კობა დავითაშვილი უკურნებელ დაავადებას ებრძვის - "ძალიან მძიმედ ვიყავი - სიცოცხლე აღარ მინდოდა"

კობა დავითაშვილი უკურნებელ დაავადებას ებრძვის - "ძალიან მძიმედ ვიყავი - სიცოცხლე აღარ მინდოდა"

ცნობილი პოლიტიკოსი, აქტიური ოპოზიციონერი, იურისტი კობა დავითშვილი მძიმე ავადმყოფობის გამო რამდენიმე წელი დეპრესიაში იყო. საჯაროდ აღარ ჩანდა და ჟურნალისტებთან კონტაქტზეც არ გამოდიოდა. როგორც აღმოჩნდა, დავითაშვილი უკურნებელ დაავადებას ებრძვის. პოლიტიკოსს ე. წ. ბეხტერევის დაავადების დიაგნოზი მიმდინარე წლის ითვლისში დაუსვეს, მაშინ, როცა სიმპტომებმა თავი იჩინა. მან აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცლად ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა. პოლიტიკოსის თქმით,  ეს დაავადება კარგად აქვს შესწავლილი და დარწმუნებულია, რომ ის იმ ძლიერი ტრავმების შედეგად განუვითარდა, რაც 2007 წლის 7 ნოემბერს მიაყენეს, როცა მიტინგის დროს სპეცრაზმელები თავს დაესხნენ, სასტიკად სცემეს და სიკვდილის პირამდე მიიყვანეს.

- ბატონო კობა, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ საზოგადოებამ იცოდა, მაგრამ როგორ ხართ, რა დაავადება გაქვთ, რატომ არ ჩანხართ, ყველას აინტერესებს...

- ახლა უკეთესად ვარ, სიარულ შემიძლია. წელის ტკივილები რამდენიმე წელი მაწუხებდა, მაგრამ დიაგნოზს ვერ მისვამდნენ. ვვარაუდობდი, რომ ეს იყო ხერხემლის დაზიანება, დისკოზს რომ ეძახიან, მაგრამ უფრო რთულია, ე. წ. ბეხტერევის დაავადება აღმოჩნდა, რომელიც მთელი ხერხემლის მალების ანთებას გულისხმობს. ეს არის ავტოიმუნური დაავადება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი იმუნური სისტემა საკუთარ სხეულს ებრძვის. ეს იშვიათი და ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი დაავადებაა. დიაგნოზირება ასე გვიან იმიტომ მოხდა, რომ სანამ არ გამოიკვეთება სიმპტომები, ვერ დგინდება. საშუალოდ, 10 წელიწადში ხდება ხოლმე სიმპტომების გამოკვეთა. ზუსტად 10 წელი გავიდა 2007 წლის 7 ნოემბრიდან. ივლისის ბოლოდან დამეწყო მგრძნობელობის დაქვეითება ფეხებში და ახლა ფეხებს ვერ ვგრძნობ. ნელ-ნელა ზემოთ მიწევდა და წელზემოთ ამოვიდა. მკურნალობამ ცოტა შეაჩერა ეს პროცესი და ცოტა ქვემოთ ჩაიწია. დაავადება არ იკურნება, მაგრამ მთავარია, მდგომარეობა არ გაუარესდეს და სიარული შევძლო... იყო მომენტები, საერთოდ ვეღარ ვდგებოდი. ერთი-ორჯერ წავიქეცი კიდეც, რადგან ფეხებს ვერ ვაკონტროლებდი. რევმატოლოგებთან დავიწყე მკურნალობა - ეს მათი პროფილია. მგრძნობელობა ერთია და ამას თან დაერთო გაუსაძლისი ტკივილები. შევაწუხე ოჯახი, მეზობლები… ღამე არ მეძინა.

- რითი მკურნალობთ?

- ბიოლოგიური პრეპარატით, იმუნოდეპრესანტით ვმკურნალობ. ვინაიდან ჩემი იმუნური სისტემა ებრძვის ჩემს ხერხემალს და სხვა ორგანოებს, საჭიროა, ჩემი იმუნური სისტემა დაითრგუნოს. ერთი გადასხმა 3 200 ლარი ჯდება. თავიდან პირველი ორი თვის განმავლობაში, სამჯერ უნდა გადამისხან და მერე - ორ თვეში ერთხელ. ასე უნდა იყოს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

მეგობრები დამეხმარნენ და პირველი გადასხმა გუშინ გავიკეთე (ინტერვიუ ჩაწერილია 12 ნოემბერს. ავტ.). აშკარა შედეგს ვგრძნობ.

- როგორც თქვით, თქვენს დავადებას დეპრესია ახლავს. თქვენც გამოიარეთ ეს მდგომარეობა?

- დიახ და ჩემი დეპრესია წლები გრძელდებოდა. თურმე დაავადების სიმპტომი ყოფილა. ძალიან მძიმედ ვიყავი - სიცოცხლე აღარ მინდოდა. ექიმთან არ მივდიოდი, გული მწყდებოდა, რომ 2007 წელს არ მომკლეს, რადგან კარგი გმირული სიკვდილიც გამოვიდოდა მაშინ. მაინც ხომ ვკვდებით და კარგად მაინც მოვკვდე! სულ სახლში ვიყავი, კომპიუტერით ვთამაშობდი. მერე ესეც მომბეზრდა და საერთოდ აღარაფრის ხალისი მქონდა. ვიწექი გამოშტერებული. არადა ამ დაავადების დროს მუდმივად უნდა იმოძრაო, რომ არ გაქვადე. ხერხემალი ქვავდება და ძეგლად იქცევი კაცი. ძეგლს არავინ მიდგამს და ასე მაინც ვიქცე - დაავადებაც ასეთი უნდა.

რუსუდან ადვაძე

გაზეთი "სარკე"

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 36 პაციენტი გარდაიცვალა

დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 2 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია გადანაწილება რეგიონების მიხედვით