2017 წლის მაისში ბაზარზე ახალი ბრენდი - Sole Georgia გამოჩნდა. სტარტაპი ბავშვობის სამმა მეგობარმა, ნინა ქოჩიაშვილმა, ვერო ამირაჯიბმა და მარიკა გეგეშიძემ დააფუძნეს. დღეს უკვე წარმატებული სტარტაპი მომხმარებლებს მაღალი ხარისხის პროდუქციას - პირსახოცებს, პიჟამოებსა და ხალათებს სთავაზობს ინდივიდუალური გრავირებით.
"იდეა სტრატაპის შექმნამდე 2-3 თვით ადრე გაჩნდა. ერთობლივი საქმის წამოწყება ყოველთვის გვინდოდა და საქმიანობის ისეთი სფერო და პროდუქტი შევარჩიეთ, რაც ჩვენ თავად ძალიან მოგვწონდა და ქალაქში ადვილად ხელმისაწვდომი არ იყო. ჩვენი პროდუქცია, პირველ რიგში, ხარისხით გამოირჩევა. მას უნიკალურს ხდის ულამაზესი ფერების არჩევანი, მათი სხვადასხვა კომბინაცია და ინდივიდუალიზმი, რაც გულისხმობს გრავირებას მომხმარებლის სურვილის შესაბამისად," - განმარტავს სტარტაპერი ვერო ამირაჯიბი.
სტარტაპი მომხმარებელს სთავაზობს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის აბრეშუმის, პირსახოცის ხალათებსა და პიჟამოებს. ახალ ხაზში კი წარმოდგენილია საოჯახო პროდუქცია: საწოლის გადასაფარებლები, წინსაფრები და სამზარეულოს სხვა აქსესუარები.
"თავდაპირველად ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა საბავშვო კოლექცია, რასაც ოჯახის დანარჩენი წევრების მხრიდანაც დიდი დაინტერესება მოჰყვა. ჩვენდა გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ქალები კი არ ზრუნავენ მამაკაცებზე, არამედ მამაკაცები თავად ირჩევენ სასურველ პიჟამოსა და ხალათებს. ასევე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქორწინო ხაზს," - ამბობს ნინა ქოჩიაშვილი.
"სოლე ჯორჯია" მომხმარებელს პროდუქციის საკმაოდ ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. ნებისმიერი გემოვნებისა თუ შემოსავლის მქონე ადამიანი შეძლებს საკუთარი მოთხოვნების შესაბამისი პროდუქციის შერჩევას. სასაჩუქრე შეფუთვა კი პროდუქციას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.
"დაინტერესება საკმაოდ დიდი აღმოჩნდა და სტარტაპი სწრაფად ვითარდება. ნებისმიერ ახალ წამოწყებას და საქმიანობას სჭირდება ფინანსური მხარდაჭერა. როდესაც შევიტყვეთ პროექტ "თიბისი სტარტაპერის" შესახებ, ბევრი აღარ გვიფიქრია, ჩავთვალეთ, რომ ეს პროგრამა ჩვენი საქმიანობის განვითარებასა და სწრაფი შედეგის მიღწევაში დაგვეხმარებოდა. სტარტაპ სესხით მოგვეცა საშუალება მომხმარებლისთვის შეგვექმნა მეტი კომფორტი და გაგვეკეთებინა შოურუმი, რაც ჩვენს პროდუქციას უფრო ხელმისაწვდომს, ხდის," - განმარტავს მარიკა გეგეშიძე.


ნანიკო მღებრიშვილი