"ამჟამად გარემოში 3 ტიპის ვირუსი ცირკულირებს" - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები

"ამჟამად გარემოში 3 ტიპის ვირუსი ცირკულირებს" - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები

ამჟამად გარემოში ცირკულირებს სამი ტიპის - პარაგრიპის, ადენოვირუსები და რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ვირუსების ცირკულაცია დაბალია და მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მოუტანია.

ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, მიმდინარე სეზონზე საქართველოში გრიპის ვირუსი ჯერ არ დარეგისტრირებულა.

"ზამთრის პერიოდში რესპირაციული ინფექციებით ავადობა მატულობს. ამჟამად საქართველოში გრიპის ვირუსი ჯერ არ არის რეგისტრირებული, ევროპის რეგიონში გრიპის ვირუსების აქტივობა რჩება დაბალი, თუმცა ველოდებით, რომ გამოჩნდება გრიპის ვირუსი და მოიმატებს გრიპით ავადობა. ამის პარალელურად, ამ ეტაპზე სხვადასხვა რესპირატორული ვირუსი ცირკულირებს. გასული კვირის მონაცემებით, სულ ცოტა 3 ტიპის ვირუსი ფიქსირდება", - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ზახაშვილი გრიპის ან სხვა ვირუსული დაავადებების პრევენციისთვის მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს.

პირველ რიგში, ხათუნა ზახაშვილი, მოსახლეობას იმუნიზაციის ჩატარების რეკომენდაციით მიმართავს. გარდა ამისა, მისი რჩევაა, ვირუსის მატარებელი ადამიანი მოერიდოს ვირუსის გავრცელებას და თავი შეიკავოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მისვლისგან. ასევე, რეკომენდებულია, ხელების ხშირი დაბანა, საცხოვრებელი და სამუშაო სივრცეების განიავება და სველი წესით დასუფთავება.

"გრიპის პრევენციისთვის ჩვენი რეკომენდაციაა იმუნიზაციის ჩატარება, რადგანაც გრიპის საწინააღმდეგო აცრა ადამიანს იცავს მაღალი ავადობისგან, მძიმედ მიმდინარე დაავადებისგან და იცავს გრიპის ძალიან მძიმე გართულებისგან, რაც ლეტალობაში გამოიხატება. ვაქცინას ეს თვისება აქვს და განსაკუთრებით რეკომენდებულია, გრიპის გართულების რისკის ჯგუფის ადამიანებისთვის. ჯერ კიდევ კარგი პერიოდია, რომ ჩატარდეს გრიპის ვაქცინაცია, ის იქონიებს პროფილაქტიკურ შედეგს და აცრილი ადამიანები ან არ დაავადდებიან, ან თუ დაავადდებიან, მათი სიცოცხლისთვის სახიფათო არ იქნება.

გრიპისა და სხვა რესპირაციული ვირუსების გავრცელების შეზღუდვისთვის კიდევ 2 სახის რეკომენდაცია შეიძლება გამოვყოთ. პირველი ის, რომ არ გაავრცელოთ ვირუსი და მეორე, მკურნალობა ჩაიტარეთ ექიმის დანიშნულებით.

რას ნიშნავს, არ გაავრცელოთ ვირუსი? ნებისმიერი ვირუსი გავრცელების წვეთოვანი მექანიზმით ხასიათდება, რაც ნიშნავს იმას, რომ დაავადების მიმღებნი ხდებიან ვირუსის მქონესთან ერთ მეტრ რადიუსში მყოფი პირები. ვინც ხდება ავად, მოწოდებაა, რომ დარჩეს სახლში, არ გავიდეს ფართო საზოგადოებაში და არ გაავრცელოს გარშემო ვირუსი.

გარდა წვეთოვანი მექანიზმისა, ინფექციები გადადის ჩვენივე ხელის დახმარებით. ჩვენ ვეხებით ზედაპირებს, რაზეც შეიძლება იყოს დალექილი ვირუსები, მათ ძალიან იოლად ვიწებებთ ხელებზე, ხელები მიგვაქვს ცხვირთან, ტუჩებთან, თვალებთან, რაც ინფექციის შეჭრის კარიბჭეა. ამიტომ, ხშირად დავიბანოთ ხელები წყლითა და საპნით. ასევე აუცილებელია, საცხოვრებელი თუ სამუშაო გარემოს განიავება და სველი წესით დასუფთავება", - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

მისი თქმით, მიმდინარე სეზონზე საქართველოში გრიპის ვირუსი ჯერ არ დარეგისტრირებულა, ამჟამად კი გარემოში ცირკულირებს სამი ტიპის - პარაგრიპის, ადენოვირუსები და რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი