სურსათის ეროვნული სააგენტო - აზიური ფაროსანას პოტენციური გადამტანი ის სატრანსპორტო საშუალებებია, რომელიც დასავლეთიდან თბილისში შემოდის

სურსათის ეროვნული სააგენტო - აზიური ფაროსანას პოტენციური გადამტანი ის სატრანსპორტო საშუალებებია, რომელიც დასავლეთიდან თბილისში შემოდის

აზიური ფაროსანას დასავლეთ საქართველოდან თბილისში გადმოტანის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, სატრანსპორტო საშუალებები იყოს. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყველა მავნე ორგანიზმის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი გზა სატრანსპორტო საშუალებებია.

"ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დასავლეთ საქართველოდან თბილისში შემოდის, პოტენციური გადამტანია. რაოდენობა რა თქმა უნდა ის არაა, რაც დასავლეთ საქართველოში და ამას შემოსევას ვერ დავარქმევთ. თუმცა გარკვეული რაოდენობა არის, რაც შესაბამისი ღონისძიებების გატარებას საჭიროებს. რათა მავნებელი დედაქალაქის სხვა უბნებშიც არ გავრცელდეს", - განაცხადა ლიპარტიამ.

მისივე თქმით, ტემპერატურის დაგდების პარალელურად, გამოსაზამთრებლად ფაროსანა მისთვის კომფორტულ ადგილებში გადადის. კერძოდ, ტყე-პარკებში, პარკებში და საცხოვრებელ სახლებში.

გარემოს დაცვის სააგენტო თბილისის მერიასთან ერთად შესაბამისი ღონისძიებების გატარებას გეგმავს.

ლიპარტიას თქმით, ამ მომენტისათვის ფაროსანა მხოლოდ ვაკის პარკში, ერთ კონკრეტულ ადგილასაა გავრცელებული.

მისი განმარტებით, ეს ადგილი უახლოეს მომავალში შეიწამლება. სამუშაოები სავარაუდოდ ღამის საათებში ჩატარდება, რათა პარკში მისულ დამსვენებლებს რაიმე საფრთხე არ შეექმნათ.

"ცხელ ხაზზე თბილისის სხვადასხვა უბნიდან შემოსული 45 ინფორმაცია შევისწავლეთ და ისინი სხვა სახეობები აღმოჩნდნენ. კერძოდ, კენკროვნების მყრალი ფაროსანა. ეს იგივე მავნებელია, ოღონდ სხვა სახეობის", - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.

სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ფაროსანას სახლში აღმოჩენის შემთხვევაში.

მისი თქმით, ნებადართული მხოლოდ მექანიკური ღონისძიებებია. მაგალითად, მტვერსასრუტის გამოყენება, ქიმიური საშუალებების სახლში გამოყენება კი, მისი განცხადებით, დაუშვებელია.

აქვე მან მოსახლეობას მოუწოდა, გაეცნონ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას მწერთან ბრძოლის მეთოდების შესახებ.

"მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს მწერი არ წარმოადგენს ინფექციური დაავადებების გადამტანს. იგი არ იკბინება, მხოლოდ ალერგიას იწვევს. თუ მას მექანიკურად დავაზიანებთ, სპეციფიურ სუნს უშვებს და კანზე მოხვედრის შემთხვევაში, შეიძლება ალერგია გამოიწვიოს. სხვა საშიშროებას არ წარმოადგენს", - განაცხადა ლიპარტიამ.

მისივე თქმით, აზიური ფაროსანა მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის და ჩრდილოეთ იტალიის თითქმის ყველა ქალაქში მასიური შემოსევაა. თუმცა, ჯერჯერობით მსოფლიოში არ არსებობს პროტოკოლი იმის შესახებ, თუ რა ქიმიური ნივთიერება შეიძლება გამოვიყენოთ სახლის პირობებში საბრძოლველად.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი