გამოთხოვება კინოწარმოების საბჭოთა სისტემასთან და ახლის ძიება

გამოთხოვება კინოწარმოების საბჭოთა სისტემასთან და ახლის ძიება

მაგდა ანიკაშვილი

კინოწარმოების საბჭოთა სისტემა სახელმწიფოს იდეოლოგიური ინსტრუმენტი იყო. მის მთავარ ფუნქციას საბჭოთა ხელისუფლებისთვის სასურველი ღირებულებების პროპაგანდა წარმოადგენდა. შესაბამისად, ტოტალიტარული სახელმწიფოს კინემატოგრაფის სამოცდაათწლიანი ისტორია მსოფლიო კინოპროცესებისგან იზოლირებულად, ცენზურის ძლიერი წნეხის ქვეშ განვითარდა.

პარტიული ხელმძღვანელობისთვის კინოპროპაგანდა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა. დეკრეტი კინოწარმოების ნაციონალიზაციის შესახებ, სახალხო კომისართა საბჭომ ჯერ კიდევ 1919 წლის 27 აგვისტოს გამოსცა. მას შემდეგ კინოწარმოებისა და გაქირავების სიტემებს, კინოგანათლებასა თუ ინფრასტრუქტურას სრულად სახელმწიფო აკონტროლებდა, ხოლო 27 აგვისტოს კინოს დღე აღინიშნებოდა. მთელ საბჭოთა კავშირში დარგზე პასუხისმგებელი ერთი უწყება - კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტი იყო. მას ექვემდებარებოდა 40-მდე კინოსტუდია რუსეთისა და სხვა საბჭოთა რესპუბლიკების მასშტაბით, მათ შორის, კინოსტუდია "ქართული ფილმი". 20-30-იან წლებში წელიწადში 50-100 ფილმი იქმნებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმოებამ 500 ფილმს მიაღწია, 100-მდე იდეოლოგიურად მისაღებ კინოსურათს სახელმწიფო საზღვარგარეთ ყიდულობდა.

საბჭოთა კინოს "ოქროს ხანად" 60-იანი წლები მიიჩნევა. მუდმივმოქმედი სტაციონარული კინოთეატრების რაოდენობამ 5 ათასს მიაღწია. შეზღუდული რეჟიმით კიდევ 7 ათასზე მეტი მოქმედებდა, რასაც ემატებოდა საზაფხულო (2 000), რაიონული ცენტრების (1100), პროფკავშირებისა და უწყებრივი ჩვენების აპარატები. მთლიანობაში, ქვეყნის მასშტაბით, 100 000-ზე მეტი, სხვადასხვა დანიშნულებისა და აღჭურვილობის კინოსაჩვენებელი დანადგარი არსებობდა.

გაქირავების რეკორდიც 60-იან წლებში დამყარდა. სეანსებზე დასწრებამ 4,5 მილიარდს მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ ყოველი საბჭოთა მოქალაქე კინოში წელიწადში საშუალოდ 20-ჯერ მიდიოდა. 70-იანი წლებიდან, ტელევიზიის ხელმისაწვდომობისა და პოპულარობის ზრდასთან ერთად, ეს მაჩვენებელი შემცირდა და 1987 წლისთვის, წელიწადში 12-13 დასწრება შეადგინა.

ასლების რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას ჩინოვნიკები ყოველი ცალკეული ფილმის იდეოლოგიური მნიშვნელობიდან გამომდინარე იღებდნენ. საშუალო ტირაჟი 600-700 ასლი იყო. თუმცა, განსაკუთრებულად ,,სასარგებლო" ფილმის შემთხვევაში, 1500-2000 აღწევდა. პოლიტიკურად ნაკლებად სასურველი ფილმების ტირაჟი რამდენიმე ათეულს არ აღემატებოდა. საბჭოთა კინოსთვის ორგანული იყო ე.წ. თაროს ცნება. ცენზურა ფილმწარმოების სრულ პროცესს - იდეიდან მონტაჟამდე, ფხიზლად აკონტროლებდა. დასრულებული კინოსურათი ჯერ კიდევ არ ნიშნავდა, რომ მას მაყურებელი ნახავდა. წარუმატებელი ,,ჩაბარების" შემთხვევაში, ფილმი უბრალოდ "თაროზე იდებოდა". არაერთი კინოშედევრი მაყურებელმა რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ნახა. არანაკლებ მკაცრად კონტროლდებოდა საზღვარგარეთული პროდუქცია. საბჭოთა ჩინოვნიკები მსოფლიო კინოჰიტებს პრაქტიკულად ხელახლა ამონტაჟებდნენ.

იხილეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი