ღვინის ხარისხი სამი ძირითადი მახასიათებლით: სისუფთავით, ბალანსითა და ხანგრძლივობით ფასდება. ღვინო სუფთად მაშინ მიიჩნევა, როდესაც თვალში საცემი ნაკლი არა აქვს. ამ შემთხვევაში, სისუფთავის განსაზღვრაში ყნოსვის ორგანო ”ცხვირი” გვეხმარება. თუკი არომატის ერთხელ ჩასუნთქვის შემდეგ, განმეორებით მოგინდება მისი ჩასუნთქვა, ესე იგი სუფთაა. ყველაზე გავრცელებული დეფექტი ”საცობის” სუნია.
ღვინო კარგად არის დაბალანსებული, თუ მისი ყველა კომპონენტი ერთ მთლიანობას ქმნის. ბალანს არღვევს: მომატებული მჟავიანობა, სიტკბო, ტანინი და სპირტის სიჭარბე. ყველა მაღალი ხარისხის ღვინო დაბალანსებული უნდა იყოს იმ დროისთვის, როდესაც მზად არის დასალევად.