საგარეჯოში, ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - "112"-დან შევიდა შეტყობინება, რომ საგარეჯოში, ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩნდა ხანძარი.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ შსს-ს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ცეცხლის ქრობა დაუყოვნებლივ დაიწყეს. მეხანძრე-მაშველთა ოპერატიული მოქმედების შედეგად, ხანძარს მასიურ ტყემდე არ მიუღწევია.
მათივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, დაიწვა ტყის ქვედა საფარი. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები და ნიადაგის პრევენციული დამუშავების პროცესი.