გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ნოემბრის ნომერი #11(83), რომელშიც წაიკითხავთ:
მეფე-პოეტი არჩილი: მეორე თუ პირველი?
წლეულს დაბადებიდან 370 წელი შეუსრულდა ქართველ მწიგნობარ გვირგვინოსანთა შორის ერთ-ერთ გამორჩეულ ხელმწიფეს, ბაგრატიონთა ათასწლოვანი დინასტიის ქართლის შტოს წარმომადგენელს - მეფე-პოეტ არჩილს (1647-1713). ჩვენი შეხედულებით, იგი უნდა იწოდებოდეს არა არჩილ II-დ (როგორც ეს დღემდე იყო მიღებული), არამედ როგორც - არჩილ I. ნიშანდობლივია ისიც, რომ ბაგრატიონთა ქართლის (კერძოდ, მუხრანული) შტოს წარმომადგენელი უფლისწული, ქართლის მეფის უფროსი ვაჟი და სამეფო ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე არა ქართლში, არამედ დანარჩენ ქართულ სამეფოებში - იმერეთსა და კახეთში მეფობდა. არჩილის მამამ, ვახტანგ V-მ თავისი შტოდან - მუხრანელ ბაგრატიონთაგან, პირველმა მიიღო ქართლის სამეფო ტახტი თავისი შორეული ნათესავისა და მამობილის - მეფე როსტომისგან. ამიტომ ვახტანგ V-ს სურდა, როგორც მემკვიდრეობით მონარქს შეეფერება - სიცოცხლის ბოლომდე ემეფა, რათა მის გენეტიკურ შთამომავლობას ქართლის სამეფო ტახტი მშვიდობიანად და ლეგიტიმურად გადასცემოდა. იმავდროულად, მას უნდოდა, რომ უფროსი ვაჟი და მემკვიდრე - არჩილი გაემეფებინა თავის სიცოცხლეშივე, რათა თვითონ დახმარებოდა მართვა-გამგეობაში. არჩილის გამეფებით იმერეთსა და კახეთში, მის გვირგვინოსან მამას სურდა, მოემზადებინა ნიადაგი საქართველოს გაერთიანებისთვის. აქედან გამომდინარე, ვახტანგ V-ს ამოძრავებდა სავსებით პრაგმატული ჩანაფიქრი, რაც საერთო ჯამში საქართველოსთვისაც სასარგებლო იყო. მიზეზთა გამო, ეს შორს გამიზნული გეგმა ვერ განხორციელდა.
წითელი კლდის ბრძოლა
208 წელს, ძველი ჩინეთის ხანის ეპოქის (ძვ.წ. 206-ახ.წ. 220) მიწურულს, წითელ კლდესთან მდინარე იანძიზე, სამ სარდალს შორის პირველობისთვის გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა. მას ხშირად უწოდებენ მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს სანაოსნო დაპირისპირებას. წითელი კლდის ბრძოლას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ჩინეთის მომავლისთვის. სარდალმა ცაო-ცაომ დაჰკარგა შანსი, თავისი ძალაუფლება დანარჩენ ჩინურ პროვინციებზე განევრცო და ისტორიაში შესულიყო, როგორც ქვეყნის მეორე გამაერთიანებელი მეფე ცინ ში ხუანტის (ძვ.წ. 258-209) შემდეგ.
ცაო-ცაო ისტორიის სცენაზე ჯერ კიდევ "ყვითელდოლბანდიანების" აჯანყების დროს გამოვიდა. ეს აჯანყება 20 წელიწადს გაგრძელდა და საერთო ჯამში, მასში 2 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა ცაო-ცაო აქტიურად მონაწილეობდა აჯანყების ჩახშობაში და დამსახურებების გამო სწრაფად დაწინაურდა. ცაო-ცაო ჩინეთის ისტორიაში გამორჩეული პიროვნებაა. ძნელად თუ მოიძებნება სხვა ვინმე ჩინეთის სახელმწიფოებრიობის 3500-წლოვან ისტორიაში, რომელზეც აზრთა ისეთი სხვადასხვაობა არსებობს, როგორც ცაო-ცაოზე. აშკარაა, რომ ის იყო ნიჭიერი და ქარიზმატული პოლიტიკოსი, სარდალი, გამოჩენილი პოეტი და კალიგრაფი, შესანიშნავად იცნობდა სამხედრო ტრაქტატებს, შეეძლო მეტოქის სისუსტის აღმოჩენა და სწორ დროს მოქმედება, აფასებდა ნიჭიერ ხალხს და მათი გარშემო შემოკრებისა და შენარჩუნების უნარი ჰქონდა. მაგრამ ცაო-ცაო ასევე იყო მეტად სასტიკი, ცბიერი, მატყუარა, მექრთამე. დღემდე მისი სახელი ვერაგობასა და ორგულობასთან ასოცირდება.
ერთი დაკარგული ქართული მონასტრის საიდუმლო - სად გაქრა გოლგოთური ტახტი ქართული წარწერებით
იერუსალიმში წმინდა იაკობის სახელზე აგებული რამდენიმე მონასტერია ცნობილი. წმინდა წერილის მიხედვით, იესო ქრისტეს გარემოცვიდან ეს სახელი სხვადასხვა პირს ერქვა და მოგვიანებით, არცთუ იშვიათად, ისინი ერთმანეთში ერეოდათ კიდეც.
