ორთოპედთა აზრით, ცხოვრების არაჯანსაღი წესის გამო ოსტეოქონდროზი ერთგვარ ეპიდემიად იქცა. გვესაუბრება ორთოპედი სიმონ დარახველიძე:
- მიუხედავად იმისა, რომ "ქონდროს" ბერძნულად ხრტილს ნიშნავს, ტერმინი "ოსტეოქონდროზი" მთელი ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანებას არ გულისხმობს, - იგულისხმება მხოლოდ ხერხემლის ხრტილები. ეს ის ხრტილებია, რომლებიც ხერხემლის ელასტიკურობას განაპირობებს და რომელთა საშუალებითაც ვმოძრაობთ. ოსტეოქონდროზისას ირღვევა მათი სტრუქტურა და ფუნქცია. თუ დაავადება შორს არის წასული, ნეკნების პრობლემებიც იჩენს თავს.
- რა იწვევს ამ დაავადებას?
- არსებობს შინაგანი (ენდოგენური) და გარეგანი (ეგზოგენური) მიზეზები. შინაგან მიზეზებს მიეკუთვნება ემბრიონის ხერხემლის განუვითარებლობა მუცლად ყოფნის პერიოდში, გენეტიკური მიდრეკილება და ხრტილოვანი ქსოვილის ასაკობრივი ცვლილებები. გარეგანი მიზეზია ხერხემალზე დატვირთვის არასწორი, არათანაბარი განაწილება, რაც, დროთა განმავლობაში, ხრტილოვანი ქსოვილის ცვლილებას იწვევს.
მისი პროვოცირება შეუძლია ხერხემლის ტრავმას, ინფექციას, მოხრილ სიარულსა და ჯდომას, მძიმე ტვირთის აწევას და მოუხერხებელი პოზის ჩვევად ქცევას, მაგალითად, შ-ის მსგავსად ჯდომას კომპიუტერთან, მაგიდასთან და სხვა. თუმცა ოსტეოქონდროზი უვითარდებათ არა მარტო მათ, ვინც გონებრივად მუშაობს, არამედ კარგად ნავარჯიშებ ადამიანებსაც, მაგალითად, სპორტსმენებს, მტვირთავებს. არსებობს სხვა მიზეზებიც: ნივთიერებათა ცვლის მოშლა, მიკროელემენტების (უპირატესად - კალციუმის, ფოსფორის, მაგნიუმის, მანგანუმის), D ვიტამინის ნაკლებობა.
- რა არის ოსტეოქონდროზის მთავარი ნიშანი?
- მთავარი ნიშანი ტკივილია. ის შესაძლოა იგრძნოთ კისერში, მხარში, ხელში, ზურგში, მკერდის არეში - გააჩნია, სად არის დაზიანებული ნეკნთაშორისი მალები. ზოგჯერ ადამიანს ჰგონია, რომ გული აწუხებს, სინამდვილეში ტკივილის მიზეზია ნერვი, რომელიც უკვე ჩათრეულია პათოლოგიურ პროცესში. გარდა ამისა, შესაძლოა ვიგრძნოთ დაბუჟება, დაძაბულობა სხეულის ზემოხსენებულ მიდამოებში. თუ დაავადებამ ტვინის მკვებავი სისხლძარღვებიც ჩაითრია, თავს იჩენს თავის ტკივილი, თავბრუ, ყურების შხუილი, გულისრევის შეგრძნება. შესაძლოა, გულყრაც კი განვითარდეს.
- რას იტყოდით კისრის ოსტეოქონდროზზე, რომელიც, მედიკოსთა აზრით, საკმაოდ არის გახშირებული?
- ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი მართლაც ძალიან არის გავრცელებული. ეს დაავადება ურბანიზაციის, მცირე ფიზიკური აქტივობის, კვების არასათანადო რეჟიმისა და ეკოლოგიური პირობების გაუარესების შედეგია. კისრის ოსტეოქონდროზისას ხდება მალების დისტროფიული დაზიანება. ყველაზე ადრე ზიანდება მალათაშუა დისკები, რომლებიც დეფორმაციასა და ასე ვთქვათ, აშრევებას განიცდის.
ამ დაავადების კლინიკური სიმპტომები მრავალფეროვნია, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის ანატომიური აგებულების თავისებურებით აიხსნება. კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავს კისრის, თავის ქალისა და სახის ქსოვილებს. გარდა ამისა, კისრის არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს და მცირე პათოლოგიური ცვლილებაც კი მთელი ამ ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს.
- რომელ სიმპტომებს გამოყოფდით და რომელი მათგანით ვლინდება დაავადება ყველაზე ხშირად?
- ყველაზე ხშირია უსიამოვნო შეგრძნება ხელში, რომელიც მხარს, წინამხარსა და თითებს გადაეცემა "ჩხვლეტის" შეგრძნება, მგრძნობელობის მომატება ან შემცირება. ზოგჯერ ტკივილი მწვავეა, დენის დარტყმას წააგავს. ზოგჯერ მას ხელის მინიმალური დატვირთვაც კი აძლიერებს. ტკივილი ასევე ძლიერდება ხველებისას, ცემინებისას, ყველაზე მეტად კი ჯანსაღ მხარეს გადახრისას. შორს წასულ შემთხვევაში მოსალოდნელია ენის, ხელების ან ფეხების დაბუჟება, ქავილი ან ჩხვლეტა.
კიდევ ერთი სიმპტომია თავის ტკივილი. ის კეფაში აღმოცენდება და თხემ-საფეთქლის მიდამოს გადაეცემა. დამახასიათებელია ასევე ტკივილი, რომელიც ძლიერდება კისრის მოძრაობისას, უმეტესად - დილაობით, ან ერთსა და იმავე მდგომარეობაში დიდხანს ყოფნის, მაგალითად, ტელევიზორის ყურების ან მაღალ და მაგარ სასთუმალზე ძილის შემდეგ.
- როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს ადამიანი?
- აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რომელიც დაუნიშნავს სათანადო მკურნალობასა და ვარჯიშებს.
- ამბობენ, რომ ამ დაავადებისგან განკურნება თითქმის შეუძლებელია...
- მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივია: სამკურნალო ფიზკულტურა, მედიკამენტები, მასაჟი, - თუმცა ვითარება უსაშველო ნამდვილად არ არის. უბრალოდ, მკურნალობის პროცესი პაციენტისგან დიდ მოთმინებასა და ძალისხმევას მოითხოვს.
ექიმი გვირჩევს
ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკა
დაზიანებული ხერხემლის კორექცია მცირე ასაკიდანვე უნდა დაიწყოს. თუ შეამჩნიეთ, რომ ბავშვი მოხრილი ზის მაგიდასთან ან კომპიუტერთან, ხერხემალზე კი ხელით პატარა დეფექტი ისინჯება, ექიმს უნდა აჩვენოთ, რომელიც მას სათანადო სავარჯიშოებს დაუნიშნავს. ვარჯიში ქმნის კუნთების ერთგვარ ბუნებრივ კორსეტს, რომელიც ხერხემალს სჭირდება. გარდა ამისა, აუცილებელია ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც საჭირო ვიტამინებს შეიცავს. ასეთია თევზი, კომბოსტო, ნიგოზი, მზესუმზირა, რძე და რძის ნაწარმი.
გახსოვდეთ
ჭარბი წონა ხერხემლის მტერია. მძიმე ტვირთის გადატანისას კი სიმძიმე ორივე ხელისთვის თანაბარი უნდა იყოს. თუ ტვირთი საკმაოდ მძიმეა, უმჯობესია, ის ზურგჩანთით ატაროთ, ვიდრე ხელჩანთით. საზოგადოდ, ერიდეთ მძიმე ტვირთის ხელით აწევას, რადგან არავინ იცის, როდის დაზიანდება ესა თუ ის მალა.
ლიკა კერატიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)