"იმედი მაქვს, პრეზიდენტი დაადებს ვეტოს" - მედია და არასამთავრობოები "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებების წინააღმდეგ

 "იმედი მაქვს, პრეზიდენტი დაადებს ვეტოს" - მედია და არასამთავრობოები "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებების წინააღმდეგ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს მედიის, არასამთავრობო სექტორისა და საკითხით დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარები გაკეთდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილელებს ვეტო უნდა დაადოს.

"არ შეიძლება ტელევიზიას, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ჰქონდეს ბევრად უფრო მეტი ფინანსები, ვიდრე ყველა ტელევიზიას. ეს არასწორია. ბევრი შეცდომაა დაშვებული ამ კანონში და მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი დაადებს ვეტოს. თუ ტელევიზიებს ექნებათ დიდი პროტესტი ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, მე დარწმუნებული ვარ, პარლამენტი მათ მოსაზრებებს გაიზიარებს. ეს კანონპროექტი არის ცუდი, შეიცავს კორუფციულ რისკებს, დაანგრევს სარეკლამო ბაზარს, მიმართულია კომერციული არხების წინააღმდეგ და ეს კანონი ვერანაირად ვერ უშველის საზოგადოებრივ მაუწყებელს", - განაცხადა ტუღუშმა.

პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადების აუცილებლობაზე საუბრობს ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი:

"პრეზიდენტს ვუთხარით ჩვენი არგუმენტები ყველა ასპექტში - დაწყებული კომერციული ნაწილით, დამთავრებული გამჭვირვალეობით და ა.შ. პრეზიდენტმა მოისმინა ეს არგუმენტები, შეხვდება საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებსაც და საბოლოოდ მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არის, რომ მან ვეტო დაადოს კანონპროექტს",- განაცხადა ჯანგირაშვილმა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლის, თამთა მურადაშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტი მზად არის, რომ ის კითხვები, რომელიც შეხვედრაზე დაფიქსირდა, დასვას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

"ეს კანონპროექტი ამ სახით აზარალებს ყველა კომერციულ და კერძო ტელევიზიას. ის მორგებულია მხოლოდ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ვითომ განვითარებაზე. ამ კანონპროექტით ირღვევა კონკურენციის მთავარი პრინციპი, რისი ვალდებულებაც აღებული აქვს საქართველოს. ამ საკითხის განხილვა ხდება მხოლოდ ერთ ჭრილში - "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელშეწყობის ჭრილში და ამის ფონზე ხდება კერძო მაუწყებლების დაჩაგვრა",- განაცხადა მურადაშვილმა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმა ნატა ძველიშვილმა განაცხადა, რომ "ამ კანონის მიღება დამაზიანებელი იქნება სამაუწყებლო ბაზრისთვის, რაც დღეს არსებობს საქართველოში":

"რაც შეეხება სარეკლამო შემოსავლებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი არგუმენტი არის, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში ნამდვილად დაშვებულია სარეკლამო შემოსავლის მიღება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. მაგრამ იმ ქვეყნებში, სადაც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს კომერციული რეკლამის მიღების შესაძლებლობა, იქ ბიუჯეტიდან მისი დაფინანსების მოცემულობა არ აღემატება საერთო სარეკლამო ბაზრის ნახევარს, როგორც საქართველოშია. კონკურენტუნარიანობა საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია გაზარდოს არა სარეკლამო შემოსავლებით, არამედ იმ პროექტებით, რაც კანონით არის გათვალისწინებული.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტისთვის იმიტომ იღებს ამხელა ოდენობის თანხას, რომ შექმნას ისეთი პროდუქტები, რაც კომერციული არხებისთვის არ არის მიმზიდველი. საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი უნდა იყოს ინფორმაციის ხარჯზე, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გადაცემების ხარჯზე და არა გასართობი კონტენტის ხარჯზე, რომელიც სავსე იქმება კომერციული შემოსავლებით", - განაცხადა ძველიშვილმა.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა" ასოციაციის თავმჯდომარე კი "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს რამდენიმე მიმართულებით აკრიტიკებს.

სულხან სალაძის კრიტიკა ეხება შესყიდვებთან დაკავშირებულ ცვლილებებს, სტარტაპებს, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლებამოსილების მინიჭებას და ბორდის უფლებების შემცირებას.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება მომავალ წელს დაახლოებით 53 მლნ ლარია. ეს თანხა ნახევარზე მეტი გამოდის მთელი სარეკლამო ბაზრის საქართველოში. ამ ფონზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნა, რომ გაეზარდოს კომერციული რეკლამის დრო, მიუღებელია. მომავალ წელს სახელმწიფო უფრო ნაკლებს დახარჯავს დაზვერვასა და გარემოს დაცვაზე, ვიდრე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. როცა ეკონომიკის ზრდის პირობებში მაუწყებელს გარანტირებულად ეზრდება დაფინანსება, არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია კომერციული რეკლამისთვის დროის გაზრდის თაობაზე. წარმოდგენილი ცვლილებებით სუსტდება ბორდის უფლებამოსილებებიც", - განაცხადა სალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს, პარლამენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. კენჭისყრას წინ დებატები და დისკუსია უძღვოდა, მათ შორის უმრავლესობის შიგნით. ცვლილებებით, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლებიდან, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისების, (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის) ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროისა (19:00-24:00). "საზოგადოებრივი მაუწყებლის", საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობის გადაცემის, სერიალების დროს.

პროექტით იმიჯნება უფლებამოსილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვე საბჭოს შორის. დღეს არსებული კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს სამეურვეო საბჭო ამტკიცებს და ასევე მას შეაქვს ბიუჯეტში ცვლილებები. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილების შეტანაც მხოლოდ დირექტორის წარდგენებით იქნება შესაძლებელი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი