რა იწვევს მწვავე პროსტატიტს და როგორი გართულება შეიძლება მას მოყვეს - დაავადების სიმპტომები და მკურნალობა

რა იწვევს მწვავე პროსტატიტს და როგორი გართულება შეიძლება მას მოყვეს - დაავადების სიმპტომები და მკურნალობა

რა ფუნქცია აკისრია პროსტატას, რატომ ხშირდება მისი დაავადებები ასაკთან ერთად, როგორ ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემა? ამ და სხვა საკითხებზე ბერმანის კლინიკის უროლოგი დავით კობერიძე გვესაუბრება.

- რა არის პროსტატა და რა ფუნქცია აკისრია მას?

- პროსტატა, წინამდებარე ჯირკვალი, მამაკაცის სასქესო ორგანოა. ის შარდის ბუშტის ყელის ქვემოთ მდებარეობს და ჯირკვლოვან-კუნთოვანი აგებულება აქვს, წონით კი 20 გრამია (+ 4 გრამი).

წინამდებარე ჯირკვალში გადის შარდსადენი - ურეთრა. წინამდებარე ჯირკვალი გამოყოფს სეკრეტს, რომელიც შეადგენს სპერმის დიდ ნაწილს და აუცილებელია სპერმატოზოიდების მოძრაობისა და კვებისათვის.

- წინამდებარე ჯირკვლის რომელ დაავადებებს გამოყოფდით?

- წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები პირობითად შეიძლება დავყოთ ორ დიდ ჯგუფად - ანთებით და სიმსივნურ პათოლოგიებად. ანთებითი დაავადებები ხანგრძლივობისა და მიმდინარეობის კვალობაზე შესაძლოა იყოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული, ხოლო სიმსივნეთა შორის განასხვავებენ კეთილთვისებიან (ადენომა) და ავთვისებიან (კიბო) დაავადებებს.

- ჩვენს მკითხველთა უმრავლესობა პროსტატიტს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს უკავშირებს. რამდენად საფუძვლიანია ეს შეხედულება?

- პროსტატიტი ხშირად მართლაც სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს უკავშირდება, მიზეზი კი შარდსადენიდან წინამდებარე ჯირკვალში ინფექციის გავრცელებაა. აღნიშნული დაავადებების შედეგად აღმოცენებული ურეთრიტის - შარდსადენის მწვავე ანთების - დაგვიანებული და ზოგჯერ არასწორი მკურნალობა ხელს უწყობს ანთებითი პროცესის გავრცელებას პროსტატაზე, ჯერ მწვავე, შემდეგ კი ქრონიკული პროსტატიტის აღმოცენებას.

- რომელი მიკროორგანიზმები იწვევენ პროსტატიტს, შესაძლებელია თუ არა, დაავადების კლინიკური გამოვლინების მიხედვით ვივარაუდოთ, რომელია მისი გამომწვევი მიკროორგანიზმი?

- პროსტატიტი შესაძლოა გამოიწვიოს გონოკოკმა, ქლამიდიამ, აგრეთვე არასპეციფიკურმა მიკროორგანიზმებმა - სტრეპტოკოკმა, სტაფილოკოკმა და სხვა. თუმცა დაავადების გამოვლინება არასპეციფიკურია. ეს იმას ნიშნავს, რომ წინამდებარე ჯირკვლის ანთების კლინიკა ყველა გამომწვევის შემთხვევაში ერთნაირია. დაავადების სურათის მიხედვით შეუძლებელია ვივარაუდოთ, რომელი მიკროორგანიზმია პროსტატის ანთების მიზეზი.

- რა ახასიათებს მწვავე პროსტატიტს?

- მწვავე პროსტატიტის დროს პაციენტს შეიძლება აწუხებდეს ხშირი შარდვა, წვა შარდვისას, მოშარდვის შემდეგ შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება, ტკივილი ბოქვენზედა მიდამოში (ეს არის შარდის ბუშტის საპროექციო არე), ტკივილი საზარდულის, სათესლე ჯირკვლების არეებში, შორისისა და უკანა ტანის მიდამოში, ზოგადად ნებისმიერ ადგილზე, რომელიც ახლოსაა ჯირკვლის ანატომიური მდებარეობის არესთან, მაგალითად, კუდუსუნის, წელის არეში. შესაძლოა აღმოცენდეს შარდის ნაკადის შემცირება, წყვეტილი შარდვა. არ არის გამორიცხული მწვავე პროსტატიტის დროს ზოგჯერ შარდის შეკავების აღმოცენებაც.

- რა ახასიათებს ქრონიკულ პროსტატიტს?

- ქრონიკული პროსტატიტი ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მსგავსად ხასიათდება გამწვავებებისა და რემისიების მონაცვლეობით. გამწვავებისას დაავადების კლინიკური სიმპტომების მთელი სპექტრი იჩენს თავს, რაც ნიშნავს, რომ გამოვლინდება ზემოთ ჩვენს მიერ აღწერილი მწვევე პროსტატიტის სიმპტომები, რემისიისას კი დაავადების ნიშნები მინიმალურია ან საერთოდ არ ვლინდება. დაავადების გამწვავებას პაციენტები ხშირად სხეულის გადაცივებას უკავშირებენ.

- როგორ შეიძლება, თავიდან ავიცილოთ პროსტატიტის აღმოცენება?

- ვინაიდან მწვავე პროსტატიტი უმეტესად სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებთან არის დაკავშირებული, მნიშვნელოვანია შემთხვევითი სქესობრივი კავშირის თავიდან აცილება. გარდა ამისა, საჭიროა საშარდე გზების ინფექციის დროული მკურნალობა, რათა ინფექციური პროცესი არ გავრცელდეს წინამდებარე ჯირკვალზე. დადგენილია, რომ პროსტატიტის შემთხვევათა უმეტესი ნაწილი მეორეულია, ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია საშარდე მილიდან წინამდებარე ჯირკვალზე ინფექციის გავრცელებასთან.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი