"მე გოგოს მამა ვარ და ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტიტულია" - ახალგაზრდა მამის ემოციური წერილი

"მე გოგოს მამა ვარ და ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტიტულია" - ახალგაზრდა მამის ემოციური წერილი

მე გოგოს მამა ვარ. 6 წლის ნენეს მამა. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტიტულია. ვერც წარმომიდგენია, როგორი იქნებოდა ყველაფერი, მე რომ ნენეს მამა არ ვყოფილიყავი. როცა მე და ჩემმა მეუღლემ გავიგეთ, რომ პატარა შეგვეძინებოდა, ბევრმა გვკითხა - რა გინდათ?! ამაზე ცუდი კითხვა არც მანამდე და არც მას შემდეგ, არ გამიგია. ჯერ არა რა გინდათ რომ გეყოლოთ, არამედ ვინ! და მეორეც, როგორ შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს სქესს, როდესაც საქმე შვილს ეხება?! მე მინდოდა შვილი და არა გოგო ან ბიჭი. ასე იქნება, მაშინაც როცა მეორე შვილი გვეყოლება, მესამეზეც და ყველა მომდევნოზე.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა საშინელი სტატისტიკა, თურმე ბიჭის ყოლის სურვილის გამო, ბოლო 25 წელში 31 446 გოგო ვერ დაიბადა ანუ მშობლებმა მოკლეს საკუთარი შვილი იმის გამო, რომ ის საბრალო ნაყოფი იმ სქესის არ იყო, რომელიც მშობელს სურდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არც ერთი ცხოველი არ გააკეთებს ამას ადამიანის გარდა!

ბევრი ალბათ იტყვის რომ რა ვქნა, ბევრი შვილის გაზრდის საშუალება არ მაქვს, ამიტომ მინდა ბიჭი მყავდეს, რომ გვარი გაგრძელდესო. შეიძლება ბევრ გოგოლაძეს ეწყინოს, მაგრამ მირჩევნია მილიონი ნენე იყოს და არც ერთი გოგოლაძე, ვიდრე პირიქით!

გოგოს მამა ხარ, არ იცის ბიჭის სიყვარული და ასე იმიტომ ამბობო - ბევრს უთქვამს და ალბათ კიდევ ბევრი მეტყვის, თუმცა ასე მგონია რომ სიყვარული შვილის სქესით არ ფასდება, როდესაც შენთვის მთავარია სიცოცხლე და არა სქესი, იმავეს იტყვი, თუნდაც 100 ბიჭი გყავდეს.

გოგოს დაცვა ხომ უნდა, ამიტომ მინდა ბიჭი - ასეთი შთაგონებით გაზრდილი გოგო, მუდამ დასაცავი იქნება, მას ბავშვობიდანვე ჩანერგილი აქვს რომ ძმამ, მამამ ან სხვა ვინმემ (აუცილებლად კაცმა) უნდა დაიცვას და როცა გარშემო დამცველი კაცი არაა, ხდება ძალადობის მსხვერპლი, თან ისე რომ ხმის ამოღების შიში აქვს და ითმენს ჩაგვრას. მე ჩემ შვილს აუცილებლად გვერდში დავუდგები, ყველაფერში ხელს შევუწყობ, მაგრამ არა იმიტომ რომ გოგოა, ბიჭსაც ასევე დავეხმარებოდი.

ჩემი ნენე, მსოფლიოში ყველაზე ძლიერია, თვითონაც იცის რომ ასეა, მისი ნახატებიც მსოფლიოში ყველაზე ლამაზია, ცოცხლები რომ იყვნენ პიკასო და გოგენი, ფეხქვეშ გაეგებოდონენ, ჰოდა ასეთ გოგოზე როგორ შეიძლება ადამიანმა უარი თქვა?! ის 31 446 ბავშვი, უკლებლივ ყველა, საკუთარი მშობლების ნენეები იყვნენ, მაგრამ ერთი გადაწყვეტილებით მინიმუმ 31 446 შედევრი გაანადგურეს...

უბედურებაა, რომ ამ ყველაფრისკენ საზოგადეობა გვიბიძგებს. ბიჭის ყოლა აუცილებელ საქმეთა ჩამონათვალში შედის, მაგრამ თუ ქალიშვილი არ გყავს ეს არაა დანაშაული, მთავარია რომ ბიჭი გყავდეს, მაშინ ვალი მოხდილია.

მე გოგოს მამა ვარ და ეს დიდი ბედნიერებაა!

ლადო გოგოლაძის ბლოგი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი