"მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები" თქვენს სახლში!

"მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები" თქვენს სახლში!

გამომცემლობა "პალიტრა L"-ი მორიგი უნიკალური პროექტის გამოსაცემად ემზადება - "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები". ამ პროექტის ანალოგი საქართველოში აქამდე არ შექმნილა და ის არა მხოლოდ მსოფლიოს 12 მუზეუმსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულ ხელოვნების ნიმუშებსა თუ ისტორიულ საგანძურზე მოგვითხრობს, გვიამბობს ისტორიას, რომელიც, შესაძლოა, არც კი გსმენიათ და ამასთან, მუზეუმების საშუალებით გიყვებათ სხვადასხვა ქვეყნის მიერ განვლილ გზებზე - როგორ უვლიდნენ ისინი საკუთარ საგანძურს და რატომ წირავდნენ ადამიანები სიცოცხლეს მსოფლიო შედევრების გადასარჩენად. ასე რომ, თუ ხელოვნების ან ისტორიული საგანძურის მოყვარული ხართ, გეგმავთ მსოფლიო მუზეუმების დათვალიერებას ან ვერ ახერხებთ მოგზაურობას, მაგრამ შთამბეჭდავი ისტორიები გხიბლავთ, მოემზადეთ - სერიის პირველი წიგნი ლუვრს ეძღვნება.

პროექტის რედაქტორი თამარ ჟურული­ წიგნიდან რამდენიმე საინტერესო დეტალს გვაცნობს:

- "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები" მართლაც გამორჩეული პროექტია თავისი არსითა და დანიშნულებით. თავადაც, როდესაც პროექტზე მუშაობა დავიწყე, უამრავი ჩემთვის გასაოცარი სიახლე და ისტორია აღმოვაჩინე, რომლისგან მიღებული შთაბეჭდილებაც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმყვებოდა, თანაც, მოგეხსენებათ, ეს იტალიური პროექტია, რომელზეც მსოფლიოში ცნობილი ხელოვნებათმცოდნე დავირიო მუშაობდა და მისი გაცნობისას კარგად იგრძნობა საკითხის ღრმა ცოდნა და ანალიზი. მაგალითად, პირველ წიგნში, რომელიც ლუვრსა და მასში დაცულ ხელოვნების ნიმუშებზე მოგვითხრობს, საუბარია ოთახზეც, რომელიც ამ დრომდე დამთვალიერებლებისთვის არ გახსნილა. გარდა ამისა, თუ გსმენიათ ლუვრის საუკუნის ევაკუაციის შესახებ? წიგნიდან კიდევ ერთ ისტორიას მოგიყვებით: 1933 წელს ლუვრის დირექტორი ჟაკ ჟოჟა გახდა და სწორედ მას უნდა ვუმადლოდეთ, რომ მუზეუმის ექსპონატები ნაცისტებსა და მეორე მსოფლიო ომს გადაურჩა. როდესაც გერმანიამ ავსტრიის ანექსირება მოახდინა, ჟოჟამ იგრძნო, რომ მის მუზეუმსაც საფრთხე ემუქრებოდა. იმ დღეებში იგი თავის დღიურში წერს: "ამ მემკვიდრეობის დაკარგვა ჩვენი სულისა და იდენტობის დაკარგვას ნიშნავს" და ამ აზრით შეძრული ისტორიაში ყველაზე გასაოცარ ევაკუაციას გეგმავს. საქმე დაიწყო ყველაზე სანდო ადამიანების შერჩევით და უზადო ტექნიკის შემუშავებით. ლუვრის ექსპონატებს ჩაუტარდა ინვენტარიზაცია, კატალოგიზაცია და თითოეული სხვადასხვაფრად, ევაკუაციის რიგის მიხედვით მოინიშნა: ყვითლით - ექსპონატთა უმეტესობა, მწვანედ - ძირითადი ნამუშევრები, წითლით - განსაკუთრებით ძვირფასი ქმნილებები. მაგალითად, "ჯოკონდა" სამი წითელი V-თი მონიშნეს.

ათი დღით ადრე, სანამ საფრანგეთი ომში ჩაებმებოდა, 1939 წლის 25 აგვისტოს, ჟოჟამ ლუვრი დახურა "გადაუდებელი სამუშაოებისათვის". სინამდვილეში, მუზეუმის თანამშრომლებისა და სტუდენტებისაგან შემდგარმა მისმა რაზმმა ყუთებში შეფუთა 4 000 ხელოვნების ნიმუში. "ჯოკონდა" სასწრაფო დახმარების მანქანით "გაიპარა", ვერონეზეს "ქორწილი კანაში", შთამბეჭდავი სიდიდის სურათი, დოლურაზე დაახვიეს და სატვირთო მანქანით გადაიტანეს; რუბენსის უზარმაზარი ტილოები და ჟერიკოს "მედუზას ტივი" შეფუთეს, სატვირთო ავტომობილზე განათავსეს და წაიღეს სოფლად, იმ ადგილებში, რომლებიც ჟოჟას უფრო საიმედოდ მიაჩნდა. უკანასკნელი ნიმუში, რომელმაც ლუვრი დატოვა, იყო "ნიკე სამოთრაკიელი". ასეთი საოცარი ისტორიებითაა სავსე ეს სერია და ვფიქრობ, ის ნებისმიერ ოჯახში ნებისმიერი თაობის მკითხველისთვის სამაგიდო წიგნებად იქცევა. მუზეუმების კოლექციასთან ერთად, მასში მთელი ისტორიაა ასახული სხვადასხვა ქვეყნის, რაც მკითხველამდე საოცრად დახვეწილადაა მოტანილი.

ნესტან მაღალაშვილი, პროექტის მენეჯერი: - ყოველ ჯერზე განსაკუთრებით მახარებს და მსიამოვნებს, რომ "პალიტრა L"-ი მუდამ ცდილობს და ვფიქრობ, ახერხებს შესთავაზოს მკითხველს უპრეცედენტოდ საინტერესო პროექტები; პროექტები, რომელიც პრაქტიკულია და ამავე დროს მიმართულია ჩვენი აზროვნების, გემოვნების გასაფართოებლად. საყურადღებოა კიდევ ერთი ასპექტი, რასაც ჩვენი გამომცემლობა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს - ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაცია, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სწორედ ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ ამ სერიაში ერთ-ერთი წიგნია "საქართველოს ეროვნული მუზეუმი"". მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომ ეს წიგნი მათი მონაწილეობით შეიქმნება. მადლობას ვუხდი მათაც, ვინც ამ პროექტზე მუშაობს. ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან.

რუსუდან შელია

sponsored by ContentRoom

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს