"რუსთავი 2"-ის მომხიბვლელი ტელეწამყვანი გვანცა დარასელია შეყვარებულია. მისი რჩეული მორაგბე ვახო მჭედლიძე გახლავთ. ვახომ სიყვარულის ძაფები ჩეხეთიდან თბილისში გააბა, იყო ინკოგნიტო საჩუქრები, სამსახურში და სახლში გაგზავნილი ასი წითელი ვარდი და ნელ-ნელა ტელეწამყვანის გულიც გალღვა.
- ვახო ძალიან საინტერესოდ გავიცანი. 7 იანვარს, შობას, კლუბ "ტრიუმფში" რუსა მორჩილაძის შემოქმედებით საღამოზე მისი ერთ-ერთი სიმღერა შევასრულე ცოცხალ ბენდთან ერთად. იქ ყოფილა ვახოც. მაშინ მოვწონებივარ და გადაუწყვეტია გავეცანი. იმ საღამოსვე აპირებდა მოსვლას, უნდოდა ჩემთან ეცეკვა, მაგრამ ვერ გაბედა. იმ ღამეს ჩეხეთში გაფრინდა. ჩემი ტელეფონის ნომერი გაუგია და ჩეხეთიდან მომწერა მესიჯი.
- შეგიძლია, მისი პირველი მესიჯის შინაარსი გაგვანდო?
- ძალიან ლამაზი ხარ და თურმე რა კარგად მღერიო, მომწერა. ვკითხე, ვინ ხარ-მეთქი. მას მერე მის ესემესებს აღარ ვპასუხობდი. ვახო მაინც რეკავდა ინტენსიურად. სამსახურში, სახლში მიგზავნიდა ას-ას ვარდს, მართალია, ვარდები ინკოგნიტო თაყვანისმცემლისგან იყო, მაგრამ ზუსტად ვხვდებოდი, რომ მისგან იყო. ასე გავიცანით ერთმანეთი. სხვათა შორის, დღემდე მიკვირს, რატომ დავთანხმდი შეხვედრაზე. როგორც წესი, უცნობებს შეხვედრაზე არ ვთანხმდები.
- მალე დაბრუნდა ვახო ჩეხეთიდან?
- ერთ კვირაში. სამჯერ უარი ვუთხარი შეხვედრაზე. ხან რა მოვიმიზეზე და ხან - რა. ბოლოს მაინც შევხვდი. ჩვენი პირველი შეხვედრა ძალიან სასაცილო იყო. კლუბიდან დამირეკა. მე მოვატყუე, რომ იქ მისვლას ვაპირებდი, მაგრამ ვეღარ მივედი და გადაწყვიტა, თვითონ მოსულიყო იქ, სადაც მე ვიყავი. ეს მოხდა ერთ-ერთ რესტორანთან, სადაც მეგობრებთან ერთად ვიყავი. მთხოვა, ორი წუთით გამოდიო. გავედი, დიდი თაიგულით მოვიდა, მითხრა, მეგობრებიც წამოიყვანე და სადმე წავიდეთო, მე არ წავყევი, ყვავილები გამოვართვი და დავბრუნდი მეგობრებთან. მეორე დღეს შევხვდი დაქალებთან ერთად. მესამე შეხვედრის მერე მოვლენები ისე განვითარდა, ერთი დღეც აღარ გადიოდა, ერთმანეთი არ გვენახა.
- და შენ მიხვდი, რომ ის "ის" იყო...
- ვერ ვიტყვი, რომ ერთი ნახვით მივხვდი ამას, არც ორი და ხუთი ნახვით. ეს გრძნობა ეტაპობრივად, გააზრებულად მოვიდა. ლიბრი გადამეკრა თვალებზე და ბრმად შემიყვარდა-მეთქი, ვერც ამას ვიტყვი.
- რამ მოგხიბლა მასში?
- პირველი, რამაც მომხიბლა, არის კეთილშობილება, რაც მის თვალებშიც ჩანს. ვინც კი გაიცნობს ვახოს, პირველივე ნახვისას დარწმუნდება, რომ უზომოდ კეთილშობილია. მეც დადებითად განვეწყვე მის მიმართ და ალბათ ამიტომაც მომინდა, უფრო ახლოს გამეცნო.
- ვახო რამდენი წლით არის შენზე უფროსი?
- შვიდი წლით.
- რას საქმიანობს?
- ვახო ეკონომისტია, მაგრამ პროფესიით არ მუშაობს. მორაგბეთა კლუბ "აკადემიაში" თამაშობს. ინტენსიურად ვერ ვარჯიშობს, მაგრამ აპირებს დაუბრუნდეს სპორტს.
- როგორ უყურებს შენს საქმიანობას, რა მოთხოვნები აქვს?
- არ მიყვარს მამაკაცები, რომელთაც ყველაფერი მოსწონთ და სრულ თავისუფლებას აძლევენ ქალებს. რაღაც მომენტში მსიამოვნებს კიდეც, როცა მის თხოვნას ვითვალისწინებ და ამით ის ბედნიერია. მაგრამ განსაკუთრებული აკრძალვები არ აქვს, აბსოლუტურად დადებითად არის განწყობილი ჩემი საქმიანობის მიმართ. მან თავიდანვე იცოდა ვისთან იჭერდა საქმეს, რომ მე დილის ხუთ საათზე მიწევს გაღვიძება, ამიტომ მისგან არანაირი წინააღმდეგობა არ შემხვდება. პირიქით, მე ვეცდები, თავის კარიერაში მაქსიმალურად შევუწყო ხელი და ისიც ეცდება, კიდევ უფრო წარმატებული ვიყო.
- ჩაცმის სტილს თუ გიკონტროლებს?
- ხშირად ზრუნავს ჩემს ჩაცმულობაზე. უყვარს, როცა ჩემთვის ტანსაცმელს ყიდულობს, სხვათა შორის, გემოვნებიანია. ალბათ არ ესიამოვნება, ზედმეტად დეკოლტირებული ან გამჭვირვალე კაბა რომ ჩავიცვა, მაგრამ მეც არ მაქვს სურვილი, გამომწვევი ვიყო.
- ახლახან ითამაშე ფილმში "ოცნების ქალაქი", ერთად უყურეთ ამ ფილმს?
- ძალიან ეშინოდა ამ ფილმის ნახვის. "ოცნების ქალაქის" პიარმა ისეთი სახე მიიღო... რადგან შორენა იხდის, ყველას ეგონა, რომ ეროტიკული ფილმია. როცა გადაღებები დაიწყო, ვახოს არ ვიცნობდი. პრემიერაზე არ მოვიდა. მერე ჩუმად წასულა და უნახავს. კმაყოფილი იყო, მომილოცა დებიუტი. მე ყოველთვის კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ, ჩემი თავი არასდროს მომწონს, განსაკუთრებით დიდ ეკრანზე, მაგრამ "ოცნების ქალაქი" იმდენად წარმატებული გამოდგა, მეამაყება, ამ პროექტის ნაწილი რომ ვარ.
- რა ეტაპზეა ახლა შენი და ვახოს ურთიერთობა, დაქორწინებას ხომ არ აპირებთ?
- ძალიან მაგარ ეტაპზეა, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, ოჯახის შექმნასაც ვაპირებთ, მაგრამ ზუსტი თარიღი ჯერ არ დაგვიგეგმავს. სასიამოვნო სიურპრიზები წინ გველის.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)