, სადაც უკვე გასვლა კი არა, ცხვირის გაყოფა არ შეიძლებოდა, მედგა ორი ბოცა - ერთი 20 ლიტრიანი, ღვინის, და მეორე - 10-იანი, ჭაჭის. ახლა კი ეს ბოცები ცეცხლის ხაზზეა. რა ვქნა? თან აივანზე ვერ გავდივარ, თან გული მიკვდება, ყოველ წამს შეიძლება ტყვია მოხვდეს დაუცველ ჭურჭელს. რაღა ინფარქტს მოვუკლივარ, და რაღა - ტყვიას, ვუთხარი ცოლს, ბოცები შიგნით უნდა შემოვიტანო-თქო. ყოველ ხუთ-ათ წუთში ხან კარადაში ერჭობა ტყვია, ხან კედელში. უნდა ვაღიარო, რომ ძირითადად მართლა სხვენს უმიზნებდნენ, და ბევრი ტყვია შპალერის ხაზს ზემოთ იყო მოხვედრილი. დღესაც არ ვიცი, რა სასწაულით გავხოხ-გამოვხოხდი და როგორ გამოვიტანე აივნიდან სამშვიდობოს ჯერ არყის, მერე კი ღვინის ბოცა. ალბათ, ასე გამოჰყავდათ გმირ მეომრებს ტყვიის ზუზუნში დაჭრილი მეგობრები ბრძოლის ველიდან. ორივე მთელი იყო, მხოლოდ ღვინის ბოცას ჰქონდა მორტყმული ტყვია, ისიც მოწნულ სახელურში.

ამ ბინაში გაჩერება აღარ შეიძლებოდა. გავხიზნე ოჯახის წევრები და დავრჩით მე და ძაღლი, რომელსაც თავიდან აკრთობდა სროლის ხმა, მერე კი მიეჩვია, მაგრამ სასეირნოდ ხომ უნდა მეტარებინა?! ავეკვრებოდით ხოლმე კედელს, და ასე კედელ-კედელ მივდიოდით ჭავჭავაძის ქუჩისკენ, მაგრამ რაკი დღითიდღე სროლა სულ უფრო ძლიერდებოდა, სეირნობის დრო აღარ იყო, ძაღლი გაწამდა, დილიდან დილამდე უხდებოდა თმენა.

ჩვენს სხვენს რამდენჯერმე გაუჩნდა ცეცხლი და მეზობლებმა ჩააქრეს. მეხანძრეები აღარ მოდიოდნენ, ვიღაცეები მათაც ესროდნენ, რომ ხანძარი ცოტა ხანს კიდევ გაგრძელებულიყო. სახლში ფანჯრები ჩარჩოებიანად ჩალეწილი მქონდა, აივნის კარი – დაცხრილული. ერთადერთი, გარეთა, მზიდ კედელში ვერ ატანდა ტყვია, და სწორედ ამ კედლის უკან, ოთახის კუთხეში მოვიწყვე ბლინდაჟი - დავიგე იატაკზე ლეიბი, გადმოვიტანე ტელევიზორი და წიგნები, იქამდე - ბოცები. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასასრული. არ ვიცი, ვის როდის ევსება მოთმინების ფიალა, მაგრამ მე მაშინ ამევსო, როცა ორივე ბოცა დაიცალა, და ბინაში ფოფხვით გადაადგილებაც კი საშიში იყო. ერთი, თქვენი ყოფაც ვატირე-მეთქი, დავტოვე ბინა და დროებით დავბრუნდი ჩემს ძველ სახლში - დედაჩემთან.

ავტომატების განუწყვეტელი კაკანის მიუხედავად, მსხვერპლი მაინც მცირე იყო, რადგან არც ერთი მხარე არ ისროდა გამეტებით. ბესიკის კუთხეში, პურის მაღაზიასთან სამი გვარდიელი იდგა, მერე გამოველაპარაკე, გორელები აღმოჩნდნენ. ერთი მათგანი წამით მოსცილდა კედელს, ჩაიმუხლა და ზუბალაშვილების ქუჩის კუთხიდან მთავრობის სახლის მიმართულებით გაუშვა რამდენიმე ჯერი. მოარტყი ვინმეს? – ჰკითხა მეორემ. არა, და - მადლობა ღმერთს, არც აქამდე მომირტყამსო (კიდევ იტყვიან, ქართველები გადავგვარდითო!)

ალბათ, დროთა განმავლობაში დადგინდება ყველაფერი, მაგრამ მთავარი მიზეზი, რომელიც დადგენილია და რომელსაც არავინ არ ახსენებს, ჩვენი ფეხზემკიდიაობა იყო: ომი, რომელმაც კარგა ხნით გადაწყვიტა საქართველოს ბედი, და რომელსაც დღემდე მორცხვად იხსენიებენ თბილისის 1991-92 წლების მოვლენებად, მიმდინარეობდა სულ 2-3 კვადრატულ კილომეტრზე, ზემელიდან სოლოლაკამდე, ხოლო ქალაქის დანარჩენი რაიონების მცხოვრებთა ის მცირე ნაწილი, საახალწლო სუფრის სამზადისში კიდევ რომ შერჩენოდა ინტერესი, სწორედ ზემელამდე მოდიოდა, რომ ენახა, რა ხდებოდა. მოდიოდა სეირის, პირდაპირი მნიშვნელობით აღქმული ომის თეატრის საყურებლად"...

გიორგი გაჩეჩილაძე, სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის

ფოტოები: "კვირის პალიტრის" ხუთტომეულის - "ჩვენი ეპოქა" I ტომიდან