ვინ იყო ქართველი, რომელიც ღაზას სექტორში ეკლესია-მონასტრებს აშენებდა - წმინდა მიწაზე მორიგი უნიკალური აღმოჩენის დეტალები

ვინ იყო ქართველი, რომელიც ღაზას სექტორში ეკლესია-მონასტრებს აშენებდა - წმინდა მიწაზე მორიგი უნიკალური აღმოჩენის დეტალები

ცოტა ხნის წინ, ქალაქ აშდოდში, ზღვის სანაპიროსთან, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, V საუკუნის მონასტრის მოზაიკა აღმოჩნდა, რომლის აშენება ქართული ქორონიკონით თარიღდება - ეს უნიკალური აღმოჩენა წმიდა მიწაზე ძლიერი ქართული კოლონიის არსებობის კიდევ ერთი დასტურია და იმის, რომ ქართველები არა მარტო იერუსალიმში, არამედ მთელ ტერიტორიაზე ყველაზე გავლენიანი თემი იყო.

ამ ინფორმაციას კიდევ ერთი ისტორიული ფაქტიც ადასტურებს, რომ პეტრე იბერი (ქართველი თეოლოგი, ფილოსოფოსი) მაიუმის (ღაზა) ეპისკოპოსი გახლდათ და იერუსალიმში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, ახლანდელ ღაზას სექტორში ეკლესია-მონასტრებს აშენებდა... აშდოდი იერუსალიმიდან 70 კილომეტრით არის დაშორებული, ხოლო პეტრე იბერის ადგილსამყოფელი 40-50 კილომეტრში იყო... თუ არ ხარ გავლენიანი და ძლიერი თემი, შეუძლებელია ქართული ქორონიკონით თარიღდებოდეს ესა თუ ის ბიზანტიური ძეგლი. ასე რომ, ქართული თემი იყო არა მხოლოდ იერუსალიმში, არამედ ხმელთაშუაზღვის სანაპიროზეც.

ამიტომ, როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს ახალი აღმოჩენა, ახლო აღმოსავლეთში ქართველების მოღვაწეობის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იქნება.

მანამდე კი მივყვეთ პეტრე იბერის ცხოვრებას და გავარკვიოთ თუ როგორ აღმოჩნდა აღთქმულ მიწაზე.

პეტრე იბერი იყო იბერიის მეფის შვილი, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა 411-491 წლებში. ერისკაცობაში მურვანოსის სახელით იცნობდნენ.

საქართველოს გაქრისტიანების შემდეგ კულტურული კონტაქტები იერუსალიმთან გაფართოვდა. დაიწყეს საეკლესიო წიგნების თარგმნა, რელიგიური მისწრაფებები ქართველ მორწმუნეებს იერუსალიმისაკენ და პალესტინის სხვა წმინდა სავანეებისკენ უბიძგებდა და IV საუკუნის მეორე ნახევრიდან პალესტინაში პირველი ქართველებიც გამოჩნდნენ. აგებდნენ საკუთარ ეკლესია-მონასტრებს, სახლებს. იერუსალიმის პირველი ქართველი მომლოცველებიდან თავისი წარმომავლობით, განათლებით, საქმიანობის მასშტაბით, პეტრე იბერი გამოირჩევა.

12 წლის ასაკში კონსტანტინოპოლში, ბიზანტიის კეისრის კარზე მძევლად გაგზავნეს. მისი სწავლა-აღზრდის საქმე კოლხეთიდან მოწვეულ ქართველ ფილოსოფოს მითრიდატეს მიანდეს. ბიჭს ნიჭი ჰქონია და კარგი საეკლესიო და ფოლოსოფიური განათლება მიუღია. მთელ დღეს ლოცვაში, მარხვაში ატარებდა და ადამიანთა განკურნების უნარიც ჰქონია.

შემდეგ კი სულიერი და ინტელექტუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რამდენიმე ქართველთან (მითრიდატე ლაზთან და ზაქარია ქართველთან) ერთად, სასახლიდან გაიპარა და პალესტინაში გადასახლდა, ბერად აღიკვეცა და იწოდა პეტრედ.

452 წელს პეტრე იბერი მაიუმის (ღაზა) ეპისკოპოსად აკურთხეს. პალესტინასა და ეგვიპტეში ბევრი მონასტერი ააშენა, მათ შორის, იერუსალიმში - ქართველთა მონასტერი, სასტუმრო სახლი და დააარსა სკოლა. ეგვიპტეში პეტრეს აშენებულია თებეს ნეკროპოლში მდებარე ეკლესია; იერუსალიმში, სიონის ეკლესიასთან, დავითის კოშკის სიახლოვეს, "იბერთა მონასტერი" აუშენებია.

1652 წელს იტალიელმა არქეოლოგმა კორბომ იუდას უდაბნოში ქართული მონასტრის ნანგრევები აღმოაჩინა, რომლის იატაკი შემკული იყო ქართული ასომთავრულით შესრულებული მოზაიკური წარწერებით. წარწერაში მოხსენიებული პირები იდენტიფიცირებულნი არიან პეტრე იბერთან (მურვანოსი), მის მამასთან (ბურზენი) და პაპასთან (ბაკური). ამ მონასტრის აშენებაც პეტრე იბერის სახელთანაა დაკავშირებული.

შუა საუკუნეების ქრისტიანულ საღვთისმეტყველო-ფილოსოფიურ ლიტერატურაში ცნობილია ე.წ. "არეოპაგიტული კორპუსი". დიდი ხნის განმავლობაში მის ავტორად I საუკუნეში მოღვაწე დიონისე არეოპაგელი მიიჩნეოდა, რომელსაც თვით მოციქულ პავლესგან ჰქონდა მოსმენილი ქრისტეს მოძღვრება. "არეოპაგიტული კორპუსის" დიონისე არეოპაგელისადმი მიწერა XIV საუკუნეში ბიზანტიელმა და დასავლეთ ევროპელმა ჰუმანისტებმა ეჭვის ქვეშ დააყენეს. XIX საუკუნიდან კი მის ავტორად პეტრე იბერი მიიჩნიეს. "არეოპაგიტული კორპუსის" ავტორთან მისი იდენტიფიკაცია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ქართველმა მეცნიერმა შალვა ნუცუბიძემ და ბელგიელმა მეცნიერმა ერნესტ ჰონიგმანმა მოახდინეს.

პეტრე იბერი XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე იქნა აღიარებული და წმინდანად შერაცხული. მისი ხსენების დღედ 3 დეკემბერი დაწესდა.…

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი