ჩრდილოეთ კორეას შიმშილი ემუქრება

ჩრდილოეთ კორეას შიმშილი ემუქრება

ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება. ქვეყნის მაცხოვრებლების შესახებ ინფორმაცია დასავლური მედიისთვის, უმეტესად, რთულად მოსაძიებელია, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები, პერიოდულად, კიმ ჩენ ინის დიქტატურის პირობებში მცხოვრები ადამიანების შესახებ ანგარიშებს აქვეყნებენ.

გაერო-ს ინფორმაციით, ქვეყნის მიმართ დაწესებული სანქციებისა და ბოლო ასწლეულის მანძილზე ყველაზე ძლიერი გვალვის გამო ჩრდილოეთ კორეელებს შიმშილი ემუქრება. ამასთან, კიმ ჩენ ინის პოლიტიკის შესაბამისად, ფინანსური რესურსი ჯარის გამოკვებასა და რაკეტების შესაქმნელად გამოიყენება, მოსახლეობა კი ფინანსური სახსრების გარეშე რჩება.

გვალვამ მარცვლეული გაზაფხულზევე გაანადგურა, რის გამოც ქვეყნის უმეტეს მოსახლეობას საკვები არ აქვს. 25 მილიონამდე ადამიანისთვის საჭმელი, შესაძლოა, ფუფუნება იყოს, უამრავს კი - სანქციების გამო სამსახურის დაკარგვა ემუქრება.

იაპონელი ჟურნალისტი ჯირო იშიმარუ, რომელსაც ჩრდილოეთ კორეაში კონტრაბანდული ტელეფონების საშუალებით სამოქალაქო ჟურნალისტებთან კონტაქტი აქვს, ამბობს, რომ ქვეყანაში საუბრობენ აშშ-სთან მოსალოდნელ ომზეც, თუმცა, იშიმარუ აღნიშნავს, რომ ჯარისკაცები ძალიან დასუსტებულები და ბრძოლისუუნარონი არიან.

გაერო შიშობს, რომ საკვების უკმარისობის გამო ჩრდილოეთ კორეაში უამრავი დაავადება გავრცელდება, ამიტომ ქვეყნის მოსახლეობისთვის 6.3 მილიონი დოლარის დახმარება გამოყო.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 1990-იანი წლების შუა პერიოდში გვალვის გამო ჩრდილოეთ კორეაში შიმშილით მილიონამდე ადამიანი გარდაიცვალა.

მომზადებულია theguardian.com-ის მიხედვით