როდის დაბრუნდება ეთერში ვანო ჯავახიშვილი და რას ამბობს მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ალეკო მალხაზიშვილი

როდის დაბრუნდება ეთერში ვანო ჯავახიშვილი და რას ამბობს მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ალეკო მალხაზიშვილი

ოქტომბერში ვანო ჯავახიშვილის შოუ "რუსთავი 2"-ის ეთერით არ გასულა, რამაც სხვადასხვაგვარი ეჭვი გააჩინა. პოპულარული იუმორისტული შოუს რამდენიმეკვირიანმა პაუზამ მაყურებელში მითქმა-მოთქმაც გამოიწვია, მით უფრო მაშინ, როცა ეს ყველაფერი არჩევნების წინა პერიოდს დაემთხვა...

გაურკვევლობას ნათელი მოჰფინა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელმაც "პირველის" ეთერში სტუმრობისას აღნიშნულის მთავარ მიზეზზე ისაუბრა:

"ვანო ავად არის. ჩვენ მასთან შეთანხმებით და მისი თხოვნით ამ თემაზე არ ვსაუბრობდით. მას აქვს ტვინის მძიმე ტრავმული შერყევა. ამ თემაზე საუბარი არ გვინდოდა, მაგრამ გაუგებარი კონსპირაციები მოიქსოვა... იმედი გვაქვს, რომ ვანო ჯავახიშვილი მინიმუმ მომავალ კვირას დაუბრუნდება საქმიანობას, თუმცა ამ ეტაპზე საკმაოდ სუსტად არის. ველოდებით მის გამოჯანმრთელებას" - განაცხადა გვარამიამ "პირველის" ეთერში.

იუმორისტის კოლეგებიც საუბრობენ, რომ ვანო ჯავახიშვილი არსად წასულა და გადაცემა არც არავის გაუჩერებია. ის მოულოდნელად ავად გახდა, რადგანაც დაეცა, თავი დაარტყა და მიიღო თავის მძიმე ტრავმული დაზიანება. იუმორისტი მკურნალობის კურსს შინ გადიოდა.

"ვანოს ტვინის შერყევა აქვს, თუმცა ახლა უკეთ არის. გუშინ უკვე სამსახურშიც გამოვიდა. ოღონდ, სრული დატვირთვით ჯერ ვერ მუშაობს, სავარაუდოდ, მომავალ პარასკევს უკვე ეთერში იქნება" - გვითხრა "კომედი ჯგუფის" ხელმძღვანელმა ალეკო მალხაზიშვილმა.

ვანო ჯავახიშვილს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE