როგორ მოხვდა ნანული სარაჯიშვილი "მარო მამიდას" როლზე და რატომ დადიოდა "გარიგების" გადაღებამდე თელავის ბაზარში

როგორ მოხვდა ნანული სარაჯიშვილი "მარო მამიდას" როლზე და რატომ დადიოდა "გარიგების" გადაღებამდე თელავის ბაზარში

ნანული სარაჯიშვილი რუსთაველის თეატრში ოქროს ხანას და არაჩვეულებრივ მსახიობებს მოესწრო. "კავკასიური ცარცის წრით" მთელი მსოფლიო მოიარა, მასაც ხომ აქვს წვლილი შეტანილი ამ სპექტაკლის წარმატებაში. ბედნიერი ადამიანია, რადგან ჯერ კიდევ 12 წლისა იყო, როცა ქართული თეატრის კორიფეების გვერდით იდგა და ფილმში მთავარ როლს ასრულებდა.

დარიგება კინომამისგან

- 12 წლისა სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდი ზღაპრულ სამყაროში - ფილმში "მანანა" მთავარ როლზე მიმიწვიეს. დიდი ბედნიერება მხვდა წილად, რომ მსახიობთა ისეთი ბრწყინვალე თანავარსკვლავედის გვერდით ვიდექი, როგორებიც იყვნენ: სესილია თაყაიშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, მედეა ჩახავა, იპოლოტე ხვიჩია, იაკობ ტრიპოლსკი. ბატონი იაკობი ჩემს მამას თამაშობდა. საოცარი ადამიანი იყო, ერთდროულად დინჯი და ემოციური, ლაღი და სერიოზული, მკაცრი და გულჩვილი. ჩემ მიმართ თბილი, მამაშვილური დამოკიდებულება ჰქონდა. გადაღებებიდან თავისუფალ დროს თეატრში დავყავდი და იმდენად მივეჩვიე, რომ ისევე, როგორც გადასაღებ მოედანზე, უკვე სახლშიც კი მამას ვეძახდი. გადამღები ჯგუფის წევრები ერთმანეთზე მეტად მეფერებოდნენ და მათამამებდნენ. სითამამე იმდენად მომერია, რომ ერთ-ერთი მიზანსცენის გადაღების დასასრულს, როცა კინოაპარატს კუთხის არეს უცვლიდნენ, გამნათებლებს ოპერატორივით შევუძახე, - რას ელოდებით, სინათლე ჩააქრეთ-მეთქი. ჩემმა საქციელმა გადამღები ჯგუფის წევრების სიცილი გამოიწვია. მეგონა, ხალხის გამხიარულება შევძელი, მაგრამ ბატონმა იაშამ მოგვიანებით დამიმარტოხელა და მითხრა: რაც შენი საქმე არ არის, იმაში არ უნდა ჩაერიოო. მერე მამაშვილურად დამარიგა: მსახიობობა თუ გინდა, საკუთარი სურვილების დაძლევა უნდა შეძლო, ეს კი თავდაუზოგავ შრომას მოითხოვსო.

ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღების დღე მახსენდება: სცენარის მიხედვით, ბატონ იაკობს ჩემთვის ყური უნდა აეწია. შევატყვე, უცნაურად ღელავდა. არც დაუმალავს, მითხრა: ყურს რბილად აგიწევ, ოღონდ სახე ისე დამანჭე, ვითომ ძალიან გეტკინა. განზე არავითარ შემთხვევაში არ გაიწიო, რომ ტკივილი არ მოგაყენოო. დაიწყო ეპიზოდის გადაღება. ბატონმა იაკობმა მართლაც, რბილად ამიწია ყური, მეც სახე ზუსტად ისე დავმანჭე, როგორც ამიხსნა, მაგრამ ისე გამწარებით დავიყვირე, კაცი შეწუხდა. გადამღები ჯგუფის წევრებს კი ეგონათ, იაკობმა ნანულის ყური მართლა აახიაო. გადაღების დასასრულს ყველაფერი გაირკვა. ბატონმა იაკობმა მხარზე ხელი მოსიყვარულედ გადამხვია და სახალხოდ მომმართა: ახლა კი დავრწმუნდი, შენგან კარგი მსახიობი დადგებაო.

"მარო მამიდა"

- ზაზა კოლელიშვილი ჩემი მეგობარია. რუსთაველის თეატრში ვიყავით, როცა მან სადიპლომო ფილმის "გარიგების" შესახებ მიამბო. თავიდან არ უფიქრია ჩემთვის როლის შემოთავაზება. რა კარგია ფილმს რომ იღებ-მეთქი და ვკითხე, ვის გადაღებას აპირებდა? მამუკა კიკალეიშვილი, მარინა საღარაძე და მთავარ როლზე ვინმე კახელი გოგო მინდაო. ასე დავშორდით ერთმანეთს. გადის დრო და ერთ საღამოს მირეკავს ეს გადარეული ზაზა: ნანუ, ჩაალაგე ჩემოდანი, ხვალ მივდივართო. ვიფიქრე, ნეტავ, სად მეპატიჟება ეს კაცი-მეთქი. - ორი დღეა ვფიქრობ და გადავწყვიტე, რომ შენ და გოგა პიპინაშვილი უნდა გადაგიღოთო. ამ მოულოდნელმა ამბავმა ძალიან გამახარა. ახალი ნაყიდი მყავდა მანქანა "მოსკვიჩი", რომელიც თეატრში დაგვირიგეს. სხვათა შორის, ფილმშიც არის გადაღებული ეს მანქანა, სისხლი რომ გამიშრო. ჩავსხედით მანქანაში და თელავში ჩავედით. წარმოშობით კახელი ვარ და ჩემდა სამარცხვინოდ, პირველად კახეთში, კერძოდ სიღნაღში, მაშინ ვიყავი, როცა ლანა ღოღობერიძემ გადაიღო "აურზაური სალხინეთში". გავგიჟდი, ისე მომეწონა სიღნაღი, იქიდან ვართ სარაჯიშვილები.

სანამ "გარიგების" გადაღებები დაიწყებოდა, დილით ადრე, თელავის ბაზარში მივდიოდი ხოლმე. აქაური ხალხის დიალოგი მაინტერესებდა. სამი დღე ვუსმენდი მათ კილოს. დავიწყეთ გადაღება და ხშირად ხუმრობდნენ, ეს ფილმი "ოსკარს" აიღებსო. "ოსკარი" - არა, მაგრამ შავი ზღვის აუზის ქვეყნების საერთაშორისო ფესტივალზე "ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის" პრიზი - "ოქროს არწივი" მივიღე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთია ჩემს ოჯახში. დღესაც მეუბნებიან: "მარო მამიდა მოვიდა". მაყურებელმა ეს როლი ძალიან შეიყვარა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი