მოდელი, ყოფილი ჯეოსტარელი და ახლა უკვე ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი თვე-ნახევრის წინ გათხოვდა, თუმცა ცხოვრების რიტმი არ შეუცვლია და ისევ აქტიურად მუშაობს. ამჯერად მანიკას შიშისა და ფობიების თემაზე გავესაუბრეთ, თავიდან ჩვენი რესპონდენტი კი ამბობდა, არაფრის მეშინიაო, მაგრამ თანდათან რამდენიმე ფობია მასაც აღმოვუჩინეთ.
- კონკრეტულად რამეს მიმართ შიში არ მაქვს, უბრალოდ, ძალიან მეზიზღება ქვეწარმავლები.
- ე.ი. რამე გამოკვეთილი ფობია არ გაქვს.
- არა, ზოგს სიბნელის ეშინია, ზოგი საშინელებათა ფილმებსაც ვერ უყურებს, მე კი პირიქით, ცოტა ექსტრემისტი ვარ, მიყვარს საშიში კარუსელები.
- აქედან გამომდინარე, ალბათ სიმაღლისაც არ გეშინია...
- არა, საერთოდ არ მეშინია. ძალიან ვხალისობ, თუ ჩემი ასაკისთვის შესაფერის კარუსელს ვნახავ, რომელიც დიდ სიმაღლეზე ადის. ბათუმში ყველა კარუსელზე დავჯექი და თანაც არაერთხელ.
- რაც შეეხება ფრენას?
- არ მეშინია, შემიძლია, უპრობლემოდ ვიფრინო. ჩემს შიშნარევ დამოკიდებულებას მხოლოდ გველის მიმართ გამოვყოფდი.
- მანიკა, მანქანას თავად თუ მართავ და სიჩქარე თუ გიყვარს?
- მანქანას ჯერ ვერ ვმართავ, ვინაიდან არასრულწლოვანი ვარ. თუ ვიცი, რომ ადამიანი კარგად ატარებს მანქანას, მაშინ სიჩქარის არ მეშინია, მამაჩემთან, ჩემს მეუღლესთან რომ ვზივარ, საერთოდ არ მეშინია, მოკლედ, არ მაქვს გართულება სიჩქარეზე. ვიცი, როცა საჭესთან დავჯდები, თვითონაც სწრაფად ვატარებ მანქანას (იღიმება). ნელა სიარული მაღიზიანებს.
- გადავიდეთ მწერებზე და მსგავს რაღაცებზე. ხოჭოების, ობობების, ტარაკნების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს?
- ესენი უფრო მეზიზღებიან, ვიდრე მეშინია. ვერც ერთ მათგანს ვერ შევეხები, გარკვეულწილად ეს ალბათ შიშიც არის, მაგრამ უფრო ზიზღში გადადის ეს გრძნობა.
- რაც შეეხება ვირთხებს?
- მართლა მეშინია.
- ამას მუსიფობია ჰქვია.
- ბავშვობაში ვირთხა ერთხელ ფეხებქვეშ გამომიძვრა და იმხელა ვიკივლე, მთელი კორპუსი ფეხზე დავაყენე.
- ღამურასთან დაკავშირებითაც ხომ არ გაქვს მსგავსი ისტორია?
- რამდენიმე წლის წინ წყნეთში ვისვენებდი და სახლში შემოგვიფრინდა ღამურა, ძალიან შემეშინდა, საბანი გადავიფარე და მთელი ღამე ასე მეძინა, ძალიან ცხელოდა და ხომ წარმოგიდგენია, როგორ ვიქნებოდი, ძალიან მძიმედ მახსენდება ეს ღამე.
- ცხოველების მიმართ შიში თუ გაქვს?
- ყველა ცხოველი მიყვარს კატის გარდა, მგონია, რომ მისგან ცუდი აურა მოდის, მაღიზიანებს, რომ ვუყურებ. სამაგიეროდ, ვგიჟდები ძაღლებზე, სახლშიც გვყავს.
- ჩიტებისა და ფრინველების ხომ არ გეშინია? არსებობენ ადამიანები, ვისაც ქათმისაც კი ეშინია...
- ვინაიდან და რადგანაც პატარაობაში სოფელში ვისვენებდი, სადაც დიდ ეზოში ქათმებიც იყვნენ, მათი არანაირად არ მეშინია, პირიქით, პატარაობაში მათთან ერთად კარგად ვერთობოდი.
- მათთან ერთად როგორ ერთობოდი?
- რა ვიცი, დავდევდი და ვხალისობდი (იღიმება).
- ახლა ექიმების თემას შევეხოთ, მათი გეშინია თუ პირიქით, ენდობი?
- ნდობით ვარ განწყობილი ექიმების მიმართ, მაგრამ ნემსის საშინლად მეშინია.
- ამას ტრიპანოფობია ჰქვია.
- არ მიყვარს ექიმებთან სიარული, იმიტომ კი არა, მათ მიმართ ვარ ცუდად განწყობილი, უბრალოდ, ნემსის გაკეთებას, თითიდან ანალიზის აღებას ვერ ვიტან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბევრჯერ გამიკეთებია. ადრე ისტერიკებს ვაწყობდი, მაგრამ ახლა ცოტა დავწყნარდი, მივხვდი, რომ სირცხვილია.
- ალბათ ამისთვის დიდი ფსიქოლოგიური მომზადება გჭირდება...
- ვაიმე, ასე არანორმალურად მეშინია კბილის ამოღებისაც, ისეთ ამბავს ვტეხ, პაციენტები გარბიან ხოლმე (იღიმება).
- ბუნებრივ მოვლენებზე გადავიდეთ: ელვა, ჭექა-ქუხილი, მიწისძვრა გაშინებს?
- წვიმისა და ჭექა-ქუხილის არ მეშინია, მაგრამ როგორ შეიძლება, არ გეშინოდეს მიწისძვრის, რომელიც მოულოდნელად გატყდება თავს და ვერაფრით ვერ გაუმკლავდები. ერთხელ მახსოვს ისეთი მიწისძვრა იყო, ტახტზე წამოწოლილი მაგიდასა და ტახტს შორის ჩავვარდი და სანამ რყევა არ დამთავრდა, ფეხზე ვერ ავდექი.
- შენი აზრით, რა არის ფობია - შიში, აკვიატება თუ ადამიანის სუსტი მხარე?
- უფრო აკვიატება, მისი დაძლევა ადამიანის ფსიქოლოგიაზეა დამოკიდებული, ესა თუ ის ფობია ზოგჯერ წლების შემდეგ იკურნება, ზოგჯერ რამე საკითხზე ცოდნის გაღრმავების მეშვეობით და ზოგჯერ ფსიქოლოგის დახმარებით.
- დასასრულ, თემას გადავუხვიოთ და გვითხარი, როგორ გრძნობ თავს გათხოვილი ქალის ამპლუაში, როგორ ცხოვრობ ოჯახის შექმნის შემდეგ, რა შეიცვალა?
- ძალიან მოკლედ შემიძლია გითხრა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ და ვიმედოვნებ, მთელი ცხოვრება ასე იქნება, მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და შეხმატკბილებული ურთიერთობა გვაქვს. შეიძლება, წყვილს ერთმანეთი უყვარდეს და ვერ უგებდნენ, ჩვენ კი ამ მხრივ საქმე კარგად გვაქვს (იღიმება).
ციცი ომანიძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)