"უკვე 13 წელია აივ პოზიტიური ვარ, შევქმენი ოჯახი და მყავს ორი ჯანმრთელი შვილი" - ახალგაზრდა ქალის ემოციური ისტორია

"უკვე 13 წელია აივ პოზიტიური ვარ, შევქმენი ოჯახი და მყავს ორი ჯანმრთელი შვილი" - ახალგაზრდა ქალის ემოციური ისტორია

1-ელი დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღეა. საქართველოში აივ/შიდსით სავარაუდოდ 12 000 პირია ინფიცირებული, შიდსის შედეგად კი 1 339 გარდაიცვალა. აივ/ინფიცირებულთა მიმართ სტიგმა დღემდე არსებობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში.

AMBEBI.GE-ს რესპონდენტი 36 წლის ნანაა (სახელი შეცვლილია). ის უკვე 13 წელია აივ-ინფიცირებულია. ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას გვიყვება:

"სამედიცინო უნივერსიტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა აივ-ინფიცირებულს ცოლად გავყევი. ამის შესახებ ვიცოდი და ჩემი მყარი გადაწყვეტილება იყო მას ცოლად გავყოლოდი. საუბედუროდ, ის 2 თვეში გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა იმის პრევენცია, რომ მეც არ დავინფიცირებულიყავი, მაგრამ ეს ვერ ავირიდეთ თავიდან... იმის მიუხედავად, რომ დავინფიცირდი, ეს არ ყოფილა ჩემთვის ტრაგედია. უკვე 13 წელიწადია, რაც აივ/პოზიტიური ვარ. შევქმენი ოჯახი და მყავს ორი ჯანმრთელი შვილი. დაინფიცირებიდან 8 წლის შემდეგ პირველი შვილი გამიჩნდა, შემდეგ მეორეც და ახლა უკვე მესამე შვილზე ვფიქრობ...

მინდა ყველას საყურადღებოდ ვთქვა, ეს არ არის ტრაგედია - ამას გულით ვამბობ! ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ვმუშაობ, უბრალოდ ჩემს სისხლში "რაღაც ისე ვერ არის", რისთვისაც მედიკამენტებს ყოველდღიურად ვიღებ. ყველა ინფიცირებულს მოვუწოდებ, საკუთარი თავის რწმენა ჰქონდეს და იყვნენ შემართებულები, რადგან აივ/შიდსი აღარ არის სასიკვდილო დაავადება.

საქართველოში ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ სიცოცხლე შევინარჩუნოთ. თუ ჩავიტარებთ მკურნალობის სწორ კურსს, სიცოცხლისთვის საშიში ნამდვილად არ არის ეს ვირუსი. ასევე, კარგი იქნება თუ ცხოვრების ჯანსაღ წესს მივყვებით. სპორტი ძალიან კარგია, თუმცა მე ამისთვის დრო არ მრჩება. არავითარი დიეტა ამ ვირუსს არ სჭირდება, ერთადერთი დისკომფორტი არის მედიკამენტების მიღება, თუმცა ისეთი პროგრესი აქვს მედიცინას ამ მხრივ, რომ პრეპარატების მიღების რაოდენობაც მალე შეიზღუდება", - ამბობს ნანა.

2017 წლის 11 თვის მონაცემებით, აივ/შიდსის 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - აღნიშნული მონაცემები, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა გაასაჯაროვა.

ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია აივ/შიდსის 6 711 შემთხვევა, მათგან 5013 მამაკაცი და 1698 ქალია, ინფიცირებულთა უმრავლესობის ასაკი 29-დან 39 წლამდეა.

შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, განსაკუთრებით საგანგაშოა მამაკაცებს შორის სქესობრივი კავშირის შედეგად ვირუსის გავრცელების შემთხვევები და ამ მხრივ, ბოლო 10 წლის განმავლობაში გავრცელების მაჩვენებელი 5%-დან 25%-მდე გაიზარდა.

"ნარკომომხმარებლებს გადააჭარბა ჰეტეროსექსუალური გზით გადაცემის შემთხვევებმა. 44% მოდის ჰეტეროსექსუალური გზით გადაცემის შემთხვევებზე, ხოლო 43% - ნარკომანიის, მაგრამ განსაკუთრებით აღინიშნება საგანგაშო ზრდა მამაკაცებს შორის სქესობრივი კავშირის გზით. ამ მხრივ, ბოლო 10 წლის განმავლობაში გავრცელების მაჩვენებელი 5%-დან გაიზარდა 25%-მდე. ყოველ მეოთხე მამაკაცს, რომელსაც აქვს სქესობრივი კავშირი მამაკაცთან, აქვს შიდსი", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში შიდსზე გამოკვლევა C ჰეპატიტის პროგრამას მიებმება. ხელი მოეწერა ინიციატივას და დეკლარაციას "დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში", რომელიც ითვალისწინებს 2020 წლამდე შიდსით ინფიცირების სრულად აღმოფხვრას.

ინიციატივა გულისხმობს, თავდაპირველად, გამოვლინდეს შიდსით დაინფიცირებულთა რაოდენობა, შემდეგ კი განხორციელდეს მათი მკურნალობა. შიდსის კვლევა მიებმება C ჰეპატიტის პროგრამას. უფრო კონკრეტულად კი, C ჰეპატიტის პროგრამაში ისედაც ხდება წელიწადში ათასობით ადამიანის გამოკვლევა და ყველა მათგანის სისხლს, ვისაც C ჰეპატიტზე გამოიკვლევენ, ასევე შეამოწმებენ შიდსზე.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი