როგორც თვითონ ამბობს, უზომოდ რომანტიკული, ზოგჯერ ზედმეტად მგრძნობიარე, პასუხისმგებლიანი და კარგი მეგობარია, უყვარს ცხოველები და და მათთან ურთიერთობა სიამოვნებას ანიჭებს..
დრო - მისთვის ცხოვრებაა და არა ფული, ფიქრობს, რომ ამ დროში მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ და რომ ხშირად დროს მაშინ ვამჩნევთ, როცა იგი აღარ გვაქვს...
გაიცანით Intermedia.ge-ს ავტორი - ხატია მუმლაძე
- ხატია, მოგვიყევი თქვენ შესახებ.
- პროფესიით ჟურნალისტი ვარ, შარშან დავამთავრე გორის უნივერსიტეტი, ბავშვობიდან მინდოდა ამ პროფესიაში წარმატებული ვყოფილიყავი, ძირათადად ვწერ, ჩემი საყვარელი საქმე, სწორედ წერაა, ჩემთვის მნიშნნელოვანია, რას ფიქრობს ჩემზე მკითხველი, ამიტომ ვცდილობ წერის დროს მომაბეზრებელი არ ვიყო. მიყვარს პუბლიცისტიკა და მინდა ამ ჟანრში მეტად "გავიზარდო".
- როგორ გახდით ინტერმედიას ავტორი?
- შეიძლება ეს ყველაზე ბანალური მიზეზია, მაგრამ ინტერმედიას ავტორობა სახლში უსაქმოდ ჯდომამ და ერთფეროვნებამ გადამაწყვეტინა, თავიდან ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამდენი წელი გაგრძელდებოდა ამ საიტზე ჩემი ყოფნა. ინტერმედია ჩემთვის ერთგვარი შვება და საკუთარი თავის რეალიზების საშუალება აღმოჩნდა. მაშინ როცა სწავლა უსახსრობის გამო შევწყვიტე, უსამსახუროდ დავრჩი, ინტერმედიას აღმოჩენა დროული იყო ჩემთვის. რაღაც დოზით საკუთარი თავის რწმენა შემმატა, რომ სახლში ჯდომის დროსაც შემეძლო რაღაც შემექმნა. ამით საკუთარ თავს დიდი დახმარება გავუწიე.