"ქართული პრესა, ტელევიზია, მწერლობა თურმე იმისთვის ესწრაფვოდა თავისუფლებას, რომ გენიტალიების ხსენებით ეჯერებინა გული. თხუთმეტსაუკუნოვანი ქართული მწერლობა ისე ხატავდა თამამ ეროტიკულ პასაჟებს, ერთხელაც არ დაურღვევია გენიტალიებზე დადებული ტაბუ; რამდენიმე წელიწადში კი ქართულ პრესაში, ქართულ წიგნში ამ ტაბუს დარღვევის ყველა რეკორდი მოიხსნა, ამ მხრივ ჩვენ მსოფლიოში ნამდვილად პირველ ადგილზე გავედით!" - წერს ლევან ბრეგაძე ესეში "ლაშქრობა სიყვარულის წინააღმდეგ".
მისივე აზრით, "ის, რაც ამ "ხაზით" ჩვენს პრესაში და, საერთოდ, მასობრივად გასავრცელებელ ნაბეჭდ პროდუქციაში ხდება, შეიძლება ძალიან ზუსტად დახასიათდეს ერთი ჟარგონული სიტყვით - "გოიმობა". ამ გოიმობის წინაშე უმწეო აღმოჩნდა ჩვენი "განათლებული" საზოგადოება, უმწეო აღმოჩნდა ჩვენი "მძლავრი" შემოქმედებითი კავშირები, მსოფლიო მასშტაბით სახელგანთქმული ჩვენი ჰუმანიტარული ინსტიტუტები...
ტაბუს დარღვევა არასოდეს რჩება დაუსჯელი. თუკი პოლიტიკური ტაბუს დარღვევისთვის (რაც გმირობაა!) სახელმწიფო გვსჯის, მორალური ტაბუს დარღვევისთვის (რაც ამორალიზმია!) - საკუთარი არაცნობიერი. ნურავინ იფიქრებს, რაკი მორალური კანონები ადამიანის "მოგონილია", რაკი მორალური შეზღუდვები ადამიანთა დადგენილია, ადამიანთა კონვენციის, შეთანხმების (ჩვეულებრივ, უსიტყვო შეთანხმების!) შედეგია, მათთვის ანგარიშის გაწევა აუცილებელი არ იყოს. მორალით, ეთიკური ნორმებით ადამიანი უძლიერეს ინსტინქტებს იზღუდავს; რატომ გაიჭირვებდა ამდენს, ეს რომ მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი არ იყოს! ადამიანად ყოფნას, ადამიანურად ცხოვრებას ძალისხმევა სჭირდება, რაც რუსთაველმა ასეთი მოწოდებით გამოხატა: "რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა".
ბუნებრივია, კაცმა იკითხოს: რატომ გავაკეთო ის, რაც არ მწადს, რატომ გავიჭირვო ასე, რატომ არ შეიძლება წადილთა ნებას მივსდიო? რა მოხდება, თუ წადილთა ნებას ავყვებით? სხვათა შორის, დიდი არაფერი - ცხოველთა უზარმაზარ და მრავალფეროვან სამყაროს ჩვენი სახით ერთი ეგზემპლარიც შეემატება!
ტაბუ გენიტალიებზე აუცილებლია ადამიანთა ადამიანური არსებობისათვის. უცნაურია ეს? ნამდვილად უცნაურია! შეიძლება ამაზე უცნაური არც არაფერი იყოს ქვეყანაზე! საერთოდ, დიდი უცნაური რამ არის მორალი. გაიხსენეთ იმანუილ კანტის ნათქვამი: "ორი რამ აღავსებს ჩემს სულს სულ უფრო მზარდი განცვიფრებითა და მოწიწებით (...) - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემ ზემოთ და მორალური კანონი ჩემში".
აღნიშნულ წერილში ლიტერატორი ფსიქოლოგებს - იუნგს, ფროიდს და ფრანკლინს იშველიებს: "მე ჩემს თავს ვერასოდეს ვაიძულებდი, სექსუალური სფეროსთვის ამდენი ინტერესი დამეთმო (...). ეს ნევროტიკული სისულელეა, ნორმალური, ჭკუადამჯდარი ხალხი ამაზე დიდხანს არ საუბრობს ხოლმე, ასეთი რაღაცების შესახებ დიდხანს მსჯელობა ბენებრივი არაა. პრიმიტივები (იგულისხმება ე. წ. არაცივილიზებული ტომის წევრები - ლ.ბ.). ამ მხრივ ძალიან თავშეკავებულნი არიან. ისინი სქესობრივ ურთიერთობაზე ისეთი სიტყვით მიუთითებენ, რომელიც იმასვე ნიშნავს, რასაც "ჩუ". სექსუალური ამბები მათთვის ტაბუა და ასევეა ჩვენშიც, როცა ბუნებრივად ვიქცევით. დააკვირდით: "ასევეა ჩვენშიც, როცა ბუნებრივად ვიქცევით".
მოდით, ახლა თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ფსიქიატრ ვიქტორ ფრანკლს მოვუსმინოთ, საქვეყნოდ განთქმული ვენის მესამე ფსიქოთერაპიული სკოლის ფუძემდებელს (ვენის პირველი ფსიქოთერაპიული სკოლა ზიგმუნდ ფროიდმა დააფუძნა, მეორე - ალფრედ ადლერმა). ძალიან გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ, რას წერს დიდი მეცნიერი და პრაქტიკოსი ექიმი:
"...დღეს ჩვენ საქმე გვაქვს სექსუალურ ინფლაციასთან, რომელიც ისევე, როგორც ნებისმიერი ინფლაცია (...), ხელიხელჩაკიდებული დაიარება დევალვაციასთან ერთად (შდრ. რუსთაველის "ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად". - ლ.ბ.). სექსუალობა იმ ზომით უფასურდება, რა ზომითაც იგი არაადამიანური ხდება. ადამიანური სექსუალობა ხომ მეტია, ვიდრე უბრალოდ სექსუალობა, და ამ უკანასკნელზე იგი იმდენად არის მეტი, რამდენადაც ის - ადამიანურ დონეზე - არასექსუალური, პიროვნული ურთიერთობების მატარებელიც არის".
ასე თუ ისე, ფაქტია, რომ თანამდეროვე ქართულ პროზაში, ავად თუ კარგად, სიუჟეტის მთავარი წამყვანი ძაფი სლენგი გახდა.
რატი ამაღლობელმა "წიგნის სახლში" ლიტერატურისმოყვარული საზოგადოების პატარა ჯგუფს ქართველი მწერლების სოციალური სტატუსის შესახებ ლექცია წაუკითხა. მან აღნიშნა, რომ ბოლო დროის მწერლობა ქართულ მწერლობაში გაბატონებული ნევრასთენიის შედეგია, რისი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშიც ახლახან გაბესთსელერებული წიგნი, ერეკლე დეისაძეს "საიდუმლო სირობაა".
რატი ამაღლობელი ქართულ მწერლობაში პოსტმოდერნიზმის დასაწყისსაც შეეხო და განაცხადა, რომ პიონერი ამ მიმდინარეობაში დათო ბარბაქაძეა, "ტრფობა წამებულთათი".
თუმცა, ქართველი ლიტერატორები, თვლიან, რომ პოსტმოდერნიზმის არსებობა ქართულ მწერლობაში პირველად ნაირა გელაშვილისა და გურამ დოჩანაშვილის მწერლობაში ვლინდება.
თამარ პაიჭაძე, ლიტერატორი, თსუ-ს პროფესორი: "თანამედროვე ქართულ პროზაში ძალიან ბევრი საინტერესო სახელია, რომლებსაც ჩვენს მწერლობაში ახალი სიტყვა უთქვამთ. მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან არსებობს სრულიად სხვა მეთოდოლოგია (ვგულისხმობ პოსტმოდერნიზმს) და მას სერიოზული წარმომადგენლები ჰყავს. ამ პროცესის პარალელურ რეჟიმში ვითარდება ასევე თანამედროვე, მიმდინარე პროცესების ამსახველი ლიტერატურა, რომელსაც პოსტმოდერნისტული ეკლექტიკურ-ორთოდოქსალური მიმართულება არა აქვს.
თუმცა, თავისთავად ცხადია, რომ ამ ლიტერატორთა შორის განსაკუთრებულო ზღვარი არ არსებობს. ეს ერთი პერიოდის ერთი ლიტერატურაა, რომლის მთავარი თემა და მესიჯი საზოგადოებისათვის არის გამოწვევა, რომ ადამიანი პიროვნებად დასახოს და აქცენტი მათ პრობლემებზე გააკეთოს.
ამას მთელ ლიტერატურაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ მსოფლიო ლიტერატურაში არსებული და ლიტერატურის მიმართ თანამედროვე ქაოსური ყოფიდან გამომდინარე გამოწვევის გზას მიჰყვება ქართული ლიტერატურაც. ეს პროცესი განსაკუთრებით კარგად ჩანს რამდენიმე ქართველი მწერლის შემოქმედებაში. ამ სიაში, თუ საუბარი პროზას ეხება, რა თქმა უნდა, პირველი გიო ახვლედიანი, იგივე, აკა მორჩილაძეა, რომელიც მართლაც ძალიან საინტერესო პროზას ქმნის".
