საქართველოში სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება ისეთი საიტები, რომლებიც მოქალაქებს მცირე თანხის სანაცვლოდ დიდ მოგებას სთავაზობს.
ასეთი საიტები ჰაიპის სახელით არის ცნობილი. ჰაიპი ერთგვარი ფინანსური მაქინაციაა, რომელიც ადამიანებს მცირე თანხის ინვესტირების სანაცვლოდ მაღალი პროცენტით მოგებას სთავაზობს.
ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები ფულს აბანდებენ და მოგების მიღებას ცდილობენ ზუსტად ჰაიპებზე, რომლებიც მხოლოდ გარკვეული პერიოდით იქმნება და მცირე დროში უქმდება. შედეგად კი ზარალდებიან ის ადამიანები, ვინც მსგავს საიტებზე კრიპტოვალუტის გამომუშავებას ბოლოს იწყებს.
მაგალითად, უკვე აღარ ფუნქციონირებს "ავრორამაინი", რომელიც როგორც ჩანს საქართველოში საკმაოდ პოპულარული ჰაიპი იყო. თუმცა, მისი მსგავსი სხვა არაერთი საიტი არსებობს, რომელიც ასევე სწრაფად ხდება პოპულარული მოქალაქეებში.
სოციალურ ქსელებში არა ერთი ვიდეო და "ფეისბუქის" გვერდია უკვე შექმნილი, სადაც მოქალაქეები ამ კუთხით ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. როგორც "ფეისბუქში" შექმნილ ჯგუფებში ამ საიტების მომხმარებლები წერენ, ინფორმირებულები არიან იმის შესახებ, რომ ეს საიტები დროებითია და შესაძლოა მალე გაუქმდეს, თუმცა არსებულ რისკებზე თვალს იმის გამო ხუჭავენ, რომ მსგავსი ჰაიპები როგორც წესი საკმაოდ მაღალ პროცენტს სთავაზობენ. სხვადასხვა ჰაიპების შემთხვევაში საუბარია, დღეში 9-10%-ის მიღებაზე.
ამასთან, საიტები ქსელური მარკეტინგის პრინციპითაც მოქმედებს. კერძოდ, კონკრეტული ჰაიპის მომხმარებელი დამატებით პროცენტს მიიღებს თუ საიტზე სხვა ადამიანსაც დაარეგისტრირებს.
სფეროს ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული სქემა ჩვეულებრივი ფინანსური პირამიდის სქემაა, სადაც შესაძლოა პირველ ეტაპზე ადამიანებმა მართლაც მიიღონ სარგებელი, თუმცა დიდია საფრთხე, რომ თანხა საერთოდ დაკარგონ. აღნიშნული განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს იმის გამოც, რომ მსგავსი საიტები უცხოეთშია რეგისტრირებული და შესაბამისად, თანხის დაბრუნების შანსიც ნაკლებია.
განაგრძეთ კითხვა