ხორავას ქუჩაზე დაჭრილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს.
„პაციენტი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია და განაგრძობს მკურნალობას, აღენიშნება დადებითი დინამიკა. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. გონზე არ მოსულა“, - აცხადებენ საავადმყოფოს პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, გუშინ პაციენტს ერთი ოპერაცია ორ ეტაპად ჩაუტარდა.
„გუშინ ერთი ოპერაცია ჩატარდა. საოპერაციოშივე დინამიკაში დაკვირვება მიმდინარეობდა, კიდევ გახდა საჭირო ჩარევა. ერთი ოპერაცია ჩატარდა ორ ეტაპად“, - აცხადებენ საავადმყოფოს პრესსამსახურში.
გუშინ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.