თამარ პაიჭაძის აზრით, ნევრასთენიზმი, რომელზეც რატი ამაღლობელი საუბრობდა, მკითხველის ყურადღების მიპყრობის ერთ-ერთი ხერხია და არა ზოგადად ტენდენცია ლიტერატურულ სივრცეში.
"არ მინდა განსაკუთრებული კონკრეტულობისკენ წავიდე ამ ეტაპზე, რადგან არ ვეთანხმები საერთო აზრს, რომ ყველას ერთნაირი ლიტერატურული შესაძლებლობები აქვს და ერთნაირად შეუძლია მკითხველის ყურადღების მიპყრობა. ამას ზოგი რაღაც ტიპის სენსაციურობით, ზოგი ბილწსიტყვაობით, მანერულობითა და ნევრასთენიკურობით ცდილობს. მაგრამ მე არა ნევრასთენიკობას, არამედ დაძაბულ ტონს ვუწოდებდი, რაც დღევანდელი ყოფის გამოძახილია და რაც ჩვენს პოსტმოდერნისტულ ლიტერატურაში სათქმელის გადმოსაცემად არეულ სიუჟეტს განსაკუთრებულად ძაბავს. სიუჟეტის ამგვარ დაძაბულობაში კი ვლინდება სიახლე, რაც საერთოდ ამ ეპოქაში ვლინდება".
როსტომ ჩხეიძის აზრით, თანამედროვე ქართული პროზა მასკულტურა უფროა, ვიდრე რაიმე ღირებულის ნამდვილი ლიტერატურა.
როსტომ ჩხეიძე: "ტელემწერლობის" ფენომენის შექმნამ ჩვენს ისედაც აბურდულ რეალობაში ძალიან დააზარალა პროზაც - არაპროფესიონალი მკითხველის თვალშიც და საერთოდაც - ყოვლად ყალბი სურათი წარმოისახება იმ მთავარ იდეურ საფუძველზე დაყრდნობით, რომ იქნებ მასკულტურა როგორმე ლიტერატურის არსად და აუცილებლობად გამოცხადდეს.
მეტი ტრაგიკომიკურობა რაღა გნებავთ - ის, რაც არსებითად ლიტერატურის მიღმაა, ტელევიზიების დაჟინებული მტკიცების შედეგად, ლამის დაეუფლოს მწერლობის მთელ სივრცეს და იქიდან სამუდამოდ განდევნოს ჭეშმარიტი ლიტერატურა.
მასკულტურას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს მიჩენილი, სადღაც კუნჭულში ისიც ღინღილებდეს, და არა ნამდვილი მწერლობის ხარჯზე სუქდებოდეს იმ დამპატიჟესავით, რომელიც სოციალიზმის სიმბოლურ სახედ განაზოგადა თავის დროზე, მიხეილ ჯავახიშვილმა და დღესდღეობით არანაკლები სიზუსტით მიესადაგება გლობალიზმსაც - თავისი ლიტერატურულ-პროპაგანდისტული გამოვლინებით, მასკულტურა რომ დარქმევია და მიზანმიმართულად ამღვრევს მკითხველის ცნობიერებას".
ლიტერატორს იმედი აქვს, რომ "ჩვენი სალიტერატურო კრიტიკა - რომელიც თვალდათვალ ძლიერდება და ახლოვდება დრო, როდესაც აღარაფერი დარჩება შეუნიშნავი და შეუფასებელი ილიასებური სიმკაცრითა და სიყვარულით - მასკულტურასაც დაარქმევს სახელს და იმ მთავარ ძარღვსაც გამოარჩევს, თუნდაც პროზის ჟანრთა მდინარებაში, რომელიც მონდომებით ცდილობს მწერლობის უწყვეტობის შენარჩუნებას".
მანამდე კი, მისი თქმით, ისევე, როგორც დასავლური სალიტერატურო პროცესის გაცნობისას, უპირველესად, თვალში გეცემა ბელეტრისტიკის სწრაფვა დოკუმენტალიზმისაკენ, რამაც "ფიქშენი" გააბატონა სამწერლო ცხოვრებაში, ჩვენი პროზაც სწორედ "ფიქშენისაკენ" იჩენს უფრო მეტ მიდრეკილებას.
როსტომ ჩხეიძე: "ეს თავისებურება ყოველთვისაც იყო ნიშანდობლივი ჩვენი ლიტერატურისათვის ამ ორი საუკუნის მანძილზე (აღარაფერი რომ არ ითქვას ჰაგიოგრაფიაზე, რაც კლასიკური სახის მხატვრულ-დოკუმენტურ პროზად წარმოგვიდგება) და არაერთი ნიმუშიც მოიკრიბება ნოველისტიკასა თუ რომანისტიკაში, მაგრამ უდავოდ ახალი სუნთქვა შესძინა ოთარ ჩხეიძის "არტისტული გადატრიალების" გამოჩენამ ყყ საუკუნის უკანასკნელი ათწლეულის დამდეგს, და შემდგომი ხანის რომანებმა და დოკუმენტალიზმმა - ფონადაც და ჟანრადაც - აშკარა უპირატესობაც მოიპოვა და ამ მხრივ დასავლურ სამწერლო ცხოვრებასთან აშკარა სიახლოვესაც იჩენს".
როსტომ ჩხეიძე თვლის, რომ ამჟამად მოღვაწე მწერალთაგან ყველაზე გამოკვეთილად დოკუმენტურ ფონს წარმოსახავენ - რეზო ჭეიშვილი, გურამ დოჩანაშვილი (თუმც, როგორც ლიტერატორი აღნიშნავს - იგი ძალიან ჩაეფლო ენობრივ-სტილურ ექსპერიმენტებში), ნაირა გელაშვილი და გურამ ოდიშარია.
"ის ორნი - იუმორით, ირონიით, სარკაზმით, სატირით, ეს ორნი - დრამატიზმითა და ტრაგიკული ტონალობით. ის, რაც ოთარ ჩხეიძესთან ერთ მთლიანობას მოიცავდა, ამ მწერალთა შემოქმედებაში ორადაა განტოტვილი, ისევე, როგორც შედარებით უმცროსი თაობის ნაწერებში, ლაშა იმედაშვილი იუმორისა და გროტესკისკენ რომ უფრო იჩენს მიდრეკილებას, ზურაბ ლავრელაშვილი, დავით ქართველიშვილი, გურამ მეგრელიშვილი, ნინო სადღობელაშვილი კი - დრამატიზმისაკენ.
რაც შეეხება ელგუჯა თავბერიძეს, მისთვის არც ერთი სტილისტიკაა უცხო და არც მეორე და თემის არჩევის მიხედვით, გროტესკულ გარემოსაც აღადგენს გარდასული ჟამიდან (როდესაც სოლომონ აშორდიას ბიოგრაფიულ ქრონიკას უტრიალებს) და დრამატულსაც (თუკი დათა მიქელაძის ცხოვრების ქარგაზე გაშლის თხრობას).
საგულისხმოა, რომ მაკა ჯოხაძის ესეისტიკაც დიდ სიახლოვეს ამჟღავნებს დოკუმენტურ პროზასთან, იოსებ ჭუმბურიძის, ივანე ამირხანაშვილისა და ეკა ბუჯიაშვილის ჩანაწერები და რეპორტაჟები კი დოკუმენტური ნოველის ნიმუშებად წარმოგვიდგება.
ნიშანდობლივია ირაკლი ქასრაშვილის "სოკრატეს" გამოქვეყნებაც, წარმატებული მისტიფიკაციის, ერთბაშად რომ მოაქცია მისი ავტორი სამწერლო ცხოვრების შუაგულში, - ამბობს როსტომ ჩხეიძე და დასძენს:
"ლიტერატურისათვის ჩვეულია თავისებური ნოსტალგიაც და შემობრუნებანიც. დადგება დრო, როდესაც დოკუმენტალიზმი თავის უპირატესობას დათმობს და კვლავ ბელეტრისტიკა წამოიწევს, თუმც დოკუმენტური ფონი მეტ-ნაკლებად ყოველთვის შერჩება თხრობას, რაკიღა ბოლოს და ბოლოს ყველა სამწერლო განშტოება და თავისებურება რეალიზმის წიაღში იყრის თავს.
და ბარემ ხელშესახები ნიშანიც დაჰყვებოდეს, ზოგიერთ შემთხვევაში ისტორიული სინამდვილის გარეგნული იერის აღდგენა-დაზუსტებას რომ გაგვიადვილებს, თორემ დროის არსს მწერლობაზე უკეთ ისტორია ვერასოდეს წარმოაჩენს - როგორც ბევრად ნაკლული და ზედაპირული მასთან შედარებით.
ჩვენ თუ ვუტოვებთ შთამომავლობას ჩვენი ეპოქის სრულყოფილ, მიუკერძოებელ, შთამბეჭდავ სურათს? ვუტოვებთ და სწორედ ესაა ჩვენს ქაოტურ რეალობაში ხელის ცეცებით სიარულის გამართლება".
მარი ოთარაშვილი