რატომ აქვს ქართული გვარების უმეტესობას "ძე" და "შვილი" დაბოლოება? - საინტერესო ფაქტები გვარების წარმოშობაზე

რატომ აქვს ქართული გვარების უმეტესობას "ძე" და "შვილი" დაბოლოება? - საინტერესო ფაქტები გვარების წარმოშობაზე

ქართული გვარების შესახებ ინფორმაციას AMBEBI.GE-ს მკითხველი ყოველთვის ინტერესით ეცნობა და გვთხოვს, ამ მიმართულებით ხშირად ვიმუშაოთ. ამჯერადაც, ვაგრძელებთ საუბარს ქართული გვარების შესახებ. უძველესი ძეგლებიდან გამომდინარე, ქართული გვარები ნამდვილად მიუთითებს იმაზე, რომ ძველ და თანამედროვე გვარებს შორის ფაქტობრივად, განსხვავება არ არსებობს.

საინტერესოა მემკვიდრეობითი სახელების სუფიქსები (დაბლოება), ჰგავს თუ არა თანამედროვე ქართული გვარების თავდაპირველ ვერსიებს და გვარების უმეტესობა რატომ ირთავს -ძე და -შვილ სუფიქსებს (თუ მთისა და სამეგრელოს გვარებს არ ჩავთვლით) - ამ საკითხებზე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, როლანდ თოფჩიშვილი გვესაუბრება.

- სანამ ქართული გვარ-სახელების სუფიქსებს შევეხები, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ სოციალური ინსტიტუტის კლასიფიკაცია ხდება როგორც დაბოლოების (სუფიქსების), ისე ძირების მიხედვით. რადგანაც გვარების სუფიქსები გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ქართული მემკვიდრეობითი სახელები მართლაც სუფიქსების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. თუმცა, ქართველებს უსუფიქსო გვარებიც გვაქვს, მაგალითად: აბალაკი, ახალკაცი, ბურძგლა, ბუთხუზი, დვალი, კვატიტი, ილარიონი, კანდელაკი, ლაბარი, ლაშხი, მესტუმრე, მებუკე, მარტოლეკი, შერმადინი, ციცაგი, ხაბაზი და ბევრი სხვა.

ქართული გვარსახელები ირთავენ -ძე, -შვილი, -სკირი, -იან (-ან), -ია, -ა (-ვან, -უა, -ა-ვა), -ურ (-ულ), -ელ, -ში (-იშ), -არ, -ჭკორი, -ყვა, -ტი სუფიქსებს. ისტორიულ და დღეს სასაუბრო ენაში შემორჩენილია -ათ (-ეთ), აგრეთვე მდედრობითი ფუნქციის მქონე -ფხე (-ხე). ზოგიერთი მეცნიერი ქართული გვარების მრავალრიცხოვნობას, ქართველთა "ეთნოტომობრივი" სიჭრელით ხსნის. ეს მოსაზრება არ არის მართებული. ქართულ გვარსახელთა სუფიქსების მრავალფეროვნება ძირითადად ქართული ენის მრავალფეროვანი შესაძლებლობებით აიხსნება. ისინი ძირითადად კრებითობის, კუთვნილებისა და სადაურობის გამომხატველია. მათ ერთი დატვირთვა და შინაარსი (ფუნქცია) აქვთ. ამასთანავე, ქართული გვარების მრავალრიცხოვანი სუფიქსები იმის დამადასტურებელიცაა, რომ ისინი საკმაოდ დიდი ხნისაა, ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში, საზოგადოებრივი განვითარების სხვადასხვა საფეხურზეა წარმოქმნილი. ყველა სუფიქსი, რომლებიც გვარსახელთა დაბოლოებებადაა გამოყენებული, საერთოა ქართული ენობრივი ერთობისთვის.

ასევე წაიკითხეთ: როგორ წარმოიქმნა უძველესი ქართული გვარები და რატომ არ ქორწინდებოდნენ ერთი გვარის წარმომადგენლები

ხშირად მიაჩნიათ, რომ -ძე სუფიქსი დასავლურქართული გვარებისთვისაა დამახასიათებელი, -შვილი კი - აღმოსავლურქართულისათვის. საისტორიო და ეთნოგრაფიული მონაცემებით, ეს არ დასტურდება. დღეს შეიძლება -ძე სუფიქსს პრიორიტეტი დასავლეთ საქართველოში აქვს მოპოვებული, -შვილს კი აღმოსავლეთ საქართველოში, მაგრამ ისტორიულად აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში პრიმატე -ძე ფორმატს ჰქონდა მოპოვებული. დღეს თუ -შვილი და -ძე სუფიქსები სახელებს სახელობით ბრუნვაში დაერთვის, თავდაპირველად, ადრე შუა საუკუნეებიდან მოყოლებული თითქმის XVIII საუკუნის ბოლომდე, გვარსახელში სახელი ძირითადად ნათესაობით ბრუნვაში იდგა. მრავალი გვარსახელი, დღეს რომ -შვილი სუფიქსს ირთავს, თავდაპირველად -ძე სუფიქსით იწარმოებოდა. ამასთანავე, შინაარსობრივად ამ ორ სუფიქსს შორის სხვაობა არ არის. ძველქართულში უფრო "ძე" გამოიყენებოდა, ახალ ქართულში კი - "შვილი".

მამაკაცის სახელებს ერთვის სხვა ქართული სუფიქსებიც: -იან (-ან), -ურ (-ულ), -იან, -უან, -ვან (-ოვან) სუფიქსებს ირთავდა აგრეთვე სამეგრელოში დღეს გავრცელებული გვარსახელები. აქაურმა გვარებმა ბოლო "ნ" თანხმოვანი დაკარგა დიდი ხნის წინ და მივიღეთ -ია (-აია), -უა, და -ა (-ვა) სუფიქსები. რამდენიმე მეგრულ გვარს აწარმოებს - სკირი სუფიქსი, რაც ქართულ -შვილს შეესატყვისება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ -იან (-ან) ფორმა თუ დღეს გვარსახელებს ძირითადად სვანეთსა და ლეჩხუმში, ნაწილობრივ რაჭასა და სამეგრელოში აწარმოებს, თავდაპირველად, VIII საუკუნემდე ეს სუფიქსი გვარსახელებს აწარმოებდა საქართველოს ყველა კუთხეში (იგივე შეიძლება ითქვას -ურ (-ულ) და -ეთ (თ) სუფიქსების შესახებაც). აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია აღნიშნავდა, რომ -იან (-ან) სუფიქსიანი ფორმა ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს ყველა კუთხეში "და იგი აქ ფეოდალიზმმა (ფეოდალურმა ინდივიდუალიზმმა) ამოაგდო, როდესაც, კერძოდ, ფეოდალური საკუთრება საბოლოოდ დამკვიდრდა".

განვითარებულ და გვიან შუა საუკუნეებში -იან (-ან) ფორმატს ისეთივე დატვირთვა და შინაარსი ჰქონდა, როგორც -ძე და -შვილი სუფიქსებს. ამრიგად, აღნიშნული სუფიქსი საერთო ქართულ-ქართველური სუფიქსია და არა მხოლოდ მისი ერთი რომელიმე მხარისთვის დამახასიათებელი. შუა საუკუნეების ქართულ საბუთებს თუ დავაკვირდებით, იმასაც აღმოვაჩენთ, რომ ხშირად ერთსა და იმავე გვარში -შვილი და -იან სუფიქსები ერთმანეთს ენაცვლებოდა. ერთ საბუთში ერთი გვარი ხან დედაბრიანად და ხან დედაბრიშვილად იყო ჩაწერილი. აღმოსავლეთ საქართველოს ხალხურმა სამეტყველო ენამაც გვარსახელებში -იან (-ან) ფორმანტი დღემდე შემოინახა. XVIII საუკუნის აღწერის დავთრებშიც კი - უთნელიშვილი, დვალიშვილი, ყველაშვილი ჩაწერილია ასე: უთნელიანი, დვალიანი, ყველიანი... ანალოგიური მაგალითები დიდი რაოდენობით შეიძლება მოვიხმოთ. -შვილი სუფიქსს -თი სუფიქსიც ენაცვლებოდა, მაგალითად, 1833 წლის სოფელ ქაიხევის (არაგვის ხეობის მთისწინეთი) საეკლესიო გლეხების აღწერაში პაპაშვილები პაპათის ფორმით არიან ჩაწერილი. როგორც აღვნიშნეთ, სამეგრელოშიც -იან (-ან) სუფიქსი იყო გაბატონებული: კვარაცხელიები კვარაცხელიანები იყვნენ, გაბუნიები - გაბუნიანები, გობეჩიები - გობეჩიანები და ა.შ.

-ელ სუფიქსიანი გვარსახელები სადაურობის ტიპის გვარებს მიეკუთვნება. მისი ფარდია -არ სუფიქსი. ასეთი გვარების ფუძეს ადგილის სახელი (ტოპონიმი) უდევს: ბოტკოველი სოფელ ბოტკოდან მომდინარეობს, იშხნელი - იშხანიდან, მაჩხანელი - მაჩხაანიდან, ხიდურელი - ხიდურიდან...

საკუთარ სახელებს ერთვის -ურ (-ულ) სუფიქსიც. ცისკარაული, ანთაური, გიგაური ცისკარას, ანთას, გიგას კუთვნილს, მათ შთამომავალს ნიშნავს.

ასევე წაიკითხეთ: იპოვე შენი გვარი და შენი წარსული - ინფორმაცია, რომელსაც საკუთარ ფესვებზე უნდა ფლობდე

- გვარების ფუძეების მიხედვით კლასიფიკაციაც აღნიშნეთ. იქნებ ამაზე გვესაუბროთ.

- ქართული გვარსახელები ფუძეების (ძირეული სიტყვების) მიხედვით ძირითადად ოთხ ჯგუფად იყოფა: ეპონიმიურ, ეთნონიმიურ, გეოგრაფიულ (ტოპონიმიურ) და პროფესიულ გვარსახელებად. ამ ოთხი ჯგუფის გვარსახელებიდან პრიორიტეტი ეპონიმიურ გვარსახელებს ეკუთვნის. ეპონიმიური ტიპის გვარსახელია ყველა ის, რომელთაც საფუძვლად ინდივიდუალური (პიროვნული) სახელი უდევს: აბრამია, აბრამიძე, აბრამიშვილი; ბარამია, ბარამიძე, ბარამაშვილი; ზვიადაური, ზვიადაძე; კახაია, კახაძე, კახაშვილი, ქურდიანი, ქურდაძე, ქურდაშვილი... ეთნონიმიურ გვარსახელებს მიაკუთვნებენ ისეთ მემკვიდრეობით სახელებს, როლებსაც ფუძედ ეთნონიმები (ხალხთა სახელები) უდევს: ბერძენიშვილი, თათრიშვილი, თურქიაშვილი, ფრანგიშვილი, არაბაშვილი, ჩერქეზიშვილი, ლეკიშვილი... მაგრამ ბევრ მათგანს საფუძვლად ასევე პიროვნული სახელები აქვთ.

უბრალოდ, ჩვენში ეთნონიმიური პიროვნული სახელებიც იყო გავრცელებული, მაგალითად, ბერძენა, თათარა, თურქია, ფრანგა, არაბა, ლეკია... გეოგრაფიული ანუ ტოპონიმიური ტიპის გვარსახელებია: მარგველაშვილი, გრემელაშვილი, დიღმელაშვილი, ჩოხელი, ლიქოკელი, მეტრეველი, ლიჩელი... ისევე როგორც ყველა ხალხს, ქართველ ხალხსაც ბევრი აქვს ისეთი გვარსახელი, რომელსაც საფუძვლად პროფესიის, ხელობის, თანამდებობის აღმნიშვნელი ტერმინები უდევს. ასეთ გვარსახელებს, ჩვეულებრივ, პროფესიული ტიპის გვარსახელებს უწოდებენ: ქილიფთარი (მეღვინე), მუჯირი ("ხორბლის მნე"), ქალანთარი (ქალაქის თავი), ჯოლბორდი (ისრის მთლელი), თოფჩიშვილი, თოფჩიძე (მეთოფე, მეზარბაზნე), ქურქჩიშვილი (ქურქების ოსტატი), ხაბაზი, ხაბაზიშვილი (მეპურე), ჩილინგარიშვილი (ჩილინგარი - ზეინკალი). მჭედლიანი, მჭედლიძე, მუშკუდიანი, ჭკადუა, მეკოკიშვილი, მესტვირიშვილი, მეყანწიშვილი და ბევრი სხვა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

საქართველოში "ბრიტანული შტამის" 3 შემთხვევაა დადასტურებული - "სერიოზული კვლევა მიდის, 31 ადამიანის შემთხვევაში დიდი ალბათობით მუტირებული შტამია"

"ფაიზერზე ჯერ არ ვიცით ზუსტი თარიღი, "ასტრაზენეკასთან" კი კონტრაქტები გაფორმებულია, თუ არ დაგვაღალატეს, რამდენიმე ასეული ათასი დოზა უნდა მივიღოთ" - რა პასუხი აქვს მთავრობას ვაცინების შემოტანაზე

"ცხოვრებამ ეს სიმძიმე არ აკმარა..." - 15 წლის ნინი დიაკონიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება