არსებული ინფორმაციით, “ლაგუნა-ვერესთან” ხანძარი დაუდევრობამ გამოიწვია. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ნავთობკომპანია “ფრეგოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორმა მურმან პატარაიამ განუცხადა.
“ამ ავტოგასამართ სადგურზე უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იყო. შესაბამისად, ჩვენმა ოპერატორებმა მაქსიმუმი გააკეთეს, რათა ცეცხლმაქრები გამოეყენებინათ და დაუდევრობით გაჩენილი ხანძარი სახანძროს მოსვლამდე როგორმე შეეჩერებინათ. დაკვამლიანება უკანა ნაწილიდან დაიწყო. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, დაუდევრობითაა გაჩენილი. როგორც ჩანს, რომელიმე მოქალაქემ სიგარეტი მოისროლა. ტერიტორია მთლიანად გამხმარი ბალახითაა დაფარული და აქედან გამომდინარე, ცეცხლი ავტოგასამართი სადგურისკენ წამოვიდა”, - განაცხადა მურმან პატარაიამ.
„ლაგუნა-ვერესთან” ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.