რა კომენტარს აკეთებს მინისტრის მოადგილე დევნილის შესახებ, რომელმაც უბინაოდ დარჩენის შემდეგ ვენები გადაიჭრა

რა კომენტარს აკეთებს მინისტრის მოადგილე დევნილის შესახებ, რომელმაც უბინაოდ დარჩენის შემდეგ ვენები გადაიჭრა

მამაკაცი, რომელმაც გორში ფიზიკური დაზიანება მიიყენა, დევნილი არ არის, მისი მეუღლე არის დევნილი - ეს ოჯახი ცხოვრობს მამაკაცის მამაპაპისეულ სახლში და ისინი ბინას ვერ მიიღებდნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ, გიგა გიორგაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, პირველ რიგში, ბინა გადაეცემა ისეთ ოჯახებს, რომლებსაც საცხოვრებელი არ აქვთ ან ნგრევად შენობებში ცხოვრობენ.

„გორში 480 ოჯახისთვის რვა 10 - სართულიანი კორპუსი აშენდა. ეს არის იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ნგრევად და სიცოცხლისთვის საშიშ შენობებში ცხოვრობს და ასევე იმ ოჯახებისთვის, ვინც ყველაზე უფრო შეჭირვებულია და არ გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი.

ამ კორპუსებთან დაკავშირებით, 1200 განაცხადი მივიღეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი - ვინ მიიღებს პირველ რიგში და ვინ შემდეგ ეტაპზე. ჩვენ ვაკეთებთ მონიტორინგს - ოჯახს ვამოწმებთ, ვიღებთ ინფორმაციებს, ხომ არ აქვთ ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი, თან ეს არ უნდა აღვიქვათ როგორც დანაშაული - კარგია, თუ მათ თავიანთი სახსრებით შეიძინეს სახლი, მაგრამ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ შეუძლებელია სახელმწიფო ერთბაშად გაწვდეს ყველას. ამიტომ, ვისაც არ აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი, ჯერ ისინი უნდა დაკმაყოფილდნენ.

კომისიაზე, სადაც სახალხო დამცველის წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ, ინდივიდუალურად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. შემდეგ მივდივართ ადგილზე და თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, ვისმენთ, ვამოწმებთ და თუ რაიმე ხარვეზი გვაქვს გაპარული, ვასწორებთ. ჩვენზე „ზეწოლას“ ახდენს მხოლოდ არგუმენტაციები და მტკიცებულებები და არა ისეთი მუქარა ან რაიმე ქმედება, როგორიც დღეს განხორციელდა. ფიზიკური დაზიანება მიიყენა ერთ-ერთმა არადევნილმა მამაკაცმა, რომლის მეუღლეც არის დევნილი. ეს არადევნილი მოქალაქე თავის დევნილ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს თავის მამაპაპისეულ სახლში. ჩვენი გადაწყვეტილება ამ ოჯახის მიმართ იყო აბსოლუტურად სწორი იმის გათვალისწინებით, რომ პირველ რიგში, ბინას ვაძლევთ იმ ოჯახებს, ვისაც საერთოდ არ გააჩნია საცხოვრებელი ან ნგრევად შენობაში ცხოვრობს.

ჩვენ რომ მიგვეცა ამ ოჯახისთვის ბინა, სხვა მოქალაქეები მოვიდოდნენ და პრეტენზიაც გამოთქვამდნენ“, - განაცხადა გიგა გიორგაძემ.

უბინაოდ დარჩენილმა ერთ-ერთმა დევნილმა გორის ადმინისტრაციულ შენობაში ვენები გადაიჭრა. მამაკაცს პირველადი დახმარება ადმინისტრაციის შენობის დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. დაშავებული სტაციონარში გადაიყვანეს.

დაზარალებულის განცხადებით, თვითდაზიანება პროტესტის ნიშნად მიიყენა. მათი განცხადებით, ისინი აფხაზეთიდან დევნილები არიან და ამჟამად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში ერთ-ერთ ამორტიზებულ სახლში ცხოვრობენ. დაშავებულის მეუღლის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი ონკოლოგიური ავადმყოფია და ქიმიის კურსი უტარდება. მისივე თქმით, თავადაც ეპილეფსიითაა დაავადებული. ოჯახს ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია