რას გამოიწვევს არაჯანსაღი კვება საქართველოს მომავალ თაობებში: "ზრდის შეჩერება, გონებრივი ჩამორჩენა... ბავშვებში საგანგაშო მონაცემებია"

რას გამოიწვევს არაჯანსაღი კვება საქართველოს მომავალ თაობებში: "ზრდის შეჩერება, გონებრივი ჩამორჩენა... ბავშვებში საგანგაშო მონაცემებია"

სასურსათო უსაფრთხოება თანმიმდევრული სოციალური და ეკონომიკური სახელმწიფო პოლიტიკაა, რომლის მიზანია მოსახლეობის ჯანსაღი და მრავალფეროვანი სურსათით უზრუნველყოფა. საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების მთავარი გამოწვევებია - იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება, დაბალი ადგილობრივი წარმოება, ჯანსაღ და მრავალფეროვან საკვებზე მოსახლეობის ფიზიკური და მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემები (განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ფენისა და საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ოჯახების).

ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია "ოქსფამი" რომელიც ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ცდილობს, საქართველოში სწორედ სასურსათო უსაფრთოების პროგრამას ახორციელებდა, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების კუთხით სერიოზული კლევები ჩაატარა, რის საფუძველზეც არცთუ სახარბიელო მდგომარეობა დაფიქსირდა, მეტიც, საგანგაშოც კი.

მართალია, პროექტი დასრულდა, მაგრამ მუშაობა ამ მიმართულებით არ შეჩერებულა, - გვეუბნება "ოქსფამის" ეკონომიკური პოლიტიკის პროგრამის მენეჯერი ლევან დადიანი.

მისივე თქმით, საქართველო იმპორტირებულ სურსათზე მძლავრად არის დამოკიდებული, რაც იმას ნიშნავს, რომ (სხვადასხვა გლობალური შოკისა და პრობლემატიკის ფონზე), ქვეყანა შეიძლება მშიერიც კი დარჩეს. იმიტომ, რომ ქვეყანას სურსათის თვითუზრუნველყოფისთვის შესაბამისი პოტენციალი არ აქვს, ამიტომ ადგილობრივი სურსათის წარმოება დაბალკონკურენტუნარიანია.

- ვერც საკამარისი რაოდენობისას ვქმნით და ვერც ხარისხიანს, ხომ?

- დიახ და ეს ყველაფერი ვერც ფასის გამოა მიმზიდველი, რომ იმპორტირებულს კონკურენცია გაუწიოს.

მოსახლეობის შემოსავლები იმდენად დაბალია, რომ მის ყოველთვიურ ხარჯებში საკვების ხვედრითი წილი საგანგაშოდ მაღალია. ყოველთვიური შემოსავლდან ნახევარი სურსათში მიდის, რაც განუვითარებელი ქვეყნის მაჩვენებელია. თუ ამ ყველაფერს ეროკავშირის ანალოგიურ მაჩვენებლებს შევადარებთ, ჩვენი ხარჯები მას ორნახევარჯერ აღემატება.

- ევროკავშირის მოქალაქე, ყოველთვიურად სურსათში რამდენს ხარჯავს?

- თვიური შემოსავლის 20%-ს, ჩვენ - 50%-ს... ადგილობრივი პროდუქტით ადგილობრივი კონკურენტუნარიანი ბაზარი არ არის გაჯერებული, შესაბამისად, ფასწარმოქმნა ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციის გაჯერებით ხდება. ეს კი ასეთ მაგიური წრეს კრავს - მოსახლეობის დაბალი შემოსავალი, დაბალი კონკურენტუნარიანობა, იმპორტირებული სურსათის მოძალება. მოკლედ, ხელმისაწვდომობა დაბალი შემოსავლების გამო დაბალია. როდესაც მოქალაქეს დაბალი შემოსავალი აქვს, ჯანსაღი კვების პრობლემებიც ექმნება - ყიდვისას გადაწყვეტილებას დაბალი ფასის პროდუქტზე აკეთებს, რაც ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით ცალკე პრობლემებს იწვევს.

აქ რამდენიმე საგანგაშო მაჩვენებელიცაა - რაციონში თითქმის 60% ცომეულს და პურფუნთუშეულს უკავია. ეს არაჯანსაღი კვების ერთ-ერთი სერიოზული გამოვლინებაა.

- რაც დაბალი შემოსავლებით არის გამოწვეული, ხომ?

- დიახ ამით და მოსახლეობა ვერ უზრუნველყოფს საკუთარ თავს, ვერ მიირთმევს დაბალანსებულ საკვებს, უფრო იაფ სურსათს ეტანება, რაც რაციონზე მოქმედებს.

დაბალხარისხიანი პროდუქტით შეიძლება ადამიანი დანაყრდეს, მაგრამ იმ მიკროელემენტების სისტემას ვერ იღებს, რაც ორგანიზმისთვის და მისი გრძელვადიანი ჯანმრთელობისთვის საჭიროა. ეს კი არაგადამდებ დაავადებებს იწვევს.

თუ დავუკვირდებით, სიკვდილიანობის მიზეზი ამ ქვეყანაში გულსისხლძარღვთა დაავადებებია, რასაც სისხლში მაღალი ქოლესტერინის დონეები იწვევს. ეს არაჯანსაღი და დაუბალანსებელი კვების შედეგია.

საგანგაშო ნიშნები და მონაცემებია ბავშვებში - 11-წლამდე პატარებში (10%-ში) ზრდის შეჩერება ხდება, ასევე გონებრივი ჩამორჩენა და არაერთი პრობლემა...

თუ ამას თავის დროზე ყურადღებას არ მივაქცევთ, სამომავლოდ დეგრადირებული თაობა გვეყოლება.

- გამოდის, გულგრილობით, უყურადღებობითა და უმოქმედობით უამრავ რამეს ვკარგავთ.

- ასეა, უამრავ შესაძლებლობას ვკარგავთ, კერძოდ, მოიმატოს შემოსავლებმა, დაიკლოს მიგრაციამ სოფლიდან ქალაქად, საქართველო ტურისტებისთვის მიმზიდველ ქვეყნად გადაიქცეს (ტურიზმს განსაკუთღებით სჭირდება სათანადო საკვები ბაზა, თუ ეს ბაზა არ იქნება უზრუნვეყოფილი, ცხადია, ქვეყნის რეპუტაციაზე იმოქმედებს, შექმნის ლოჯისტიკურ პრობლემებს და ა.შ.)

- დღევანდელი მონაცემებით, ამ პრობლემების დაძლევა შეგვიძლია?..

- შეგვიძლია, უზრუნველვყოთ საკუთარი თავი ხარისხიანი, ჯანსაღი სურსათით, რომ ჩვენთან სასურსათო უსაფრთოების სტატუსი გამყარდეს, იყოს მაღალი დონის. მაგრამ ეს ყველაფრი ჯერჯერობით იმის გამო არ ხდება, რომ განვითარება არასაკმარისად გეგმაზომიერად მიდის.

- პროექტი დასრულდა, მაგრამ ამბობთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება...

- დიახ, ეს იყო 4-წლიანი პროექტი, რომელიც 2013 წლის ოქტომბერში დაიწყო. მისი ერთ-ერთი ნაწილი მდგომარეობის გააზრება და სათანადო მტკიცებულებების ბაზის შექმნაა, რაც კვლევებმა მოგვცა (ჩატარდა 10-მდე სხვადასხვა მიმართულების კვლევა, რომელთაც პირდაპირი კავშირი აქვს სასურსათო უსაფრთხოებასთან). აქ საუბარია მოსახლეობის ჯანსაღი კვების მდგომარეობაზე, მათ შორის, მთიან, მოწყვლად რეგიონებშიც. ასევე მნიშვნელოვანი იყო მოსახლეობის სურსათზე ხელმისაწვდომობის საკითხები, იმპორტზე დამოკიდებულება და მისი ზეგავლენა. ამ ყველაფერის დეტალური მეცნიერული კვლევის საფუძველზე პოლიტიკური რეკომენდაციები დაიდო. რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი სასურსათო უსაფრთოხების კანონპროექტში აისახა ანუ პროექტის შედეგად, შემუშავდა სასურსათო უსაფრთხოების კანონპროექტი. ის საკანონდებლო ინიციატივად ჩაითვალა და პარლამენტში შევიდა. მნიშვნელოვანი შედეგი ისიც არის, რომ პროექტმა ფართო საზოგადოების, მედიის ინფორმირებისთვის ნაყოფიერი კამპანიაც აწარმოა.

- პროგრამის დაწყებამდე რა ვითარება იყო?

- თუ 2013-2014 წლებს შევადარებთ, პოლიტიკური დისკუსია, სასურსათო უსაფრთხოების თაობაზე საქართველოში შეიცვალა. ადრე სასურსათო უსაფრთოებას სურსათის უვნებლობასთან აიგივებდნენ. ახლა საზოგადოება მეტად მძაფრად აღიქვამს მდგომარეობის გამოსწორების საჭიროების სიმწვავეს.

მნიშვნელოვანი შედეგი ისიც არის, რომ საქართველოს სოფლის მეურნებისა და სოფლის განვითარების სამოქალაქო ალიანსი შექმნა, რომელიც მუშაობას გააგრძელებს.

ცოტა ხის წინ ფერმერთა ასოციაციის მხადაჭერით, ფერმერთა სათათბირო შეიქმნა, რითაც შესაძლებლობა გაჩნდა, სხვადასხვა მიმართულებით ფერმერთა პრობლემების კონსოლიდაცია და მთავრობისთვის მიწოდება მოხდეს.

სასურსათო უსაფრხოების კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში შევიდა, ლობირება სჭირდება, რაც ფერმერთა სათათაბიროს მიერ ხორციელდება.

პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი რეკომენდაცია ის იყო, რომ მთავრობამ უნდა შექმნას სასურსათო უსაფრთოხების მონიტორინგის მძლავრი მექანიზმი, რაც კანონპროექტშიც აისახა.

მოკლედ, პროექტი დასრულდა, მაგრამ დადო მიმართულებები, რომელიც შემდგომ მდგრადობას უნდა უზრუნველყოფდეს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი