ავტორი:

საქართველოში გავრცელებული ყველაზე უჩვეულო ფობიები - თმის, კეთილი ადამიანებისა და მობილურის გარეშე დარჩენის შიში...

საქართველოში გავრცელებული ყველაზე უჩვეულო ფობიები - თმის, კეთილი ადამიანებისა და მობილურის გარეშე დარჩენის შიში...

სპეციალისტები განმარტავენ, რომ ფობია რაიმე სიტუაციის, ობიექტის, საქმიანობის, ადამიანის, ან ცხოველის პანიკური შიშია. ახასიათებს შიშისმომგვრელი ობიექტისგან თავის არიდების გადამეტებული სურვილი. როდესაც ასეთი შიში კონტროლს აღარ ექვემდებარება და ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაში ხელის შემშლელი ხდება, დიაგნოზი ნერვული გადახრის ერთ-ერთი მიმართულებით კეთდება.

არსებობს ყველაზე გავრცელებული ფობიები, როგორიცაა არკანოფობია (ობობის შიში), ოფიდიოფობია (ქვეწარმავლის შიში), კლაუსტროფობია (დახურული სივრცის შიში), ალტაფობია (სიმაღლის შიში), ავიაფობია (ფრენის შიში)... ზოგიერთი ფობია შეიძლება სათავეს იღებდეს წარსულის ტრავმატული გამოცდილებიდან. აღიარებულია, რომ მემკვიდრეობა, გენეტიკა და ტვინის ემოციური წყობა ცხოვრებისეულ ემოციებთან ერთად, სერიოზულ როლს თამაშობს შიშით გამოწვეული დარღვევებისა და ფობიების განვითარებაში.

თუმცა ყველაზე გავრცელებული ფობიების გარდა, არსებობს უცნაური ფობიებიც. თავიდან მეგონა, ასეთი შიშის მქონე ადამიანების მოძებნა გამიჭირდებოდა, გამოკითხვაც კი ჩავატარე. აღმოჩნდა, რომ 20 გამოკითხულიდან 18-ს აწუხებს ესა თუ ის უცნაური ფობია. მაგალითად, ვესაუბრე მამაკაცს, რომელსაც დახურული სივრცის შიში აქვს და ზამთარ-ზაფხულ სახლსა თუ მანქანაში ფანჯარას არ კეტავს. ამასთან, შინ ფანჯარას ფარდაც არ უნდა ფარავდეს. თუ ისე მოხდა, რომ ჩაძინებულს მეუღლემ ფარდა მაინც ჩამოუფარა, ჩემი რესპონდენტი ამას ძილში გრძნობს და ეღვიძება.

ფობიები სიმწვავის მიხედვით განსხვავდება. ზოგს მარტივად შეუძლია თავი აარიდოს შიშის საგანს, ზოგი პანიკაში ვარდება და თავზე კონტროლს კარგავს. ადამიანთა უმრავლესობას ესმის, რომ მათი შიში ირაციონალურია, მაგრამ პანიკური რეაქციის დაძლევა არ შეუძლიათ.

ნინო ოკრიბელაშვილი, ფსიქიატრი, პროფესორი:

"პირველი უცნაური ფობია - ჰიპოკრატეს აქვს აღწერილი და ეს გახლავთ - ფლეიტის ხმის შიში...

ბევრ ადამიანს, მათ შორის, ჯორჯ ვაშინგტონს, ნიკოლაი გოგოლს, ედგარ ალან პოს ერთი რამ აერთიანებდათ - ტაბუფობია, ანუ ცოცხლად დამარხვის შიში, რასაც ისინი იმ მდგომარეობამდე მიჰყავდა, რომ ჩაძინებისაც კი ეშინოდათ. ამიტომ გოგოლი საწოლში არ წვებოდა, იჯდა სავარძელში და თვლემდა...

ჰანს კრისტიან ანდერსენიც გოგოლის მსგავსად, სავარძელში იძინებდა. მანამდე კი წერილს წერდა: "არ მოვმკვდარვარ, მხოლოდ მძინავს". ამით მასთან მიახლოებულ ადამიანს ანიშნებდა, რომ გარდაცვლილი არ იყო. თვით ზიგმუნდ ფროიდს, ფსიქოანალიზის მამას, უამრავი ფობია ჰქონდა. მაგალითად, საოცრად ეშინოდა გვიმრების, ამასთან, იარაღის...

ისეთ ცნობილ ადამიანს, როგორიც რეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკი იყო, კვერცხების ეშინოდა. განსაკუთრებით, მფრინავი და მორბენალი კვერცხებისა. არ ვიცი, სად ნახა ასეთები...

უცნაურმა ფობიებმა ყოველდღიურ ყოფაშიც პოვა ასახვა, მაგალითად, გაჩნდა ნოვოფობია, ეს ახალი ფობიაა, რომელიც ასე ვთარგმნეთ: მობილური ტელეფონის გარეშე დარჩენის შიში.

ნატო დუმბაძე, პროდიუსერი:

"2002 წლის "ნორდოსტის" ტერაქტის შემდეგ შიში დამეწყო, როცა ჩემი შვილები სატელეფონო ზარს არ პასუხობდნენ. ბავშვებს ექსკურსიებზე არ ვუშვებდი. მივდიოდი სკოლაში და ვათვალიერებდი, სად იყო გაზის მილები. ბესლანის ტრაგედიის შემდეგ ბავშვებს სამი თვე სკოლაში არ ვუშვებდი. ძლიერი ტრავმა მივიღე, ყველაფერი გონებაში დაილექა. ფსიქოლოგებმაც ჩათვალეს, რომ ეს ემოციური ტრავმის შედეგი იყო... მაქვს ჭექა-ქუხილის შიშიც. როდესაც ახალი წელი დგება, ვიმალები, რომ არ გავიგონო ფეიერვერკების ხმა. ღამის დადგომის შიში ახალი შეძენილი მაქვს, თუმცა იოლი ფორმით. ეს ხდება მაშინ, როცა ჩემთან შვილიშვილი რჩება. მეშინია, ღამე ცუდად არ გავხდე. ვფიქრობ იმაზე, პატარა ბავშვი, რომელიც ჯერ ტელეფონს ვერ მოიხმარს, როგორ შეატყობინებს ვინმეს და თვითონაც ცუდად არ გახდეს. მოკლედ, შიში შვილებიდან შვილიშვილზე გადამივიდა".

ნინო ოკრიბელაშვილი:

"ჩემს პაციენტს ტრიქოჰობია, ანუ თმის შიში აქვს. 2 წელია ოთახიდან არ გამოსულა და თავი გადაიხოტრა. მასთან სპეციალური თავსაბურავით შედიან.

ერთ-ერთი უცნაური ფობია აბლატოფობიაა, დაბანის შიშს სდევს. ჩემს პაციენტს ეშინოდა, ბანაობისას სასულეში არ გადასცდენოდა წყალი და არ დამხრჩვალიყო.

მაგალითად, შოუმენ გია ჯაჯანიძეს ასეთი უცნაური ფობია აქვს, - კეთილი ადამიანების ეშინია. ამიტომ, ცდილობს, იმ ადამიანებს, ვინც მის მიმართ კეთილ ნებას იჩენს, ვთქვათ სადმე პატიჟებს, რაიმეს ჩუქნის, სურვილი უჩნდება, ეს ფაქტი სიღრმისეულად შეაფასოს, დეტალურად შეისწავლოს, თუ რატომ მოიქცა ის კაცი ასე? რა უნდა მისგან?!

მოკლედ, როგორც ექიმები ამბობენ, ფობიის მკურნალობა რთულია. სხვადასხვა დარგის სპეციალისტი მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობს. ფსიქოანალიტიკოსები თავისუფალი ასოციაციის მეთოდით მკურნალობენ, ფსიქოთერაპევტები უპირატესობას შთაგონებასა და ჰიპნოზს ანიჭებენ, ფსიქიატრები - მედიკამენტური მკურნალობისკენ იხრებიან. ფობიების მკურნალობისთვის ძირითადად ტრანკვილიზატორები გამოიყენება, თუმცა ამ პრეპარატების ხშირი, უსისტემო მიღება დამოკიდებულებას იწვევს, ამიტომ პრეპარატები ზუსტად და ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. ამბობენ, თუ საკუთარი სუნთქვისა და პულსის მართვას ისწავლით, მოდუნებას შეძლებთ, პანიკურ შეტევას თავს დააღწევთ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE