"პირველ არხზე" გადაცემები დაიხურა

"პირველ არხზე" გადაცემები დაიხურა

"პირველ არხზე" დღეიდან გადაცემები დაიხურა. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის გია ჭანტურიას განცხადებით, ეთერში გავა მხოლოდ საინფორმაციო პროგრამა "მოამბე", პოლიტიკური თოქშოუები და გასართობი პროგრამები კი შეწყდება.

მისივე განმარტებით, გადაცემები დაიხურა "პირველ არხის" რეორგანიზაციის ადრე შემუშავებული გეგმის მიხედვით, თუმცა, ეს პროცესი დააჩქარა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატმა, რომლის ექსკლუზიური ჩვენების უფლება საქართველოში "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" შეიძინა.

მსოფლიო ჩემპიონატი დღეს იწყება და ივლისის ბოლოს მთავრდება. "მაუწყებელზე დღეში დაახლოებით ხუთი მატჩის ჩვენება შედგება, რაც ძალიან დიდ დროს მოითხოვს. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გადაცემები ამ დროისთვის შეჩერდეს", - განაცხადა ჭანტურიამ.

"პირველ არხზე" ახალი სატელევიზიო სეზონი, ახალი საეთერო ბადით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყება. მანამდე კი, მთლიანად "საზოგადოებრივი მაუწყებლის" რებრენდინგი მოხდება, რათა მაუწყებლის ყველა არხს ერთიანი სახე ჰქონდეს.

ჭანტურიას თქმით, გადაცემების დახურვას სამსახურიდან თანამშრომელთა დროებით გაშვება მოჰყვა, თუმცა, ნაწილს ისედაც ამოეწურა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დადებული კონტრაქტი, რომელიც ახალ სატელევიზიო სეზონამდე აღარ გაგრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები