"ქალი ბოტასსა და კედში უფრო საინტერესოა, ვიდრე გამომწვევ კაბაში..."

"ქალი ბოტასსა და კედში უფრო საინტერესოა, ვიდრე გამომწვევ კაბაში..."

ნატუკა ასათიანი ყოველ დილას ადრიანად იღვიძებს, სამოსი წინა დღით უკვე გამზადებული აქვს, მექანიკურად იცვამს და სამსახურში მიდის. მისთვის ყოველ წუთს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ყველას გვირჩევს, რომ საუზმისთვის დრო აუცილებლად გამოვნახოთ.

ნატუკა მომღერალ ირმა სოხაძის შვილია, ცოტა ხნის წინ ქალბატონი ირმა მეორედ გახდა სიდედრი, ნატუკა გაბედნიერდა, ამიტომ სანამ მისი სტილისა და თავის მოვლის ამბებით დავინტერესდებოდით, მანამდე ვკითხეთ, როგორ გრძნობს თავს "პირველი არხის" დილის გადაცემის წამყვანი გათხოვილი ქალის ამპლუაში.

- ნატუკა, გაბედნიერებას გილოცავ. როგორ გრძნობ თავს, შენი მეუღლე თუ უყურებს შენს გადაცემას, რჩევებსა და შენიშვნებს თუ გაძლევს?

- ჩემი მეუღლე გადაცემას ყოველთვის უყურებს, როცა კი დრო აქვს. მის შენიშვნებსა და რჩევებს მუდამ ვითვალისწინებ. ზოგადად, ძალიან მიყვარს, როდესაც ვისმენ რჩევას, თუნდაც ვფიქრობდე, რომ არ შეესაბამება რეალობას, ვცდილობ, ყველას აზრი გავითვალისწინო. რაც შეეხება სამუშაოსა და ოჯახის ერთმანეთთან შეთავსებას, ბევრისგან მქონდა გაგებული, რომ ეს მარტივი არ იყო. დღეს კი უკვე მეც შემიძლია ვთქვა, რომ ეს მართლაც რთულია. ოჯახს დიდი ყურადღება სჭირდება, მაგრამ ყურადღების გარეშე საქმეშიც ვერ მიაღწევ წარმატებას. როგორც ყველაფერში, აქაც აუცილებელია ზომიერების დაცვა.

- როგორც ვიცი, შენი დილა ძალიან ადრე იწყება, რა დრო გჭირდება იმისთვის, რომ სახლიდან გახვიდე?

- 20 წუთი. მე დიდი ხანი ვმუშაობდი დილის გადაცემაზე რადიოში, შესაბამისად, მიჩვეული ვარ დილას ადრე ადგომას და არ მიჭირს. მაღვიძარას ზარის გაგონებიდან ზუსტად 20 წუთში მზად ვარ. რა თქმა უნდა, ამ დროში საუზმესაც ვასწრებ, ყველას, ვინც დღეს დილით ადრე იწყებს, ვურჩევ, არ თქვან უარი საუზმეზე. დილით მიღებული საკვები ენერგიის წყაროა.

- წინა დღეს ფიქრობ, რა ჩაიცვა, თუ იმ დღის სამოსს ხასიათის მიხედვით ირჩევ?

- ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, დილით არ მაქვს დრო იმისთვის, რომ მოვიფიქრო რა ჩავიცვა და სამოსი მოვძებნო, ამიტომ ყოველთვის ძილის წინ ვაწყობ მეორე დღეს ჩასაცმელ სამოსს და დილით მექანიკურად ვიცვამ, რადგან ჩემთვის ყველა წუთს აქვს მნიშვნელობა.

- როგორია შენი ჩაცმის სტილი?

- ზედმეტად თავისუფალი. დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი, მარტივი მაისური და ჯინსია ჩემი ყოველდღიური სამოსი. იყო პერიოდი, როდესაც მეცვა უფრო კლასიკურად და ეს მსიამოვნებდა, დღესდღეობით შემეცვალა დამოკიდებულება და მივხვდი, რომ მთავარია, თავისუფლად გრძნობდე თავს. ამჟამად კი თავისუფლებას სწორედ ასეთი მარტივი ჩაცმა მანიჭებს.

- იყენებ თუ არა ყოველდღიურად მაკიაჟს?

- საერთოდ, მაკიაჟს არასდროს ვიყენებდი. დილის გადაცემაში რომ დავიწყე მუშაობა, პირველი პერიოდი ძალიან გამიჭირდა მაკიაჟთან შეგუება, თუმცა ეთერში, რა თქმა უნდა, მაკიაჟი აუცილებელია. ყოველდღიურად კი ვცდილობ, კანი შეღებვით არ დავტვირთო.

- კანს როგორ უვლი, ძვირადღირებულ კრემებს ხმარობ თუ ხალხურ საშუალებებს?

- კანის მოვლის საშუალებები ძალიან მიყვარს. ყოველთვის ვცდილობ, იმდენად ძვირად ღირებული ვიყიდო, რამდენის საშუალებაც იმ მომენტში მაქვს. ზაფხულობით კიტრის წვენით მიყვარს სახის გაწმენდა. ვერც ერთი კრემი ვერ ატენიანებს ისე კარგად სახის კანს, როგორც კიტრი.

- მეუღლეს როგორ სამოსში მოსწონხარ?

- მეუღლესაც თავისუფალი სტილი უყვარს. კოსტიუმი ჯვრისწერაზეც კი არ სცმია და ამიტომ ამ მხრივ პრეტენზია არც ერთს არ გვაქვს.

- მიგაჩნია, რომ ქალურობის შენარჩუნება ბოტასში, კედსა და ჯინსშიც შესაძლებელია?

- ნამდვილად შესაძლებელია. უფრო მეტიც, ქალი ბოტასსა და კედში უფრო საინტერესოა, ვიდრე გამომწვევ კაბაში. ქალი შინაგანად უნდა იყოს ქალური და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჯინსი ეცმევა თუ მოკლე ქვედაბოლო.

- ქუსლებზე სიარული ხომ არ გიჭირს?

- არა, ქუსლზე სიარული არ მიჭირს. თავისუფლად დავდივარ ნებისმიერი ზომის ქუსლიან ფეხსაცმელზე.

- თმას როგორ უვლი? გრძელი ხვეული თმა გაქვს...

- თმის მოვლის საუკეთესო საშუალება ისაა, როდესაც არ ვიტარებთ ექსპერიმენტებს, არ ვიღებავთ, თუ ამის საჭიროება არ არის, არ ვისწორებთ ყოველ დღე, პერიოდულად ცოტას ვიჭრით და ფორმას ვაძლევთ. ამ ოქროს წესებს მთელი ცხოვრება ვიცავდი, მაგრამ დილის გადაცემამ განაპირობა ის, რომ უკვე ორი თვეა, ყოველ დილით ვარღვევ ამ წესებს. მე ხვეული თმა მაქვს, ეთერში ჩემი გრძელი ხვეული თმა არ არის განსაკუთრებით მოსაწონი, ამიტომ ხშირად მისი დავარცხნა მიწევს.

- სალონში რა ინტენსივობით დადიხარ?

- სილამაზის სალონში დავდივარ ორ თვეში ერთხელ, მხოლოდ თმის სიგრძის შესასწორებლად.

- აქსესუარების მიმართ რა დამოკიდებულება გაქვს?

- აქსესუარები გამორჩეულად მიყვარს. განსაკუთრებით - საყურეები. საკმაოდ დიდი კოლექცია მაქვს, თუმცა ბეჭდები და ბროშებიც ბევრი მაქვს. ყველა საყურეს თავისი ისტორია აქვს. ჩემმა მეგობრებმა იციან ჩემი ეს გატაცება და ყოველთვის ცდილობენ, დაბადების დღეზე თუ სხვა დღესასწაულზე საყურე მაჩუქონ, შესაბამისად, თითოეული საყურე გარკვეული სითბოს მატარებელია, რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. სხვათა შორის, ინტერნეტის საშუალებით ყოველთვის ვეძებ სხვადასხვა ლამაზ სამკაულს, ჩემთვის საოცრება იყო, როდესაც ძალიან საინტერესო დიზაინერი მაია მიქაშავიძე აღმოვაჩინე, რომელიც შესანიშნავ სამკაულებს ქმნის.

- თავად ხომ არ ქმნი აქსესუარებს: საყურეს, ჩანთას ან სხვა რამეს?..

- სამწუხაროდ, მე ვერ გამოვირჩევი დიდი კრეატიულობით. დედაჩემი, ირმა აკეთებს საოცარ სამკაულებს. ბევრი საყურე აქვს თავისი დიზაინით შექმნილი, მაგრამ ზოგადად ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ბევრი კარგი დიზაინერია. სამკაულების და, განსაკუთრებით, სამოსის დიზაინის თვალსაზრისით გამოვარჩევდი თეონა ელიზბარაშვილს, ყველაზე დახვეწილი და ქალური სამოსი აქვს და ძალიან მიხარია, რომ ქართველი დიზაინერების სამოსით მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეგვიძლია ვიამაყოთ.

- რაში არ გენანება ფულის გადახდა?

- ფულის დახარჯვა არაფერში არ მენანება. ბოლო ფულს რაიმე არასაჭირო მიმართულებით არ ვხარჯავ, თუმცა თუ ასე მოხდა, ე.ი. ან ჩანთა ვიყიდე, ან სამკაული.

- წონის პრობლემას ხომ არ უჩივი?

- წონის პრობლემას არ ვუჩივი, თუმცა მუდმივად ვაკონტროლებ. ერთი კილოგრამის მომატებაც კი მნიშვნელოვანი სიგნალია იმისათვის, რომ დიეტაზე დავჯდე. ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც საგრძნობლად მოვიმატე წონაში, ეს გარდატეხის პერიოდში მოხდა, რაც ხშირია ქალებში. მას შემდეგ ვცდილობ, ჯანმრთელი საკვები მივიღო. არ ვჭამ თეთრი ფქვილის ნაწარმს და შაქარს, შესაბამისად უფრო ჯანმრთელადაც ვგრძნობ თავს და წონის პრობლემაც არ მაწუხებს.

- დაბოლოს, როგორია შენი რეცეპტი, რომ მუდამ კარგად გრძნობდე თავს და კარგად გამოიყურებოდე...

- ყველაფერში პოზიტიური მოვლენა უნდა დაინახო. აუცილებელია, დრო სწორად დავხარჯოთ. ვეკონტაქტოთ მეგობრებს, გვიყვარდეს ერთმანეთი, ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ხშირად გავუღიმოთ სხვებს, რადგან ჩვენი კეთილგანწყობა მათი მხრიდან დადებით დამოკიდებულებას განაპირობებს. ასეთ შემთხვევაში კი ჩვენი ცხოვრება გაცილებით დადებითი ემოციებით იქნება სავსე.

დაბოლოს, აუცილებლად უნდა მოვძებნოთ რაიმე გასართობი, რასაც მხოლოდ ჩვენი სულისთვის გავაკეთებთ. მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს კინოს ყურება, ფეხით სიარული, ბუნებაში გასვლა თუ წიგნის კითხვა. ჩემთვის ასეთი რამ მუსიკაა. დღე არ გავა, რომ საკუთარ თავს არ დავუთმო თუნდაც 10 წუთი და რომელიმე ჩემთვის საყვარელ სიმღერას არ მოვუსმინო. კომპლექსურად ეს ყველაფერი განაპირობებს განწყობის გაუმჯობესებას, რაც ჩვენს გარეგნობაზე დადებითად აისახება.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები