ზამთრის მოახლოებასთან ერთად მავნებელი ფაროსანა გამოსაზამთრებლად დახურულ შენობებში იბუდებს. სწორედ ამიტომ მათთან ბრძოლა ღია საველე პირობებიდან დახურულ სივრცეებში ნაცვლებს. ასეთ დროს ფაროსანას მექანიკური განადგურება საუკეთესო გამოსავალია.
დიდი რაოდენობით ფაროსანას განადგურებას შეძლებთ, თუ დაამზადებთ მარტივი კონსტრუქციის კონსტრუქციის მუყაოს ყუთს, რომელშიც მუყაოს ფირფიტებს ჩაალაგებთ. მიღებული მოწყობილობა სახლის მახლობლად მოათავსეთ. მავნებელი თქვენ სახლში შემოსვლამდე სწორედ ამ ყუთს დაინახავს და მას შეაფარებს თავს გამოსაზამთრებლად. მასში დაგროვებული დიდი რაოდენობის ფაროსანას ერთიანად გაანადგურებთ.
თუ ფაროსანამ თქვენს სახლში მაინც შეაღწია, გამოიყენეთ მტვერსასრუტი.
მართალია, ახლა ფაროსანას ძილის პერიოდი აქვს და მათმა უმეტესობამ თავი უკვე შეაფარა შენობებს, მაგრამ მავნებლების ნაწილი ფოთლებში კვლავ ბუდობს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ ხეების გასხვლის, მცენარეების გასუფთავების შედეგად დაგროვებული მასა ნეიტრალურ ტერიტორიაზე გაიტანოთ და დაწვათ. ამასთან, გასხვლისთანავე მცენარე სპილენძის შემადგენელი პრეპარატებით უნდა შეიწამლოს, რომ ახალგასხლულ მცენარეში მავნებლები არ გაჩნდნენ. გარდა სპილენძისა, უნდა შევურიოთ ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატიც მცხენარეების ნაწილს, მაგალითად, თხილს, ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა ზაფხულის დასაწყისშიც სჭირდება.
გაზაფხულზე, როცა მავნებელი იღვიძებს, აუცილებელია, რომ ფართობზე ფაროსანას ხაფანგები განათავსოთ და დააკვირდეთ, რამდენი მავნებელი დაგროვდება. ამის მიხედვით განსაზღვრავთ, ფართობზე მოდებულია თუ არა ფაროსანა. მავნებლის წინააღმდეგ გამოიყენება "ზონდერის" ჯგუფის პესტიციდები, თუმცა გირჩევთ, ორჯერ ერთი და იმავე ნივთიერების გამოყენების შემდეგ, მესამედ სხვა შხამქიმიკატი გამოიყენოთ, რადგან ფაროსანა იმუნიტეტს გამოიმუშავებს და თუ კონკრეტული შხამქიმიკატი ორჯერ შეწამვლით შედეგს გვაძლევს, მესამედ მავნებელს ვეღარ ერევა.
აუცილებელია, რომ სოფლები და თემები მავნებელს ერთობლივად ებრძოლონ. ფაროსანას გავრცელების საშიშროების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია, რომ სრულად შეიწამლოს შენობები. სოფელში რამდენიმე შენობაც რომ დარჩეს შეუწამლავი, გაწეული შრომა ამაო აღმოჩნდება და ფაროსანას გავრცელების რისკი კვლავ მაღალი შენარჩუნდება.
სტატია მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს "საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის" (G-HIP) მხარდაჭერით