რა სახის ცხოველური პროდუქტების გაიყიდვა აიკრძალება ბაზარზე

რა სახის ცხოველური პროდუქტების გაიყიდვა აიკრძალება ბაზარზე

იკრძალება ვეტერინარული ზედამხედველობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არამხოლოდ ხორცის, არამედ ზოგადად, ცხოველის დაკვლის შედეგად მიღებული ცხოველური პროდუქტების ბაზარზე განთავსება, - აღნიშნული განმარტება აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც მეორე მოსმენით, მუხლობრივად, "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში" ცვლილები განიხილეს.

კოდექსში შესატანი ცვლილებები ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარეობს.

გარდა ამისა, როგორც ოთარ დანელიამ განმარტა, მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული გამარტივებული მოთხოვნები აღარ გავრცელდება ბიზნესოპერატორებზე, რომლებიც ახორციელებენ სურსათის, ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებას და დისტრიბუციას.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი სიახელეა ის, რომ კოდექსს ემატება ნორმები, რომლითაც განისაზღვრება ვალდებულება არარეგისტრირებული, ვადაგასული, გამოსაყენებლად უვარგისი და ეტიკეტირების წესის დარღვევით წარმოებული ვეტერინარული პრეპარატების ბაზარზე განთავსების აღკვეთის და ბაზარზე განთავსებულის გამოთხოვის თაობაზე.

დანელიას ინფორმაციით, დაზუსტა პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ნორმები - შესაძლებელი ხდება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენა.

კანონპროექტის თანახმად, სავალდებულო ხდება იმ ბიზნესოპერატორის აღიარება, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან ან/და ბაზარზე განთავსებასთან. ასევე, კანონპროექტში დამატებულია იმ ბიზნესოპერატორის აღიარების ვალდებულებაც, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის მართვასთან ან მცენარეთა დაცვის სფეროსთან.

კანონპროექტით, ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ცხოველთა მოშენებას, რეალიზაციას ან/და დაკვლას, ვალდებულია დაკვლის შედეგად მიღებული ცხოველური პროდუქტის ბაზარზე განთავსების მიზნით, ცხოველის დაკვლა ვეტერინარული ზედამხედველობით განახორციელოს.

კანონპროექტის თანახმად, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლების, ეტიკეტისა და წარდგენის მოთხოვნებთან შესაბამისობა მონიტორინგის ფარგლებში დგინდება ნიმუშის აღების და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევის გზით. რაც შეეხება ეტიკეტის, წარდგენის და შენახვის პირობების, ასევე მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესაბამისობის შემოწმებას, აღნიშნული ხორციელდება ვიზუალური შემოწმებით და არ არის აუცილებელი ნიმუშის აღება და ლაბორატორიაში შემოწმება. კანონპროექტის შესაბამისად, დაკორექტირდა ინსპექტირებისა და მონიტორინგის პროცედურები.

შემოდის ახალი და მკაცრდება უკვე არსებული პასუხისმგებლობის ზომები. ბიზნესოპერატორის მიერ მავნე სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება, ან/და ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღებასთან ან/და მომხმარებლისთვის მიწოდებული მავნე სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან გამოთხოვასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა ბიზნესოპერატორის 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში ბიზნესოპერატორის 3000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

პასუხისმგებლობა სურსათის/ცხოველის საკვების შენახვისას ტემპერატურული რეჟიმების დარღვევისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორისათვის განისაზღვრა 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორისთვის კი 500 ლარის ოდენობით.

კანონპროექტით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესის დარღვევისთვის, ასევე ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული საქმიანობასთან დაკავშირებული წესების დარღვევის გამო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი