როგორ მოხვდა დახლზე საქართველოს რუქის დაზიანებული სუვენირი - "ბიბლუსის" და მეწარმის კომენტარი

როგორ მოხვდა დახლზე საქართველოს რუქის დაზიანებული სუვენირი - "ბიბლუსის" და მეწარმის კომენტარი

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა საქართველოს რუკის დაზიანებული სუვენირის ფოტოები, რომელსაც აფხაზეთის ნაწილი არ ჰქონდა. ფოტოებს ფეისბუქმომხმარებლების აღშფოთება მოჰყვა. მათი ინფორმაციით, სუვენირი "ბიბლუსის" ერთ-ერთ მაღაზიაში იყიდებოდა, რაც კომპანიის ადმინისტრაციამაც დაადასტურა. "ბიბლუსის" განმარტებით მაღაზიაში სარეალიზაციოდ შემოტანილი სუვენირებიდან ასეთი რამდენიმე ცალი აღმოჩნდა და მხოლოდ ერთ ფილიალში.

როგორც აღმოჩნდა, მაღაზიათა ქსელს სუვენირებით ინდმეწარმე ელმირა მუსაევი ამარაგებს, რომელსაც თბილისში კიდევ რამდენიმე მაღაზიაში შეაქვს აღნიშნული პროდუქცია. იმის გასარკვევად, არის თუ არა აღნიშნული სუვენირი განზრახ "შეპარებული" ბაზარზე, თუ ის ქარხნული წუნია, ჩვენ ორივე მხარეს დავუკავშირდით.

როგორც "ბიბლუსში" განმარტავენ, საკუთარ ქსელში მსგავსი სუვენირის პოვნის შემთხვევაში შესაბამის ზომებს აუცილებლად მიიღებდნენ, თუმცა აღნიშნული რუკის არსებობის შესახებ მათაც სოციალური ქსელით შეიტყვეს. მათივე ინფორმაციით, "ბიბლუსის" მაღაზიებში ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი, მათ შორის საკანცელარიო ნივთები და სუვენირები და შესაძლოა, დაზიანებული სუვენირი მაღაზიაში მიღების დროს მხედველობიდან გამორჩათ.

"ბიბლუსის" დირექტორი, ირაკლი გაგნიძე განმარტავს, რომ სუვენირის მაღაზიაში მოხვედრის ფაქტზე კომპანია შიდა მოკვლევას ატარებს, - "პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება, რათა ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება სამართალდამცავების მხრიდანაც მოხდეს და გაირკვეს, არის თუ არა ეს მიზანმიმართულად განხორციელებულ ქმედება, პირადად მე ასეთ ფაქტს არ გამოვრიცხავ," - განმარტავს გაგნიძე.

მისივე თქმით, კომპანიის ადმინისტრაცია მომხდარი ფაქტით ძალიან შეწუხებულია:

"სამწუხარო ფაქტი მოხდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი შემთხვევა მხოლოდ ერთ ფილიალში, იმ ათასობით და ათიათასობით პროდუქციას შორის დაფიქსირდა, რომლებსაც "ბიბლუსის" თანამშრომლები ყოველდღიურად იღებენ და ქსელში უშვებენ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამას მასშტაბური ხასიათი არ ჰქონია, თუმცა გადამოწმებას მაინც ვახორციელებთ. აღსანიშნავია, რომ ამ მომწოდებლისგან 3 000-ზე მეტი დასახელების პროდუქციას ვიღებთ და ვარკვევთ, რომ რაიმე სხვა ხარვეზებიც არ აღმოჩნდეს, ყოველი შემთხვევისთვის, ამ მომენტში მხოლოდ ერთი ფაქტი ფიქსირდება," - აღნიშნავს "ბიბლუსის" დირექტორი

აღნიშნულთან დაკავშირებით, AMBEBI.GE ინდმეწარმესთან შეეცადა გაერკვია, რეალურად რაშია საქმე, ვინ დაბეჭდა დაზიანებული სუვენირები, რომელიც სკანდალის მიზეზი გახდა.