წარსულში ბერძნებს, სომხებსა და ქართველებს არაერთხელ ჰქონიათ დავა წმინდა იაკობის მონასტრის კუთვნილების საკითხზე. წერილობით წყაროებში ხშირად არის ერთმანეთში არეული წმინდა იაკობ ალფესის ძის, წმინდა იაკობ ზებედეს ძისა და იაკობ "უფლის ძმის" სახელობის ეკლესია-მონასტრები. ისტორიკოსები დღემდე დავობენ, კონკრეტულად რომელი მათგანის მფლობელებად ითვლებოდნენ წარსულში ქართველები. ქართული ტრადიცია წმინდა იაკობის მონასტერთან დაკავშირებით (იმისგან დამოუკიდებლად, თუ კონკრეტულად რომელი სავანეა ნაგულისხმევი) XVI საუკუნეზე ადრე წერილობით წყაროებში არ ჩანს. დავა კი, როგორც უცხოური წერილობითი წყაროებიდან ირკვევა, ქართველებს ჯერ კიდევ XIV საუკუნის დასაწყისში დაუწყიათ...
პრაღის წმინდა ვიტისტაძარი
წმინდა ვიტის საკათედრო ტაძარი მდებარეობს პრაღის ციხესიმაგრის გრანდიოზული კომპლექსის ტერიტორიაზე. ეს კათოლიკური ტაძარი ქვეყნის უდიდესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეკლესიაა, სადაც იმყოფება ჩეხეთის არქიეპისკოპოსი, დაკრძალული არიან მეფეები, არქიეპისკოპოსები და სამეფო რეგალიები ინახება.
უბრწყინვალესი გოტიკური ნაგებობა რამდენიმე ეტაპად 600 წელიწადს შენდებოდა. ამ ადგილას პირველად 925-929 წლებში პრჟემისლოვიჩების დინასტიის მთავარმა ვაცლავმა ააგო როტონდის ფორმის რომანული ეკლესია. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მას სიუზერენმა - აღმოსავლეთ ფრანკთა მეფე ჰენრიხ I-მა აჩუქა IV საუკუნის წამებულის, წმინდა ვიტის წმინდა ნაწილი - მარჯვენა ხელი. ვაცლავი შეთქმულებმა მოკლეს 936 წლის 28 სექტემბერს. ხალხის დიდი სიყვარულით გარემოცული მთავარი წმინდანად და ჩეხეთის "პატრონად" შერაცხეს. დაკრძალეს წმინდა ვიტის როტონდის სამხრეთ აფსიდში, სადაც წმინდა ვაცლავის კაპელა უშუალოდ მისი საფლავის თავზე აიგო. აღსანიშნავია, რომ საფლავზე მომლოცველთა დენა მაშინვე დაიწყო და დღემდე გრძელდება. წმინდად ითვლება ვაცლავის ნაწილები, მისი მუზარადი, ბექთარი და ხმალი. ვაცლავის გარდაცვალების დღე ჩეხეთის სახელმწიფოებრიობის დღეა.
მთავარი ნავის სიგრძე 124 მეტრია. საკათედრო ტაძრის სამი პორტალი მდიდრულად არის შემკული ქანდაკებებით, ბრინჯაოსა და ქვის რელიეფებით. დასავლეთ ფასადზე ორი 82 მეტრი სიმაღლის ნეოგოტიკური კოშკია. სამხრეთ ფასადზე ეზოში გამოდის წმინდა ვაცლავის ეკლესია და პორტალი "ოქროს კარი", რომელსაც ეს სახელი ეწოდა აქაური მოზაიკის - "უკანასკნელი სამსჯავროს" ოქროსფერი ფონის გამო, რომელიც 1370-1372 წლებშია შესრულებული.
გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:
"სანტა კლაუსის" განსასვენებელს თურქეთში მიაკვლიეს?!
რომაელთა საწოვარა ჩვილებისთვის
ნეაპოლისი - რომაული ქალაქი, რომელიც ცუნამიმ "ჩაყლაპა"
მითები თავისუფლების ქანდაკებაზე
კადრი ისტორიიდან. კანზასელი "ღიმილის ბიჭების" რეპეტიცია ნორმანდიისთვის
აღმოჩენა. აშოტ II კურაპალატის წარწერა ტაოში
კონსერვატორია - 100. სამი მოღვაწე, რომელთა დამსახურებითაც ჯერ მუსიკალური სასწავლებელი, შემდეგ კი კონსერვატორია შეიქმნა
ცაიშის კათედრალი. ცაიშის ქტიტორთა ვინაობისთვის (ნაწილი II)
"ქაჯეთის ციხის აღება" 50 წლის შემდეგ - სუხიშვილების ქორეოგრაფიული დადგმის კინოვერსია უკვალოდ გაქრა...
ძველი ეგვიპტე. ძარცვის ათასწლეულები მეფეთა ველზე
სადაზვერვო თამაშები. კაცი, რომელმაც იხსნა შვეიცარია - როჟე მასონის სადაზვერვო ომები დიდი ომის ასარიდებლად
უახლესი ისტორია. პუტინის მთავარი მტრები მედვედევს მემკვიდრეობით ერგო
ფურცლები წარსულიდან. ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან