21 წლის სტუდენტის "აღიარება ხელისგულზე" - გაიცანით მწერალი, რომელიც მკითხველმა აირჩია

21 წლის სტუდენტის "აღიარება ხელისგულზე" - გაიცანით მწერალი, რომელიც მკითხველმა აირჩია

"მეოთხე კლასში დამრიგებელმა საშინაო დავალებად თავისუფალი თემა მოგვცა. შინ დაბრუნებული მაგიდას მივუჯექი. მე და ფურცელი ერთმანეთის პირისპირ მარტო აღმოვჩნდით. უეცრად თითქოს გონებაში ნათურა აინთო... ჩემმა მასწავლებელმა მთელი კლასის გასაგონად შემაქო. პირველად სწორედ მან მითხრა, თუ ბევრს წავიკითხავდი და ვიშრომებდი, მწერალი გამოვიდოდი. იმ დღის შემდეგ მე და კალამი განუყრელი მეგობრები ვართ," - იხსენებს 21 წლის სტუდენტი, თათული ღვინიანიძე, რომელმაც, როგორც დამწყებმა მწერალმა განაცხადი უკვე გააკეთა. საკუთარი ნამუშევრით - "აღიარება ხელისგულზე" კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი" გაიმარჯვა. მისი ნამუშევარი ხალხის ერთ-ერთი პირველი რჩეული აღმოჩნდა.

კონკურსი, რომელმაც ახალბედა ავტორებს წერის სურვილი გაუღვიძა, ახალ ეტაპზე გადადის. კონკურსის რჩეული წიგნი პრეზენტაციისთვის ემზადება. 31 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ბიბლუსი გალერეაში (კანდელაკის 7), კონკურსის გამარჯვებულის, თათული ღვინიანიძის რომანის "აღიარება ხელისგულზე" პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნს წარადგენენ ლიტერატურათმცოდნე, კონკურსის ჟიურის წევრი ივანე ამირხანაშვილი, მწერალი და თათული ღვინიანიძის მენტორი - თამარ ფხაკაძე და გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური. წიგნის გარეკანზე მხატვარმა ნინიკო მორდებაძემ იმუშავა.

კონკურსს სულ 5 გამარჯვებული ჰყავს. გამომცემლობა "პალიტრა L" მათ ნამუშევრებს ეტაპობრივად გამოსცემს. პირველი ავტორი, როგორც აღვნიშნეთ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი, 21 წლის თათული ღვინიანიძეა.

"ნაწარმოებში მკითხველი რადა მოდებაძის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტის ცხოვრების თანამონაწილე ხდება. რომანი ავტობიოგრაფიული არ არის. რადა XXI საუკუნის, ერთი შეხედვით, ტიპური თბილისელი გოგოა, რომელსაც ბევრი თანატოლის მსგავსად, კომპლექსები აწუხებს - საკუთარ თავს და გარე სამყაროს გამუდმებით ებრძვის. ეს არის რომანი ადამიანურ სისუსტეებზე, შეცდომებზე, სინანულზე, ბედნიერებისთვის ბრძოლაზე, ცხოვრების არსის შეცნობაზე, საკუთარი თავის ძიებაზე... შთაგონების წყარო, რა თქმა უნდა, ეპოქა და ადამიანებია", - განმარტავს ახალგაზრდა ავტორი.

რაც შეეხება კონკურს, "პალიტრა L"-ის მიერ ორგანიზებული ლიტერატურული კონკურსი - "გახდი ბესტსელერის ავტორი" 2017 წლის 20 მარტს დაიწყო და 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მკითხველი გამომცემლობის ვებგვერდზე კონკურსში მონაწილე 272 ავტორის ნამუშევრებს ეცნობოდა და თითოეულის შესახებ აზრსა და პოზიციას ხმის მიცემით გამოხატავდა. ხალხთან ერთად, გამარჯვებულის გამოვლენაში ჩართული იყო კომპეტენტური ჟიური.

"ისე, მოხდა, რომ ხალხის პირევლი რჩეული მე გავხდი. მენტორები ყველას აგვირჩიეს, ჩემი მენტორი მწერალი, თამრი ფხაკაძე აღმოჩნდა, რომელმაც ნაწარმოები წაიკითხა და რამდენიმე რჩევა მომცა, რაც გავითავლისწინე... მირჩია, ვყოფილიყავი მეტად თავსუფალი, ვინაიდან ჩემი ნამუშევარი მოდერნისტური ჟანრისაა. ასახავს XXI საუკუნის ცხოვრებას, არღევს სტიგმას, რომ ქალი უნდა იყოს კდემამოსილი... თამარმა მირჩია ასევე, საკითხები ბოლომდე არ ამომეწურა, მკითხველისთვის დამეტოვებინა რაღაც ამოუხსნელი, რაშიც ვეთანხმები... თავიდან მასთან ურთიერთობისას ცოტა დავიძაბე, რადგანაც ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა დიდია და მეგონა, ვერ გამიგებდა, მაგრამ შევცდი... თამრმა ნაწარმოები ისე გაიგო, როგორც დაიწერა... ჩემს წიგნში მისი რევიუა, სადაც საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს... მადლიერი ვარ ყველასი, საოცარი ყდა შექმნა მხატვარმა ნინო მორდებაძემ. სიმბოლიზმით არის დატვირთული წიგნიც და მისი ყდაც", - გვეუბნება თათული.

- მთავარი პერსონაჟი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტია, შენც იმავე ფაკულტეტზე სწავლობ... ეს შემთხვევით დაემთხვა, თუ რომანში ავტობიოგრაფიული ელემენტებს მაინც აღმოვაჩენთ?

- კი, სტუდენტი გოგონაა მთავრი პერსონაჟი, მაგრამ ეს ავტობიოგრაფიული ნამუშევარი არ არის. თუმცა ჩემი რაღაც თვისება შეიძლება ჰქონდეს კიდეც... მკითხველი ნახავს მისი თვალით დანახულ თბილისს, ანუ იმას, თუ რა ხდება დღეს ჩვენ ირგვლივ, მძიმე ეკონომიკურ-პოლიტიკურ სიტუაციას. მთავარი კი ის არის, რომ ამ გარემოში ადამიანი საკუთარ თავს ეძებს. უნდა, მიაღწიოს სულიერ ჰარმონიას - ებრძვის საკუთარ ტყავს და გარესამყაროს იმიტომ, რომ საზოგადოება ხშირად პიროვნების თავის თავზე მორგებას ცდილობს - ინდივიდუალიზმს ახშობს. ადამიანები ერთმანეთს კლიშეებს აკერებენ - "ბანძი," "გოიმი," "მსუბუქი ყოფაქცევის"... ისმის შეკითხვა - რა დონემდე და ზომამდე შეიძლება ადამიანი ამან მიიყვანოს, ადამიანი, რომელიც შუშასავით მსხვრევადია.

- და შეიძლება თვითმკვლელიც აღმოჩნდეს...

- ასევე გადაიქცეს მონსტრად, აგრესორად, არასრულფასოვან პიროვნებად... წიგნში წამოწეულია ისეთი პრობლემები, როგორიც არის რელიგია და მისი არასწორად აღქმა. მოკლედ, ეს არის საკითხები, რაზეც ყველას გვიფიქრია.

რაც მთავარია, ახალგაზრდებს მეტად მოეწონებთ სასიყვარულო ისტორია, რომელსაც მთავრ პერსონაჟსა და მამაკაცს შორის იბმება, რაც გოგონას ცხოვრებაში სრულიად შემთხვევით შემოიჭრება...

- ე.ი. კონკურსით კმაყოფილი ხარ...

- ეს იყო საუკეთესო საშუალება, გამოგვეჩინა საკუთარი ნამუშევრები, რაც თაროებზე დაუბეჭდავ მდგოაებაში გვედო... ასეთი რამ ქართულ რეალობაში აქამდე არ არსებობდა, ვერ წარმომედგინა, თუმცა ამერიკასა და ევროპაში მსგავსი კონკურსები სულ ტარდება. ვფქირობდი და მინდოდა, აქაც ყოფილიყო, მონაწილეობა მიმეღო. ჰოდა, სრულიად შემთხვევით, წავაწყდი კონკურსს ინტერნეტში. მერე მეგობრებმაც მირჩიეს. ასე რომ, ნდობა გამოვუცხადე "პალიტრა L"-ს , თუმცა, როგორც მკითხველს, ადრეც მქონია მასთან შეხება. შემიძლია ვთქვა, რომ ამ კომპანიამ ნდობა გამიმართლა.

- ეს შენი პირველი სერიოზული გამარჯვებაა, ხომ?..

- 12 წლისამ წერა ერთ-ერთ საიტზე დავიწყე, შემდეგ გავიმარჯვე კონკურსში, რომელიც 2012 წელს ქუთაისის მერიამ ჩაატარა და მანვე დააფინანსა გამარჯვებულისთვის წიგნის გამოცემა და 15 წლის ასაკში მოთხრობების კრებული დამიბეჭდეს... 

- საბოლოოდ, რა ელის მკითხველს შენი წიგნისგან?

- მძაფრი შეგრძნებები, ალბათ ძალიან გააბრაზებთ პერსონაჟების გადაწყვეტილებები, უნდა ელოდნენ საკუთარ თავის ამოცნობასაც, ან იმ ადამიანებს ამოცნობას, მათ ირგვლივ რომ ტრიალებენ. ვფიქრობ, რაღაცებს სხვანაირად დაინახავენ, მედალს ხომ მეორე მხარეც აქვს? შესაძლოა იქაც იყოს რაღაც საინტერესო...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის" მე-3 ტომი, დეპრესიის შესახებ, 13 იანვარს გამოვა

საშობაო საჩუქარი მკითხველს - ოთხი სახარება - "ოთხთავი" გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად

ოთხი სახარება - "ოთხთავი": მორიგი უნიკალური საჩუქარი "კვირის პალიტრის" მკითხველს