სუვენირების რეალიზაცია მუსაევების საოჯახო ბიზნესია. თავდაპირველად კომენტარისთვის ინდმეწარმე, გასან მუსაევს დავუკავშირდით, რომელიც გასაუბრებაზე დაგვთანხმდა, თუმცა შემდეგ ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა. მის საცხოვრებელ მისამართზე AMBEBI.GE-ს ჟურნალისტს მუსაევის სიდედრი და სიმამრი დახვდა. გასან მუსაევის სიდედრი, ელვირა მუსაევა აცხადებს, რომ მათ საქართველოს რუქის ფორმის სუვენირების დამზადება, სტამბას დაავალეს, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული, თუმცა სტამბის სახელს არ ასახელებენ და მიზეზს ასე ხსიან:

"სუვენირების დამზადების შეკვეთა ჩემმა სიძემ მისცა, მე არ ვიცი კონკრეტულად რომელი სტამბა იყო, თუმცა არის სამი სტამბა რომელთანაც ვთანამშრომლობთ და სამივე სტამბა საქართველოშია. ჩემი სიძე ახლა საზღვარგარეთაა და ამ დღეებში ბრუნდება საქართველოში. ეს იყო სტამბის შეცდომა და ჩვენ ამაზე პასუხს არ უნდა ვაგებდეთ. სტამბამ არ უნდა იცოდეს გეოგრაფია? ჩვენც ტელევიზიით გავიგეთ ამის შესახებ და როგორც კი ჩემი სიძე დაბრუნდება, გავარკვევთ ამ საკითხს", - აღნიშნავს ელვირა მუსაევა.

კითხვაზე, როგორ ხდება დამზადებული პროდუქციის შემოწმება, რომ ხარვეზები არ გაიპაროს, მუსაევა გვპასხობს, რომ სუვენირები დაფასოებულია, აქვს სპეციალური შეფუთვა და მისი გახსნის უფლება არ აქვთ. აქვე აღნიშნავს, რომ დამზადებულ პრუდუქციაზე პასუხისმგებლობას არა დამკვეთი ან შუამავალი, არამედ ის სტამბა იღებს, რომელიც პროდუქციას ამზადებს.

"ჩვენ მივიღეთ შეფუთული სუვენირები, რომლის გახსნის უფლებაც არ გვაქვს და მივეცით "ბიბლუსს". ეს არის სტამბის შეცდომა და არა ჩვენი, რადგან პასუხისმგებლობა აქვს აღებული სტამბას მოგვაწოდოს სრულყოფილი პროდუქცია. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ უკვე შეფუთულ პროდუქციას ჩვენ ვერ გავხსნით და ვერ შევამოწმებთ", - აცხადებს ელვირა მუსაევა.

AMBEBI.GE ასევე დაინტერესდდა, დაფიქსირდა თუ არა მსგავსი შემთხვევა ადრე და რამდენად არის შესაძლებელი, რომ მსგავსი ხარვეზით დამზადებული სუვენირები, უკვე მოხვდა ტურისტების ხელში. ინდმეწარმე აცხადებს, რომ აქამდე მსგავსი შემთხვევის შესახებ მათთვის არ შეუტყობინებიათ და არც დაწუნებული პროდუქცია დაუბრუნებია უკან ვინმეს, თუმცა აღნიშნავს რომ საქართველოს რუქის ფორმების სუვენირებს, რომლებიც იმავე სტამბებში მზადდება სადაც "ბიბლუსისთვის" განკუთვნლი სუვენირები, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებსა და ტურისტულად აქტიურ ზონებში გზავნიან.

"მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა. ჩვენ ვიღებთ სხვადასხვა კომპანიებიდან შეკვეთებს, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მაღაზიებთან და ვაწვდით მსგავს სუვენირებს. სულ სამ სტამბასთან ვთანამშომლობთ, აქედან ერთი კერძო პირისაა, ორი კი სახელმწიფო სტამბაა" - ამბობს ინდმეწარმე.

AMBEBI.GE ცდილობს გაარკვიოს აღნიშნული სტრამბების დასახელება და მოიძიოს ინფორმაცია, ჰქონდა თუ არა ადგილი საქართველოს არასრული რუქის სუვენირების ბეჭდვას და გავრცელებას ადგილი აქამდე. მოკვლევის შედეგებს მოგვიანებით გავაცნობთ მკითხველს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი